სენტ-ლუისი 1904
25 ივნისი 2012
III ოლიმპიური თამაშები 1904 წლის 1 ივლისი - 23 ნოემბერი სენტ-ლუისი, აშშ
სპორტის სახეობა: 13
მედლების კომპლექტი: 91
მონაწილეობდა 12 წვეყნის 651 სპორტსმენი ( მათ შორის 6 ქალი)
ოლიმპიადის გმირი - რამონ ფონსტი (კუბა)
სოკმა უყოყმანოდ და ერთხმად გადაწყვიტა, მესამე ოლიმპიადა ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემართა- ქვეყანაში, რომლის წარმომადგენლებმაც პირველ ორ თამაშებში თვალსაჩინო წარმატებები მოიპოვეს. თავიდან ოლიმპიადის ჩატარება ჩიკაგოში იყო დაგეგმილი და მომავალი ასპარეზობისთვის სამზადისი სწრაფი ტემპებითაც დაიწყო, მაგრამ მოულოდნელად, ოლიმპიადამდე ერთი წლით ადრე, ამ უდიდეს სამრეწველო და სავაჭრო ცენტრს კონკურენტი გამოუჩნდა - პროვინციუ-ლი სენტ-ლუისი. მისისიპისა და მისურის შესართავში მდებარე ეს ქალაქი 1903 წელს ლუიზიანის აშშ-ის შემადგენლობაში შესვლის 100 წლისთავის აღსანიშნავად მსოფლიო გამოფენის მოწყობას აპირებდა. გამოფენის მომზადება ვერ მოასწრეს და იგი 1904 წლისთვის გადაიტანეს. მაშინ გადაწყდა, რომ სენტ-ლუისში ჩაეტარებინათ იმავე წლისთვის დაგეგმილი ოლიმპიური თამაშებიც. ჩიკაგოს ხელისუფ-ლებამ ერთი ამბავი ატეხა, ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს მექრთამეობაში დასდო ბრალი და რაღაც მაქინაციების გამოაშკარავებით დაემუქრა. ბოლოს საქმეში ამერიკის პრეზიდენტი თეოდორ რუზველტი ჩაერია, რამაც საქმე სენტ-ლუისის სასარგებლოდ გადაწყვიტა.
გზის სიშორისა და სიძვირის გამო, სენტ-ლუისში სულ რამდენიმე დელეგაცია ჩავიდა. III ოლიმპიადის დედაქალაქში ჩასვლა პიერ დე კუბერტენმაც კი ვერ შეძლო. შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო ამერიკული ოლიმპიადა - ამერიკის ღია პირველობა, რომლშიც გამარჯვებულებს ოლიმპიურ მედლებს აძლევდნენ. ოლიმპიადების ისტორიაში პირველად სენტ-ლუისში დარიგდა სამი სხვადასხვა ხარისხის მედლები: ოქროსი, ვერცხლისა და ბრინჯაოსი. ჯილდოების დიდი უმეტესობა ამერიკელებმა დაისაკუთრეს - ასპარეზობის მონაწილეთა 80 პროცენტი ამერიკელი იყო. ამან ერთგვარად დასცა ინტე-რესი თამაშებისადმი და, წინასწარი ფართო სარეკლამო თუ პროპაგანდისტული მუშაობის მიუხედავად, არც ერთ ოლიმპიურ ასპარეზობას 2 000 კაცზე მეტი არ დასწრებია, ბევრი შეჯიბრება კი სულაც უმაყუ-რებლოდ ჩატარდა.
