ათენი 1896

22 ივნისი 2012

 ოლიმპიური თამაშები 1896წ. 6-15 აპრილი. ათენი, საბერძნეთი.

მონაწილეობდა 14 ქვეყნის 245 სპორტსმენი (მხოლოდ კაცები).

თამაშები ათენის მარმარილოს სტადიონზე ოფიციალურად გახსნა საბერძნეთის მეფემ გიორგიოს პირველმა.

სპორტის სახეობათა რაოდენობა: 9

გათამაშებული მედლები: 43

ქვეყნები და მედლები:

  • აშშ (11, 7, 1);
  • საბერძნეთი (10 ოქრო, 19 ვერცხლი, 18 ბრინჯაო);
  • გერმანია (7, 5, 2);
  • საფრანგეთი (5, 4, 2);
  • დიდი ბრიტანეთი (3, 3, 1);
  • უნგრეთი (2, 1, 3);
  • ავსტრია (2, 0, 3);
  • ავსტრალია (2, 0, 0);
  • დანია (1, 2, 4);
  • შვეიცარია (1, 2, 0).

ოლიმპიადის გმირი: სპირიდონ ლუისი (საბერძნეთი, მძლეოსნობა).

1894 წლის 16 ივნისს პარიზში, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის კონგრესზე გადაწყდა, რომ თანამედროვეობის პირველი თამაშები ათენში გამართულიყო. მაგრამ საბერძნეთის მთავრობა ამ ამბავს მოწონებით არ შეხვედრია. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა კარილაოს ტრიკუპისმა იმავე წლის ოქტომბერში სოკ-ის პრეზიდენტს დიმიტრიოს ვიკელასს სთხოვა, კვლავ დაჰბრუნებოდნენ ამ საკითხს. თანამედროვე ოლიმპიური მოძრაობის მესაძირკვლე, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გენერალური მდივანი პიერ დე კუბერტენი მეორე დღესვე ათენისკენ გაემართა გემით. იგი უკვე სერიოზულად ფიქრობდა ოლიმპია-დის ბუდაპეშტში გადატანაზე, მაგრამ, მეორე მხრივ, აღორძინებული ოლიმპიური თამაშების საბერძნე-თის ფარგლებს გარეთ ჩატარება ამ გრანდიოზულ ასპარეზობას უკარგავდა სიმბოლურ მნიშვნელობას, საერთაშორისო ეპოქალურ რეზონასს და ჩვეულებრივ, წარსულ ტრადიციებს მოწყვეტილ შეჯიბრებად აქ-ცევდა. კუბერტენს კი თამაშების ათენში გამართვით სურდა, აეღორძინებინა ანტიკური ოლიმპიადების სულისკვეთება, მათი როლი და მნიშვნელობა საზოგადოების ცხოვრებასა და განვითარებაში.

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა ბარონ კუბერტენს განუცხადა, რომ უსახსრობის გამო მისი ქვეყანა თამაშებს ვერ უმასპინძლებდა. გამოსავალი თითქოს არ ჩანდა, მაგრამ ოლიმპიადა იხსნა საბერძნეთის სამეფო ოჯახმა. მართალია, მეფე გიორგიოს პირველი იმ დროს რუსეთს სტუმრობდა, მაგრამ სამეფო კარის სახელით მემკვიდრე უფლისწულმა, სპარტის ჰერცოგმა, 26 წლის კონსტანტინემ მასთან კუბერტენის აუდი-ენციის შემდეგ განაცხადა, რომ სამეფო სახლეული მხარს უჭერდა ოლიმპიადას და ყველაფერს იღო-ნებდა საჭირო თანხების მოსაზიდად. პრინცი კონსტანტინე თავად ჩაუდგა სათავეში საორგანიზაციო კომი-ტეტს. სამეფო ოჯახის მხარდაჭერასთან ერთად, საქმის სასიკეთოდ შემობრუნებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა რამდენიმე მომენტმა: იმან, რომ, კუბერტენის შორსმჭვრეტელური გადაწყვეტილებით, სოკ-ს სათავეში ბერძენი პრეზიდენტი ედგა; რომ ცნობილმა ბერძენმა მილიონერმა და მეცენატმა, ალექსანდრიელმა დიდვაჭარმა გიორგიოს ავეროფმა მილიონი დრაჰმა გაიღო ძველი წელთაღრიცხვის 330 წელს აგებული პანათენური სტადიონის რეკონსტრუქციისათვის; იმანაც, რომ მოულონელად გაჩნდა ოლიმპია-დებისადმი მიძღვნილი საფოსტო მარკების გამოშვების იდეა, რომელიც ორი წლის შემდეგ განხორ-ციელდა და ორგანიზატორ ქვეყანას ოლიმპიადის ჩასატარებლად ფინანსური სახსარი მისცა. მთლიანად ოლიმპიადის გამართვა 3 მილიონ 740 ათასი დრაჰმა დაჯდა, რაც მაშინდელი კურსით 542 300 მაშინდელი დოლარი იყო. ამ თანხიდან 332 ათასი დრაჰმა უცხოეთში მცხოვრებმა ბერძნებმა შეუგროვეს საორგანიზაციო კომიტეტს, 400 ათასი დრაჰმა კი საფოსტო მარკებიდან შემოვიდა.

