23-წლამდელ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატი ოქროს, ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედლით დაიწყო

23 ოქტომბერი 2024

საქართველოს 23-წლამდელ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ტირანაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატი წარმატებით დაიწყო - ოქროს, ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

საუკეთესოდ იასპარეზა გიორგი ჩხიკვაძემ (72 კგ). ევროპის მოქმედი ჩემპიონი თავიდან ბოლომდე დამაჯერებლად გამოიყურებოდა. საკვალიფიკაციო წრეში: 6-0 დაამარცხა პოლონელი მოწინააღმდეგე, შემდეგ საბერძნეთის (14-5) და ნეიტრალური ქვეყნის (4-0) წარმომადგენლები. ნახევარფინალში 7-0 მოუგო ყირგიზ მოწინააღმდეგეს, ოქროს მედლისთვის შეხვედრაში კი 3-1 გაიმარჯვა სომეხ შანტ ხაჩატრიანთან და საქართველოს ჰიმნი ააჟღერა.

ასეთივე შედეგამდე ნაბიჯი დააკლდა  ევროპის ჩემპიონატების ორი ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედლის მფლობელ დიეგო ჩხიკვაძეს (67კგ). მომავალი ფინალისტი შეჯიბრს კვალიფიკაციიდან შეუდგა. იოლი გამარჯვებები მოიპოვა ფრანგ (9-0) და მოლდაველ (8-0) მეტოქეებთან. მეოთხედფინალში 2-1 გაიმარჯვა სომხეთის წარმომადგენელთან. ბოლოს აღებული ქულის უპირატესობით გადალახა ნახევარფინალური ბარიერი ნეიტრალური ქვეყნის წარმომადგენელთან (4-4), მაგრამ სამწუხაროდ გადამწყვეტ შეხვედრაში 1-6 დამარცხდა  ყირგიზ რაზაკ ბეიშეკეევთან და კვარცხლბეკის მეორე საფეხურზე ავიდა.

მსოფლიო ჩემპიონატზე მისთვის მეორე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ფრიდონ აბულაძემ (60კგ). მესამე ადგილისთვის შეხვედრაში 9-1 მოუგო ინდოელ მეტოქეს. ასევე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა დათა ჩხაიძემ (82 კგ), რომელმაც 9-1 დაამარცხა აზერბაიჯანელი ელმინ ალიევი.

საქართველოს ნაკრები ასპარეზობას აგრძელებს დარჩენილ ხუთ წონით კატეგორიაში.