20-წლამდელ თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გუნდური მესამე ადგილი დაიკავა

08 ივლისი 2024

საქართველოს 20-წლამდელ თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ნოვი სადში (სერბეთი), სადაც ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობდნენ, ოთხი მედალი მოიპოვა.

ჩვენი გუნდიდან ყველაზე შორს წავიდა ამავე ასაკობრივ ჯგუფში მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანი გიორგი გოგრიჭიანი (74 კგ), რომელმაც ფინალში დასანანი მარცხი განიცადა უკრაინელ ვადიმ ცურკანთან (11:12) და კვარცხლბეკის მეორე საფეხურზე ასვლა მოუწია.

ნაკრებში შედეგიანი გამოსვლა ჰქონდათ გოგა ოთინაშვილს (70 კგ), რამინ გულიტაშვილს (97 კგ) და ალექსანდრე აბრამიშვილს (125 კგ). სამივე მათგანმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

საქართველოს ნაკრებმა ერთი ვერცხლის და სამი ბრინჯაოს მედალთან ერთად, გუნდურ ჩათვლაში 99 ქულით მესამე ადგილი დაიკავა. პირველზე გავიდა აზერბაიჯანი (132), მეორეზე - თურქეთი (125).