ოლიმპიური დღესასწაული დაიწყო 5 აპრილს (იულიუსის კალენდრით - 24 მარტს), წითელ პარასკევს, დილის 11 საათზე, როცა მისივე ხარჯით რეკონსტრუირებული და მისივე სახელობის ანტიკური სტადიონის წინ გაიხსნა გიორგიოს ავეროფის ძეგლი. თამაშების საზეიმო გახსნა კი მეორე დღეს, 6 აპრილს, დღის 3 საათზე მოეწყო.

თანამედროვეობის პირველი თამაშები გახსნა და აკურთხა საბერძნეთის მეფემ გიორგიოს პირველმა. სპიროს სამარას ჰიმნი მაყურებელთა მოთხოვნით 250-კაციანმა ორკესტრმა ორჯერ შეასრულა. ასპარეზობის სა-ზეიმო გახსნას 80 ათასი მაყურებელი დაესწრო, რომელთაგან, როგორც მაშინდელი გაზეთები წერდნენ, მეოთხედი უცხოელი იყო. ეს ციფრები სარეკორდოდ ითვლებოდა 1932 წლის ოლიმპიადამდე.

იმ 34 ქვეყნიდან, რომელთაც ანტიკური ოლიმპიადების აღორძინება ითავეს, თანამედროვეობის პირველ თამაშებში 14 მონაწილეობდა, უფრო სწორად - წარმოდგენილი იყო, რადგან ათლეტები ქვეყნებმა კი არ მიავლინეს, ინდივიდუალურად მონაწილეობდნენ. მათმა უმეტესობამ თავად გაიღო მგზავრობისა თუ ათენში ცხოვრებისთვის საჭირო ხარჯები, ზოგიერთი კი საბერძნეთში ტურისტად ჩავიდა. პირველ ოლიმპიადაზე წარმოდგენილი იყო ავსტრალია, ავსტრია, ამერიკის შეერთებული შტატე-ბი, გერმანია, დანია, დიდი ბრიტანეთი (ირლანდიასთან ერთად), ეგვიპტე, იტალია, კვიპროსი, საფრან-გეთი, უნგრეთი, შვეიცარია, შვედეთი და, რაღა თქმა უნდა, თავად საბერძნეთი. წყაროებში ცალკეა გამოყოფილი სმირნა, ბერძნული ქალაქი თურქეთის ტერიტორიაზე (დღევანდელი იზმირი), რომლის სახელითაც ათენში ორი სპორტსმენი ასპარეზობდა. გარდა ამისა, შეჯიბრებაში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი გააკეთა ბელგიის, რუსეთისა და ჩილეს თითო წარმომადგენელმა, მაგრამ არცერთი მათგანი, რამდენიმე სხვა ქვეყნის არაერთი სპორტსმენის მსგავად, სტარტზე არ გამოსულა. მონაწილეთა ორი მესამე-დზე მეტი - 98 კაცი - ბერძენი იყო. გერმანიიდან ათენში ჩავიდა 19 სპორტსმენი, ამერი-კიდან - 14, საფრანგეთიდან - 13, დიდი ბრიტანეთიდან და ირლანდიიდან - 10 და უნგრეთიდან - 7. სამ-სამი ათლეტი გამოდიოდა ავსტრიიდან, დანიიდან და შვეიცარიიდან; საბერძნეთში თითო სპორტსმენი გაგზავნეს ავსტრალიამ, ეგვიპტემ, იტალიამ, კვიპროსმა და შვეიცარიამ. თამაშებში მონაწილეობა ვერ მიიღო იმ დროს ბევრმა ცნობილმა ათლეტმა, რადგან ოლიმპიადა არ იყო ჯეროვნად რეკლამირებული და ოფიციალური მიწვევაც ათლეტურმა საზოგადოებებმა მხოლოდ რამდენიმე თვით ადრე, წინა წლის დეკემბერში მიიღეს.

