23-წლამდელ მოკრივეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე სამივე ხარისხის მედალი მოიპოვა

22 ოქტომბერი 2024

საქართველოს 23-წლამდელ მოკრივეთა ნაკრებისთვის შედეგიანი გამოდგა ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში დასრულებული ევროპის ჩემპიონატი. ჩვენმა გუნდმა ევროპულ რინგზე სამივე ხარისხის მედალი მოიპოვა, მათ შორის კვარცხლბეკზე ავიდა საქართველოს გოგონათა ნაკრების წარმომადგენელიც.

საქართველოს ნაკრებიდან საუკეთესო შედეგს მიაღწია გორ აივაზიანმა (57 კგ). მომავალმა ჩემპიონმა ფინალამდე ბულგარელ, უკრაინელ, ირლანდიელ და ინგლისელ მეტოქეებს მოუგო, გადამწყვეტ შეხვედრაში კი სომხეთის წარმომადგენელი რუსლან ასლიკიანი 4-1 დაამარცხა და კვარცხლბეკის პირველ საფეხურზე ავიდა.

ოქროს მედლამდე ნაბიჯი დააკლდა გოგონათა ნაკრების წარმომადგენელ თათია ბუკიას (81 კგ) - ფინალში გასული უკრაინელ ირინა ლუცაკთან დამარცხდა და ევროპის ჩემპიონატი ვერცხლის მედლით დაასრულა.

ბრინჯაოს მედლით შარშანდელი შედეგი გაიმეორა გიორგი გუცაევმა (86 კგ). მომავალი პრიზიორი ბრძოლაში მერვედფინალიდან ჩაება და ირლანდიელ კიან ჰედერმანს აჯობა, რასაც მეოთხედფინალურ ეტაპზე სერბ მარკო პიზურიცასთან გამარჯვებაც მოჰყვა. თუმცა, სამწუხაროდ, ნახევარფინალში ინგლისელ ტინ სტოტთან დამარცხდა და მესამე ადგილზე გავიდა.

შედეგად, საქართველოს ნაკრებმა, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე 12 მოკრივით იყო წარმოდგენილი, სამივე ხარისხის თითო მედლით საერთო გუნდურ ჩათვლაში მეცხრე ადგილი დაიკავა.