ლერი ხაბელოვი ნენად ლალოვიჩს შეხვდა

18 მარტი 2013

19-24 მარტს თბილისში ჭიდაობაში გასამართ ევროპის ჩემპიონატთან დაკავშირებით საქართველოს დედაქალაქს FILA-ს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი სერბი ნენად ლალოვიოჩი და ევროპის ფედერაციის პრეზიდენტი, ბულგარელი ცენო ცენოვი სტუმრობენ.

18 მარტს, კონტინენტის პირველობამდე ერთი დღით ადრე, ევროპელი საპატიო სტუმრები, ასევე საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ედიშერ მაჩაიძე სეოკ-ის პრესიდენტს ლერი ხაბელოვს და პირველ ვიცე-პრეზიდენტს ელგუჯა ბერიშვილს შეხვდნენ.

სეოკ-ის ოფისში გამართულ შეხვედრაზე ჭიდაობაში ბოლო დროს შექმნილ პრობლემებზე ისაუბრეს.

"ჭიდაობას თქვენს ქვეყანაში დიდი ტრადიციები აქვს და შემთხვევითი არაა, რომ თბილისი ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. დარწმუნებული ვარ, ამ საპასუხისმგებლო მისიას თავს ღირსეულად გაართმევთ. რაც შეეხება ჭიდაობაში არსებულ პრობლემებს, ვფიქრობ, ეს სააკითხიც დადებითად გადაწყდება. ახლახანს სოკ-ის პრეზიდენტ ჟაკ როგთან შეხვედრამაც იმედები ჩაგვისახა. სამწუხაროდ, დროის რაღაც პერიოდში ჭიდაობაში პროგრესი არ ხდებოდა, პირიქით - უკან დავიხიეთ, რაც გახდა საბაბი სპორტის ამ სახეობის ოლიმპიურ პროგრამაში ყოფნას კითხვის ნიშანი დასმოდა. 29 მაისს სანქტ-პეტერბურგში იმ სპორტის სახეობათა პრეზენტაციები გაიმართება, რომლებიც 2020 წელს ოლიმპიური თამაშების პროგრამაში მოსახვედრად იბრძოლებენ, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილება სექტემბერში ბუენოს-აირესში სოკ-ის სესიაზე გახდება ცნობილი. ჩვენ ორივე ღონისძიებისთვის სერიოზულად ვემზადებით და, ვფიქრობ, ჭიდაობისთვის ყველაფერი სასიკეთოდ გადაწყდება," - განაცხადა ნენად ლალოვიჩმა.

ლერი ხაბელოვის თქმით, ჭიდაობას არ უნდა გაუჭირდეს სოკ-ის დარწმუნება, რომ ოლიმპიური თამაშების პროგრამიდან არ ამოიღონ. "დარწმუნებული ვარ, ფილას ახალი პრეზიდენტი იმ შეცდომებს არ გაიმეორებს, რაც მისმა წინამორბედმა დაუშვა და საფრთხე შეუქმნა ჭიდაობის მომავალს. რეფორმები რომ აუცილებელია, ეს დღესავით ნათელია და მჯერა ამ კუთხით ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება. ნენად ლალოვიჩს ვუთხარი, რომ ჩვენის მხრიდან, რაც იქნება საჭირო, მაქსიმალურად მხარში ამოვუდგებით. არა მგონია, ოლიმპიური თამაშები ჭიდაობის გარეშე დარჩეს," - აღნიშნა ლერი ხაბელოვმა.

20 მაისს მოსკოვში ფილა-ს კონგრესი გაიმართება, სადაც ამ ორგანიზაციის პრეზიდენტს აირჩევენ და ის, დიდი ალბათობით, ნენად ლალოვიჩი იქნება.