თანამედროვეობის პირველი ოლიმპიადის პროგრამაში შედიოდა სპორტის ცხრა სახეობა: მძლეოსნობა, ცურვა, ტანვარჯიში, ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, ძალოსნობა, ფარიკაობა, ჩოგბურთი, ველოსპორტი, სროლა. 1895 წლის იანვარში სოკ-ის მიერ გამოქვეყნებულ ბიულეტენსა და ოლიმპიადის პროგრამაში ჩართული იყო 9 სხვა სახეობაც (აფროსნობა, კრიკეტი, ნიჩბოსნობა, პენტატლონი, ჟე დე პომი, ფეხბურთი, ციგურაობა, ცხენოსნობა და წყალბურთი), მაგრამ, სხვადასხვა მიზეზით ათენში ამ სახეობებში შეჯიბრებები არ გამართულა. ამას გარდა, სორბონის კონგრესის ოლიმპიური თამაშების კომისიამ დაადგინა, რომ თამაშებზე ოლიმპიური ჯილდოთი აღნიშნულიყო წინა ოთხწლეულის საუკეთესო ალპინისტური ასვლა, მაგრამ ათენში ეს პრიზი არავისთვის მიუნიჭებიათ.
თანამედროვეობის პირველი ოლიმპიური მედლები შემდეგ სახეობებში გათამაშდა:

  • მძლეოსნობა - რბენა 100, 400, 800 და 1500 მეტრზე, მარათონული რბენა, სიმაღლეზე და სიგრძეზე ხტომა, სამხტომი, ჭოკით ხტომა, ბადროს ტყორცნა და სიმძიმის სროლა;
  • ველოსპორტი - ერთი წრე, სპრინტი 2000 მეტრზე, რბოლა 10000 მეტრზე და 100 კილომეტრზე, 12-საათიანი რბოლა და ინდივიდუალური რბოლა გზატკეცილზე;
  • სროლა - სამხედრო თოფით 200, ნებისმიერი თოფით 300, სამხედრო პისტოლეტით 25, პისტოლეტით 25, ნებისმიერი პისტოლეტით 30 მეტრზე;
  • ტანვარჯიში - ორძელი, ღერძი, ბჯენითი ხტომი, ტაიჭი, რგოლები, ბაგირზე (14 მ) ცოცვა (ღერძზე ვარჯიშში მხოლოდ გერმანიის გუნდი გამოვიდა);
  • ფარიკაობა - რაპირა, ხმალი და რაპირა ფარიკაობის მასწავლებელთათვის;
  • ჩოგბურთი - ერთეულთა და წყვილთა შორის;
  • ცურვა - ნებისმიერი სტილით 100, 500 და 1200 მეტრზე და 100 მეტრზე პირეოსის ნავსადგურში მდგარი გემების მეზღვაურთათვის;
  • ძალოსნობა - სიმძიმეების აწევა ორი და ცალი ხელით, წონითი კატეგორიების შეუზღუდავად;
  • ჭიდაობა - ანტიკური სტილით, წონითი კატეგორიების შეუზღუდავად.

თანამედროვეობის პირველი ოლიმპიური ასპარეზობა იყო წინასწარი გარბენი 100 მეტრზე, რომელიც 6 აპრილს, გახსნის ცერემონიის დამთავრებისთანავე, ოთხის ნახევარზე გაიმართა. შეჯიბრება მოიგო პრინს-ტონის უნივერსიტეტის სტუდენტმა, ამერიკელმა ფრენსის ლეინმა, თუმცა საბოლოოდ იგი უმედლოდ დარჩა.

