შეხვედრა მოჭიდავეებთან ევროპის ჩემპიონატის წინ
14 მარტს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა - ლევან ყიფიანმა, მოადგილე თამაზ თევზაძესთან, ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ - ლერი ხაბელოვთან და ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ - ლუკა კურტანიძესთან ერთად, ბორჯომში დასკვნით შეკრებაზე მყოფი საქართველოს მოჭიდავეთა ეროვნული ნაკრების წევრები მოინახულა.
თბილისში 19-24 მარტს გასამართი ევროპის ჩემპიონატისთვის გენერალურ მზადებას საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრები ბორჯომში სპორტკომპლექს "ოლიმპში" გადიან.
ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე ორივე ნაკრების მწვრთნელებმა ის შემადგენლობები დაასახლეს, რომლითაც კონტინენტის პირველობაზე წარსდგებიან.
თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი - რევაზ მინდორაშვილიშემადგენლობის შერჩევისას ძირითადად საქართველოს ჩემპიონატის შედეგებს დაეყრდნო. ბერძენ-რომაელთა მთავარი მწვრთნელი - ბეგი დარჩია კი ზუსტად იმ ექვსეულს აჭიდავებს, რომლითაც ნაკრები ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე გამოვიდა. ერთადერთი, ვინც ნაკრებს დაემატა და ლონდონში არ გამოსულა ლაშა გოგიტაძეა (55 კგ).
„თავისუფალთა" ნაკრები ბორჯომიდან თბილისში 17 მარტს დაბრუნდება და სასტუმრო "ჰოლიდეი ინში" დაბინავდება. 18-ში ტურნირის კენჭისყრა გაიმართება, 19-22 მარტს კი ევროპის ჩემპიონ-პრიზიორები შვიდივე წონით კატეგორიაში გამოვლინდებიან. 19 მარტს მედლები 66 და 96 კილოგრამებში გათამაშდება, 20 მარტს - 55 და 60 კილოგრამებში, 21-ში - 74 და 120, ხოლო 22-ში-84 კილოგრამში.
ბეგი დარჩიას გუნდი ბორჯომიდან 21-ში დაბრუნდება, 23 მარტს ჩემპიონატში 55, 60, 96 და 120კგ. წონითი კატეგორიის მოჭიდავეები ჩაებმევიან, 24 მარტს კი ჩემპიონ-პრიზიორებს 66, 74 და 84კგ წონითი კატეგორიის მოჭიდავეები გამოავლენენ.
www.msy.gov.ge






