ორი ბრინჯაო ტირანადან

15 აპრილი 2013

ტირანაში დასრულდა ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში, სადაც საქართველოდან ხუთი სპორტსმენი მონაწილეობდა.

ალბანეთის დედაქალაქში ფიცარნაგზე შარშანდელი ევროპის ჩემპიონი რაულ ცირეკიძე (85კგ), ბრინჯაოს პრიზიორი ირაკლი თურმანიძე (მძიმე წონა), დისკვალიფიკაციამოხდილი ალბერტ კუზილოვი (105კგ), დავით გოგია (105კგ) და ვაჟა ღონღაძე (94კგ) გავიდნენ.

სამწუხაროდ, რაულ ცირეკიძემ ტიტული ვერ შეინარჩუნა. მართალია ქართველმა ძალოსანმა შარშანდელი შედეგი 5 კილოგრამით გააუმჯობესა და ორჭიდის ჭამში 370 კილო დააგროვა, მაგრამ ეს საკმარისი მხოლოდ ბრინჯაოს მედლისთვის აღმოჩნდა.

საქართველოს ნაკრებს მეორე მედალი და ისიც ბრინჯაო დავით გოგიამ მოუტანა, რომელმაც ორჭიდის ჯამში 401 კილოგრამი დააგროვა.
ალბერტ კუზილოვმა 180 კილოგრამიანი სიმძიმე ოდენ მესამე ცდაზე დაიმორჩილა, ხოლო აკვრაში შედეგი ვერ აჩვენა.

ვაჟა ღონღაძემ მე-7 ადგილი დაიკავა, ხოლო ირაკლი თურმანიძეს ბრინჯაოს მედლამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა და მეოთხე ადგილს დასჯერდა.