თანამედროვეობის პირველი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა ირლანდიური წარმოშობის ამერიკელი ჯე-იმს კონოლი (1868-1957), ბოსტონელი სტუდენტი, სუფოლკის ათლეტური კლუბის წევრი, რომელმაც გაიმარჯვა სამხტომში. მისი შედეგი 13 მეტრი და 71 სანტიმეტრი, მთელი 1 მეტრით სჯობდა მეორე პრიზიორის, ფრანგი ალექსანდრ ტიუფერის მაჩვენებელს. კონოლიმ პირველ ოლიმპიადაზე სამხ-ტომში გამარჯვების გარდა, მეორე ადგილი გაიყო სიმაღლეზე და მესამე ადგილი დაიკავა სიგრძე-ზე ხტომაში. პირველ ოლიმპიადებზე ოქროს მედლები არ არსებობდა და გამარჯვებულებს სწორედ ვერცხლის მედლებით და ზეთისხილის რტოების გვირგვინებით აჯილდოებდნენ. მეორე პრიზიორს ზეთისხილის გვირგვინთან ერთად ბრინჯაოს მედალი გადაეცემოდა, მესამე პრიზიორს კი - მხოლოდ დიპლომი.
კონოლის გამარჯვებიდან ერთი საათის შემდეგ სპორტულ სამყაროს მეორე ოლიმპიური ჩემპიონი მო-ევლინა. ისიც ამერიკელი იყო: რობერტ გერეტმა გაიმარჯვა ბადროს ტყორცნაში, ერთ-ერთ ყველაზე „ბერ-ძნულ" სახეობაში, სადაც ბერძნები აშკარა ფავორიტებად ითვლებოდნენ. ზოგიერთი წყაროს მიხედვით, მომავალი ჩემპიონი სამშობლოში, უფრო მძიმე ბადროთი ვარჯიშობდა, რამაც ათენში გამარჯვება გაუ-ადვილა. პირველ ოლიმპიადაზე გერეტმა ბირთვის კვრის წინამორბედ სახეობაში - სიმძიმის გადაგდებაშიც გაიმარჯვა; გარდა ამისა, II ადგილი დაიკავა სიგრძეზე ხტომაში და ასევე II ადგილი გაიყო ჯეიმს კონოლისთან სიმაღლეზე ხტომაში.

XIX საუკუნის ბოლოს ბევრი უნივერსალური ათლეტი სპორტის სხვადასხვა სახეობაში ერთნაირი წარმატებით გამოდიოდა. მათგან 17 ათენშიც ასპარეზობდა. ოთხ სახეობაში გამოდიოდნენ: დანიელი ვიგო იენსენი (მძლეოსნობა, ტანვარჯიში, სროლა და ძალოსნობა), გერმანელი კარლ შუმანი (მძლეოსნობა, ტანვარჯიში, ძალოსნობა და ჭიდაობა) და ინგლისელი ლაუნჩესტონ ელიოტი (მძლეოსნობა, ტანვარჯიში, ძალოსნობა და ჭიდაობა), სამში - დანიელი ჰოლგერ ნილსენი (მძლეოსნობა, ფარიკაობა და სროლა) და უნგრელი მომჩილო ტოპავიცა (ჩოგბურთი, ძალოსნობა და ჭიდაობა). ორ-ორ სახეობაში იასპარეზეს ერთადერთმა ავსტრალიელმა ოლიმპიელმა ედვინ ჰაროლდ ფლეკმა (მძლეოსნობა და ჩოგბურთი), ავსტრიელმა ადოლფ შმალმა (ველოსპორტი და ფარიკაობა), ბერძნებმა გიორგიოს პაპასიდერისმა (მძლეოსნობა და ძალოსნობა), არისტოპულოს პეტმეზასმა (სროლა და ტანვარჯიში) და სოტირიოს ვერსისმა (მძლეოსნობა და ძალოსნობა), ბრიტანელმა ჯორჯ სტიუარტ რობერტსონმა (მძლეოსნობა და ჩოგბურთი), გერმანელებმა ფრიც ჰოფმანმა (მძლეოსნობა და ტანვარჯიში) და ადოლფ ფრიდრიხ „ფრიც" ტრაუნმა (მძლეოსნობა და ჩოგბურთი), დანიელმა ეუგენ შმიდტმა (მძლეოსნობა და სროლა), ფრანგებმა ალფონს გრიზელმა (მძლეოსნობა და ტანვარჯიში) და ალბინ ლერმუზიემ (მძლეოსნობა და სროლა), შვედმა ჰენრიკ სიობერგმა (მძლეოსნობა და ტანვარჯიში).