პარიზის მსგავსად, არც სენტ-ლუისს ჰქონია ოლიმპიური სტადიონი და ბულონის ტყის მაგივრობა, რო-მელიც II თამაშების ძირითადი სპორტული არენა იყო, აქ ვაშინგტონის უნივერსიტეტის სპორტულმა მოე-დანმა გასწია. მოცურავეთა შეჯიბრება გამოფენის ტერიტორიაზე მოწყობილ ხელოვნურ არხში გაიმართა, რომელიც იმდენად მოუხერხებელი იყო, რომ სპორტსმენები მიმართულებას კარგავდნენ, სტარტისას კი გადახტომის მაგივრად პირდაპირ ცვიოდნენ წყალში, რადგან სასტარტო ბაქნად გამოყენებული, სახელდა-ხელოდ შეკოწიწებული ტივი 6-7 კაცის სიმძიმეს ვერ უძლებდა და სანახევროდ იძირებოდა. სხვა მრავალ ნაკლთან ერთად, III ოლიმპიურ თამაშებს ერთი ლაქაც გაჰყვა ოლიმპიურ ისტორიაში: ორგანიზა-ტორებმა გადაწყვიტეს მოეწყოთ „ანთროპოლოგიური დღეები" - არათეთრი რასის წარმომადგენლებისთ-ვის ორი სპეციალური დღე გამოეყოთ. ინდიელები, ზანგები, ფილიპინელები, პიგმეები თუ პატა-გონიელები მათ ცალკე გამოიყვანეს საასპარეზოდ, რითაც შელახეს თავად ოლიმპიური პრინციპები. პიერ დე კუბერტენი სენტ-ლუისში არ ყოფილა, მაგრამ, როგორც კი „ანთროპოლოგიური დღეების" ამბავი გა-იგო, ამას თავისი ნამდვილი სახელი - რასიზმი დაარქვა.
სენტ-ლუისის ოლიმპიადა მაღალი სპორტული შედეგებით გამოირჩეოდა და ამ მხრივ უდავოდ წინგადადგმული ნაბიჯი იყო, განსაკუთრებით - მძლეოსნობაში. ამ სახეობაში 16 ოლიმპიური რე-კორდი დამყარდა, რომელთაგან 2 მსოფლიო რეკორდსაც სჯობდა. ამერიკელი მორბენლის არჩი ჰანის რეკორ-დი 200 მეტრზე - 21,6 წამი - 1932 წლამდე ვერავინ გააუმჯობესა. ჰანმა 3 ოლიმპიური ოქროს მედალი მოიგო - 60, 100 და 200 მეტრზე რბენაში. სამგზის ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ აგრეთვე ამერიკელები ჯეიმს ლაითბოდი - 800, 1500 და 2500 მეტრზე დაბრკოლებე-ბით რბენაში, ჰარი ჰილმანი - 400 მეტრზე რბენასა და 200 და 400 მეტრზე თარჯრბენში და წინა ოლიმპიადის გმირი რეი იური, რომელმაც კვლავ გაიმარჯვა ადგილიდან სიგრძეზე და სიმაღლეზე ხტომა და ადგილიდან სამხტომში. 25 ოქროს მედლიდან ამერიკელმა მძლეოსნებმა მხოლოდ 2 და-უთმეს უცხოელებს: კანადელი ეტიენ დემარტო პირველი იყო გირის ტყორცნაში, ინგლისელმა თომას კილიმ კი მძლეოსნურ მრავალჭიდში გაიმარჯვა.
სენტ-ლუისში მარათონის ფინიშზე მომხდარი ამბავი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კურიოზია სპორტის ისტორიაში. მარათონის დისტანციის მე-15 კილომეტრზე ამერიკელმა ფრედ ლორცმა თავი ცუდად იგრძ-ნო, რბენის გაგრძელება ვეღარ შეძლო და ქალაქისკენ მიმავალ ერთ-ერთ მანქანას გაჰყვა. გზაში მანქანა გაფუჭდა და მოსულიერებული მარათონელი იძულებული გახდა, გასახდელამდე დარჩენილი გზა ძუნძუ-ლით გაევლო. ლორცი რბოლის ლიდერად მიიჩნიეს და სტადიონზე შესულს ოვაციაც გაუმართეს. სპორტს-მენმა შეიფერა „გამარჯვება" და თავაზიანი ღიმილით ჩამოართვა პრეზიდენტის ქალიშვილს, ალისა რუზ-ველტს სპეციალური თასი. რამდენიმე წუთის შემდეგ სტადიონზე ნამდვილი ლიდერი, ლორცის თანაგუნ-დელი თომას ჰიკსი გამოჩნდა. ლორცის უნებლიე ეშმაკობა და მსაჯთა შეცდომა მალე გამოაშკარავდა და მას სამუდამოდ ჩამოერთვა შეჯიბრებებში გამოსვლის უფლება (მოგვიანებით ამერიკის მძლეოსანთა კავშირმა ლორცს დისკვალიფიკაცია მოუხსნა და იგი შეერთებული შტატების ჩემპიონიც კი გახდა). მარათონში მონაწილეობდა ორი შავკანიანი მორბენალი - ლენ ტაუ და იან მაშიანი, რომლებიც პირველი აფრიკელი სპორტსმენები იყვნენ ოლიმპიადების ისტორიაში.
