23-წლამდელ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე გუნდური მეორე ადგილი დაიკავა

24 ოქტომბერი 2024

საქართველოს 23-წლამდელ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ტირანაში გამართული  მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნით დღეს ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა - საპრიზო ადგილები დაიკავეს აჩიკო ბოლქვაძემ (87 კგ) და გიორგი ცოფურაშვილმა (130 კგ).

ბოლქვაძემ იოლად გადალახა საკვალიფიკაციო წრე - ზედიზედ მოუგო ჩინელ (9-0) და ინდოელ (8-4) მეტოქეებს, მაგრამ, სამწუხაროდ, 2-11 დამარცხდა მომავალ ფინალისტთან, ნიდერლანდელ მარსელ სტენკერბურგთან და ასპარეზობა რეპეშაჟში გააგრძელა. ქართველმა ფალავანმა ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი წარმატებით გამოიყენა - ჯერ თურქი მეტოქე დაამარცხა 9-0, გადამწყვეტ შეხვედრაში კი ბოლოს აღებული ქულის უპირატესობით (4-4) გაიმარჯვა ირანელ იასინ ალი იაზდისთან და კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე ავიდა.
განსხვავებული გზით მივიდა მედლამდე გიორგი ცოფურაშვილი. პირველივე შეხვედრაში მომავალ ფინალისტთან, ნეიტრალური ქვეყნის წარმომადგენელთან დამარცხდა და რეპეშაჟზე გადაერთო. ქართველმა მძიმეწონოსანმა ბრინჯაოს ნახევარფინალში დამაჯერებლად - 5-0 დაამარცხა აშშ-ის წარმომადგენელი, გადამწყვეტ შეხვედრაში კი ბოლოს აღებული ქულის უპირატესობით სომეხ მეტოქესთან გაიმარჯვა და მესამე ადგილი დაიკავა.

ერთი დღით ადრე მსოფლიოს ჩემპიონი გახდა გიორგი ჩხიკვაძე (72 კგ), ვერცხლის მედლით დაასრულა გამოსვლა დიეგო ჩხიკვაძემ (67 კგ), ხოლო ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს ფრიდონ აბულაძემ (60 კგ) და დათა ჩხაიძემ (82 კგ).

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებმა თითო ოქროს და ვერცხლის და ოთხი ბრინჯაოს მედლით გუნდურ ჩათვლაში 121 ქულა დააგროვა და მეორე ადგილი დაიკავა.