ათენის თამაშებმა გააცნო მსოფლიოს პირველი მრავალგზის ოლიმპიური ჩემპიონებიც: გერმანე-ლმა კარლ შუმანი ოთხგზის ჩემპიონის სახელი მოიპოვა - სამი გამარჯვება ტანვარჯიშში იზეიმა (პირადი შეჯიბრება ბჯენით ხტომაში და გუნდური - ორძელსა და ღერძზე), ერთი კი - ჭი-დაობაში. ჭიდაობაში წონითი კატეგორიები ჯერ არ არსებობდა და შუმანის გამარჯვებას არავინ ელოდა - იგი ასპარეზობის მონაწილე ხუთ მოჭიდავეს შორის ყველაზე მსუბუქი იყო. სამგზის ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ ფრანგი ველოსიპედისტი პოლ მასონი (ჰიტი ადგილიდან 333,3 მეტრზე, სპრინტი 2000 მეტრზე და რბოლა 10 კილომეტრზე) და გერმანელი ტანმოვარჯიშე ალფრედ ფლატოვი, რომელმაც ერთი „ვერცხლის" მედალიც მოიგო. ალფრედ ფლატოვთან ერთად გერმანიის გუნდში გამოდიოდა მისი ბიძაშვილი გუსტავ-ფელიქს ფლატოვ, რომელიც ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. ფლატოვები ებრაელები იყვნენ და სიცოცხლე საკონცენტრაციო ბანაკში დაასრულეს, ალფრედმა 1942, გუსტავმა კი - 1945 წელს.

პირველსავე თამაშებზე გამოჩნდნენ ოლიმპიელი ძმებიც და არათუ გამოჩნდნენ, ოლიმპიური ჩემპიონებიც გახდნენ. ამერიკელი ჯონ და სამნერ პეინები სხვადასხვა დროს და სხვადასხვა გზით ჩავიდნენ ათენში, რადგან ერთი ბოსტონში ცხოვრობდა, მეორე კი - პარიზში. ბოსტონელმა ჯონ პეინმა სამხედრო პისტოლეტით 25 მეტრზე სროლა მოიგო. პარიზელმა სამნერ პეინმა კი ყველას აჯობა ნებისმიერი პისტოლეტით 30 მეტრზე შეჯიბრებაში. ამასთან, იგი სამხედრო პისტოლეტით სროლაში მხოლოდ თავის ძმას ჩამორჩა და მეორე ადგილი დაიკავა.

ათენში ყველაზე მეტი ჯილდო დაიმსახურა გერმანელმა ტანმოვარჯიშემ ჰერმან ვაინგარტნერმა - 3 ოქ-როს, 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი.

რობერტ გერეტის გარდა მძლეოსნობაში ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის სახელი მოიპოვა კიდევ ორმა ამერიკელმა: 100 და 200 მეტრზე რბენაში გაიმარჯვა თომას ბერკმა, ხოლო ელერი კლარკი პირველი იყო სიგრძეზე და სიმაღლეზე ხტომაში. ორგზის ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ აგრეთვე ავსტრა-ლიელი ედვინ ფლეკი, რომელმაც ყველას აჯობა 800- და 1500-მეტრიან დისტანციებზე, ინგლი-სელი ჩოგბურთელი ჯონ ბოლანდი, რომელმაც მოიგო ერთეულთა და წყვილთა (გერმანელ ფრიც ტრაუნთან ერთად) შეჯიბრებები და უნგრელი მოცურავე, შემდგომში ცნობილი ჟურნალისტი და არქიტექტორი ალფრედ ჰაიოში (100 და 1200 მ). პირველი თამაშების გმირად აღიარეს ბერძენი თულუხჩი და ფოსტალიონი სპირიდონ (სპიროს) ლუისი, რომელმაც ოლიმპიური ჩემპიონობა მარათონულ რბენაში მოიპოვა.