ვალენტინ იორდანოვი - შეუპოვარი ჭიდაობაშიც და პროტესტშიც

28 მარტი 2013

"ეს ჯილდო ჩემთვის უძვირფასესია, მაგრამ მაინც გადავწყვიტე ოქროს მედალი პირადად საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტისთვის, ჟაკ როგესთვის დამებრუნებინა, რადგან წარმოიდგენლად მეჩვენება ოლიმპიური თამაშები ჭიდაობის გარეშე. გადავწყვიტე პროტესტი ამ ფორმით გამომეხატა"- ეს სიტყვები თავისუფალ ჭიდაობაში ატლანტის 1996 წლის ოლიმპიადის გამარჯვებულმა, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების 7-7-გზის ჩემპიონმა, ამჟამად ბულგარეთის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა ვალენტინე იორდანოვმა ამას წინათ სოფიაში გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე წარმოთქვა.

ვალენტინ იორდანოვი მართლაც ცოცხალი ლეგენდაა. აბა მსოფლიოში ბევრი სპორტსმენი დაიკვეხნის ასეთი მიღწევებით? ბულგარელი ფალავანი თბილისში გამართული ევროპის ჩემპიონატის დღეებში გვსტუმრობდა და მასთან ინტერვიუს შანსი geonoc.org.ge-მ და გაზეთმა "ლელომ" ხელიდან არ გავუშვით...

-ჭიდაობა თითქმის მთელს მსოფლიოშია გავრცელებული, ჩვენ ერთი დიდი ოჯახივით ვართ. ის სახალხო სპორტია და ხანდახან დაპირისპირებულ მხარეებსაც აერთიანებს, მაგალითად, ამერიკასა და იაპონიას ან თუნდაც ირანს. მე პროტესტი სოკ-ისთვის დაბრუნებული ოქროს მედლით გამოვთქვი და ამ ნაბიჯს არ ვნანობ, რადგან ვფიქრობ, რომ ჭიდაობის ოლიმპიური პროგრამიდან ამოღება გაუმართლებელია. ოქროს მედლის ასლი არ გამიკეთებია, სამახსოვროდ ფოტოები დავიტოვე - აღნიშნა იორდანოვმა საუბრის დასაწყისში.

- თუმცა თქვენს გადაწყვეტილებას მოწინააღმდეგეებიც გამოუჩნდნენ, თუნდაც საჭიდაო სამყაროში...

- ყველას თავისი აზრი აქვს. მე ისე მოვიქეცი, როგორც საჭიროდ ჩავთვალე. ჭიდაობა ბულგარეთისთვისაც ისეთივე ნაციონალური სპორტია, როგორც საქართველოსთვის. თანაც ბულგარეთის პირველი მსოფლიოს და ოლიმპიური ჩემპიონი სწორედ მოჭიდავეა. მივიჩნიე, რომ ჩემი პოზიცია უნდა დამეფიქსირებინა. ვინ დამეთანხმება და ვინ არა ეს მისი ნებაა.

     ფილა-ს დროებითმა პრეზიდენტმა ნენად ლალოვიჩმაც მოგვიწოდა პროტესტის ამ ფორმისთვის არ მიგვემართა, მაგრამე მე გადაწყვეტილება საკუთარი გულის და გონების კარნახით მივიღე. მედლის უკან აღებაზე არც ვფიქრობ. სპორტის ამ სახეობაში მილიონობით ბავშვი ვარჯიშობს და სოკ-ის გადაწყვეტილება ნიშნავს მათ ოცნება ჩავუკლათ.

 

-    როგორ ფიქრობთ დარჩება ჭიდაობა ოლიმპიურ ოჯახში?

- იმედი მაქვს, რადგან ბევრი მხარდამჭერი გვყავს.

პოლიტიკოსები, სენატორები, სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტები...

    - რატომ გამოუცხადეთ პროტესტი სოკ-ის და არა FILA-ს, რომლის მიზეზითად აღმოჩნდა ჭიდაობა ამ მდგომარეობაში?

    - პროტესტს ვისი მისამართით გამოვთქვამთ ეს იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, რამდენადაც ჭიდაობა დარჩეს ოლიმპიური თამაშების პროგრამაში.

     - თქვენი აზრით რა რეფორმებია საჭირო იმისათვის, რომ ჭიდაობა კვლავ თავის სიმაღლეზე ავიდეს?

    - აუცილებლად უნდა შეიცვალოს წესები, გამოსასწორებელია მსაჯობაც. ასე ხელაღებით ვერ ვიტყვი, რომ ჭიდაობაში კორუფციაა, მაგრამ სამართლიანობის დეფიციტი არ უნდა არსებობდეს.

    - თქვენს კარიერაზეც გკითხავთ. რის ხარჯზე მიაღწიეთ ამ წარმატებებს და მოპოვებული მედლებიდან რომელია თქვენთვის განსაკუთრებული?

    - მუდამ გამარჯვების წყურვილი მამოძრავებდა და როცა გუილტ გინდა აუცილებლად გამოგივა. მებრძოლი ხასიათი მქონდა და ტექნიკის სიმწირესაც არ ვუჩიოდი.

გამოვარჩევდი 1983 წელს კიევში მოპოვებულ პირველ მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს. ბუნებრივია, ატლანტის ოლიმპიური თამაშებსაც განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ჩემს სპორტულ კარიერაში.

 

დაბოლოს, ევროპის ჩემპიონატზეც გკითხავთ. რამდენად კმაყოფილი დარჩით ორგანიზებით, მოგეწონათ ტურნირი?

- საქართველოში ყოველთვის მიხარია ჩამოსვლა. თბილისში ამ დარბაზშიც მიჭიდავია, როდესაც თქვენი ტურნირი ერთ-ერთი უძლიერესი იყო მსოფლიოში. ქართველებიდანაც ბევრთან ვმეგობრობ. მაგალითად ლერი ხაბელოვთან და დავით გობეჯიშვილთან, რადგან ერთ პერიოდში ვჭიდაობდით.

ორგანიზებით კმაყოფილი დავრჩი. თქვენ ყველაფერი იღონეთ ჩემპიონატის მაღალ დონეზე ჩასატარებლად.

 

                                                                                                                                                   geonoc.org.ge

                                                                                                                                                   გაზეთი "ლელო"