ევროპის ჩემპიონატი საქართველოს ჰიმნით დასრულდა
24 სექტემბერი 2012
ხორვატიის ქალაქ პორეჩში დასრულდა ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში ახალგაზრდებს შორის, სადაც ქართველმა კიმონოისტებმა მედლები ექვს წონით კატეგორიაში მოიპოვეს.
მძიმეწონოსანმა ლევან მატიაშვილმა ევროპირველობის ბოლო საშეჯიბრო დღეს ნავსი გატეხა და ოქროს მედალთან ერთად ჩემპიონატი საქართველოს ჰიმნით დაასრულა. საჩემპიონო გზაზე ქართველმა ძიუდოისტმა ესტონელი, თურქი, რუსი, ნახევარფინალსა და ფინალში ორჯერ უკრაინელი მეტოქეები დაჯაბნა და კვარლცხბეკის უმაღლეს საფეხურზე დამსახურებულად ავიდა.
მანამდე ოთხმა ქართველმა ლერი ჭელიძემ, ვაჟა მარგველაშვილმა, ფრიდონ გიგანმა და ბექა ღვინიაშვილმა გადამწყვეტი შეხვედრები დათმეს და ვერცხლის მედლებს დასჯერდნენ, ხოლო ბრინჯაო ლევან გუგავამ და გურამ თუშიშვილმა მოიპოვეს.
საქართველოს ნაკრებმა საერთო გუნდურ ჩათვლაში რუსეთისა და საბერძნეთის შემდეგ მესამე ადგილი დაიკავა.






