ქართველმა წყალბურთელებმა პირველობა არავის დაუთმეს
დასრულდა ევროპის ჩემპიონატის პირველი შესარჩევი ეტაპი წყალბურთში, რომლის "ა" ჯგუფის მატჩებსაც თბილისი მასპინძლობდა. საწყლოსნო კომპლექს "ოლიმპიკში" მომდევნო ეტაპზე გასასვლელად ერთმანეთს საქართველოს, სლოვაკეთის, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთისა და ჩეხეთის გუნდები ეცილებოდნენ.
საქართველოს ნაკრებმა ტურნირი მძლავრად დაიწყო და საწყის მატჩში დიდი ბრიტანეთის ძლიერ გუნდს 12:3 მოუგო. ამ გამარჯვებით ვლადიმერ ისელიძის გაწვრთნილებმა ჯგუფში პირველი ადგილის დასაკავებლად უდიდესი ნაბიჯი გადადგეს.
მეორე ტურში ერთმანეთს ჯგუფის ლიდერები საქართველოსა და სლოვაკეთის გუნდები დაუპირისპირდნენ. შეხვედრა დაძაბულად წარიმართა და ფრედ 7:7 დასრულდა.
მომდევნო შეხვედრაში ჯვაროსნებმა პოლონეთის კარგი გუნდი სოლიდური სხვაობით 16:10 დაამარცხეს და ბოლო ტურის წინ ჩვენი ნაკრები მარტივი ამოცანის წინაშე იდგა - აუტსაიდერ ჩეხეთთან ნებისმიერი ანგარიშით გამარჯვება ჯგუფში პირველ ადგილს გვიბევებდა. ქართველმა წყალბურთელებმა ეს შანსი ხელიდან არ გაუშვეს და მეტოქე 16:5 დაამარცხეს.






