ლევან თედიაშვილი სეოკ-ში დააფასეს
ბუმბერაზ მოჭიდავეს, ქართული სპორტის ლეგენდას ლევან თედიაშვილს 65 წელი შეუსრულდა. თავისუფალ ჭიდაობაში ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონს (მიუნხენი 1972, მონრეალი 1976), მსოფლიოს ხუთგზის და ევროპის სამგზის ჩემპიონს, მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულს ეს საიუბილეო თარიღი საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში მიულოცეს.
ლევან თედიაშვილის დასაფასებლად სეოკ-ის ოფისში ოლიმპიური ჩემპიონები და ქართული სპორტის ხელმძღვანელები შეიკრიბნენ. იუბილეს ოფიციალური ნაწილი სეოკ-ის თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ მუზეუმში ქართველ ოლიმპიურ ჩემპიონებზე ჟურნალისტ თამარ ბალავაძის მიერ მომზადებული პროექტის - „ერთი ჩემპიონის ისტორიიდან" ლევან თედიაშვილზე შექმნილი ფილმით დაიწყო, შემდეგ კი სეოკ-ის საპრესკონფერენციო დარბაზში ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდდენტმა ლერი ხაბელოვმა იუბილარი ქართულ სპორტში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის სეოკ-ის უმალესი ჯილდო - ოლიმპიური ორდენი და ფულადი პრემია გადასცა. ლევან თედიაშვილს საიუბილეო თარიღი მიულოცეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილემ თამაზ თევზაძე, ოლიმპიურმა ჩემპიონმა რობერტ შავლაყაძემ, რომელსაც 1 აპრილს 80 წელი უსრულდება, სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა ნინო სალუქვაძემ, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა ლუკა კურტანიძემ, ჟურნალისტებმა პაატა ნაცვლიშვილმა და გია გოროძემ და სხვა ვეტერანმა სპორტმენებმა.
„ლევან თედიაშვილმა დიდებული ეპოქა შექმნა. მქონდა ბედნიერება ჯერ კიდევ პატარა სპორტმენს მისი მეთვალყურეობის ქვეშ მევარჯიშა. ლევანის აქტიური სპორტიდან წასვლის შემდეგ ქართულ ჭიდაობას ერთი პერიოდი ჩავარდნა ჰქონდა, შემდეგ კი მე და დავით გობეჯიშვილმა მივაღწიეთ წარმატებას. ლევან თედიაშვილი არა მხოლოდ ჭიდაობის, არამედ ქართული სპორტის ლეგენდაა და მის ნაკვალევზე მომავალი თაობები უნდა აღიზარდნონ"- აღნიშნა ლერი ხაბელოვმა.
თამაზ თევზაძემ თედიაშვილს მადლობა იმ ბრწყინვალე გამარჯვებებით გამოწვეული დიდი სიხარულისთვის გადაუხადა, რასაც ქართველი ფალავანი ქომაგებს წლების მანძილზე ანიჭებდა და დასძინა, რომ სამინისტრო მის სათანადოდ დაფასებას 19 მარტს თბილისში გასამართი ევროპის ჩემპიონატის გახსნის ცერემონიალზე აპირებს.
ლუკა კურტანიძის თქმით იგი ბედნიერია, რომ ლევან თედიაშვილის გაკვალულ გზაზე მოუხდა სიარული და ჭიდაობის ფედერაციის ვალია ასეთი სპორტსმენები მაქსიმალურად დააფასონ.
იუბილარს დაბადების დღე მიულოცა კომპანია „სოკარის" წარმომადგენელმაც.
ლევან თედიაშვილი ბოლო დროს ჩრდილში იყო და სასიხარულოა, რომ რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ იგი ქართული სპორტისკენ კვლავ შემობრუნდა.