მედლების რაოდენობითა და ხარისხით ყველას აჯობა ამერიკელმა ტანმოვარჯიშემ ენტონ ჰეიდამ, რომელმაც 5 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ასევე 6 მედალი მიიღო მეორე ამერიკელმა ტანმოვარჯიშემ ჯორჯ ეისერმა - 3 ოქრო, 2 ვერცხლი და 1 ბრინჯაო. ეისერი ყველაზე სახელგანთქმული ტანმოვარჯიშე იყო მრავალი წლის განმავლობაში: ოლიმპიადამდე მას უბედურება შეემთხვა - ტრამვაის ჩაუვარდა და მარცხენა ფეხი დაკარგა. რამდენიმე ხნის შემდეგ ეისერმა ვარჯიში განაახლა და სენტ-ლუისში 6 ოლიმპიური მედალი ცალფეხა, პროთეზიანმა ხეიბარმა მოიგო. სენტ-ლუისის თამაშების ერთ-ერთ გმირად იქცა კუბელი მოფარიკავე რამონ ფონსტი, რომელმაც 3 ოქროს მედალი მოიპოვა. ცურვაში 2-2 ოქროს მედალი აიღეს ამერიკელმა ზოლტან ჰალმაიმ, გერმანელმა ემილ რაუშმა და ამერიკელმა ჩარლზ დანიელსმა. სენტ-ლუისში პირველად და უკანასკნელად გაიმართა ასპარეზობა წყალზე გასრიალებაში, სადაც სამივე საპრიზო ადგილი ამერიკელებს ხვდათ. მათ შორის საუკეთესო, უილიამ დიკი 19,5 მეტრზე გასრიალდა.
მოკრივეთა ტურნირი, რომელიც ოლიმპიადაზე პირველად ჩატარდა, იმით იყო საინტერესო, რომ თავის წონაში გამარჯვებული 4 მოკრივე მომდევნო, უფრო მძიმე წონაშიც ცდიდა ბედს. მათგან მხოლოდ ერთმა, ამერიკელმა ოლივერ კირკმა შეძლო ოქროს მედლების მოპოვება ორ წონაში - მჩა-ტესა და ქვემსუბუქში. ეს ერთადერთი შემთხვევაა მსოფლიო სპორტის ისტორიაში, როცა ერთმა მოკრი-ვემ ერთ შეჯიბრებაში 2 ოქროს მედალი მოიგო. ბერძნულ-რომაულის ნაცვლად პირველად გაიმართა შეჯიბრება ამერიკულ ჭიდაობაში, რომელიც შემდეგ მთელ მსოფლიოში თავისუფალი ჭიდაობის სახელით გავრცელდა. მოჭიდავეები 7 წონით კატეგორიაში ასპარეზობდნენ და 21-ივე მედალი მასპინძლებმა დაისაკუთრეს.ამ ოლიმპიადაზე ქალებისთვის მხოლოდ მშვილდოსანთა ტურნირი მოეწყო. ორივე დისციპლინაში მერიკელმა მერი (ლიდა) ჰაუელმა გაიმარჯვა. პარიზის თამაშების მსგავსად, სენტ-ლუისის ოლიმპიადამაც ბევრი თავსატეხი დაუტოვა ოლიმპიური თამაშების ისტორიის მკვლევართ: დღემდე ზუსტად დადგენილი არ არის, რამდენი და რომელი სახეობა შედიოდა ოლიმპიადის პროგრა-მაში, რომელი ასპარეზობა იყო საერთაშორისო და რომელი - არა. ამიტომ მესამე ოლიმპიადის სტატის-ტიკური მონაცემები მიახლოებითი და სუბიექტურია.