ლონდონი 1908

25 ივნისი 2012

IV ოლიმპიური თამაშები 1908 წლის 27 აპრილი - 31 ოქტომბერი ლონდონი, ინგლისი

მონაწილეობდა 22 ქვეყნის 2008 სპორტსმენი (მათ შორის 37 ქალი)

ოლიმპიადა ოფიციალურად გახსნა მეფე ედუარდ მეშვიდემ

სპორტის სახეობა: 23

მედლების კომპლექტი: 110

ოლიმპიადის გმირები:მელვინ შეპარდი (აშშ) და დორანდო პიერტი(იტალია)

ლონდონის თამაშები იმით გამოირჩა, რომ აქ ოფიციალურად პირველად მოეწყო ოლიმპიადის სა-ზეიმო გახსნა, თუმცა ეს ცერემონია 13 ივლისს - თამაშების დაწყებიდან ორთვე-ნახევრის შემდეგ შედგა. ორგანიზატორების უყურადღებობის გამო, სტადიონის თავზე არ ფრიალებდა ამერიკისა და შვე-დეთის ეროვნული დროშები. ამან შვედები ისე გააბრაზა, რომ მოგვიანებით, როცა მოჭიდავეთა ტურნირში წესების თაობაზე მცირე კონფლიქტი წარმოიშვა, საერთოდ მიატოვეს შეჯიბრება. ფინელები გახსნის აღლუმზე დროშის გარეშე მოდიოდნენ. იმხანად ფინეთი რუსეთის ტერიტორიის ნაწილი იყო, მაგრამ რუსეთის მთავრობამ ფინელებს ნება დართო, დამოუკიდებელი გუნდით, ოღონდ რუსეთის დრო-შით გამოსულიყვნენ. ფინელებმა პროტესტის ნიშნად საერთოდ უდროშოდ გამოსვლა არჩიეს. ლონდონის ოლიმპიადაზე პირველად მოხდა, რომ პოლიტიკა აქტიურად და აგრესიულად ჩაერია სპორტში: ახალ ზელანდიასა და ირლანდიას საკუთარი დროშით გამოსვლის უფლება არ მიეცათ. პოლონეთმა დამოუკიდებლად გამოსვლის უფლება ვერ მოიპოვა; ავსტრიის იმპერიამ პროტესტი განაცხადა თამაშებში ბოჰემიის ცალკე გუნდით მონაწილეობის გამო. ოლიმპიადების ისტორიაში აქ პირველად ჩატარდა შეჯიბრებები ბალახის ჰოკეიში, ცხენბურთში, წყალსამოტორო სპორტში, ჟე-დე-პომში. პირველად დაწესდა რაოდენობრივი ლიმიტები ამა თუ იმ სახეობაში მონაწილე ქვეყნებისა და სპორტსმენებისთვის. ლონდონის თამაშებზე, ისევე როგორც სამ წინა ოლიმპიადაზე, მსაჯობა მთლიანად მასპინძელთა ხელში იყო, რამაც ამერიკელთა პროტესტი გამოიწვია. თამაშის დღეებში დაწყებული ზოგიერთი დავა ოლიმპიადის დასრულების შემდეგაც გაგრძელდა. ამის გამო საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი იმ გადაწყვეტილებამდე მივიდა, რომ მსაჯობა ოლიმპიადებზე ერთი ქვეყნის წარმომადგენლებისთვის არ უნდა მიენდოთ.

მეფის სახლეულის თხოვნით, მსაჯებმა მარათონის სტარტი ოდნავ გადასწიეს - უშუალოდ უინძორის სა-სახლის ტერასასთან, რათა დედოფალ ალექსანდრას შვილიშვილებს შეჯიბრების დაწყება უშუალოდ ენახათ. აქედან „უაიტ სიტის" სტადიონამდე 42 კილომეტრი და 260 მეტრია - კლასიკურ მარათონულ დისტან-ციაზე 65 მეტრით მეტი. სწორედ ეს 65 მეტრი გამოდგა საბედისწერო იტალიელი კულინარის, დო-რანდო პიეტრისთვის, რომელიც მარათონში მონაწილეობდა. მთელი 35 კილომეტრი სამხრეთაფრიკელი ჩარლზ ჰეფერონი ლიდერობდა, მაგრამ შემდეგ, როცა ფინიშამდე 5 კილომეტრიღა დარჩა, მორბენალმა პაპანაქებაში, რბოლის დაძაბულობას ვერ გაუძლო და გულშეღონებული დაეცა. ძალისა უდიდესი დაძაბვით ჰეფერონმა მაინც შეძლო წამოდგომა და ბორძიკ-ბორძიკით გააგრძელა სირბილი. როცა ლი-დერის შეფერხების ამბავი გაიგო, ამ დროს მეორე პოზიციაზე მყოფმა დორანდო პიეტრიმ მკვეთ-რად მოუმატა სისწრაფეს და 41-ე კილომეტრზე ჰეფერონი უკან მოიტოვა, მაგრამ იტალიელს ეს სპურ-ტი ძვირად დაუჯდა. სტადიონის ბილიკზე იგი თითქმის გონდაკარგული მიბარბაცდა და იმის ნაცვ-ლად, რომ მარცხნივ გადაეხვია, მარჯვნივ გასწია. მსაჯებმა დიდი გაჭირვებით შეაცვლევინეს მიმარ-თულება და პიეტრი ფინიშის სწორზე გავიდა. გამარჯვებამდე 65 მეტრი რჩებოდა, როცა მარათონელი უგრძნობლად დაეცა. მას სასწრაფოდ მისცვივდნენ ექიმები და გონს მოიყვანეს. პიეტრიმ ოცი მეტრი გაირბინა და კვლავ დაეცა, მაგრამ ისევ წამოდგა და ბარბაცით განაგრძო სირბილი. ფინიშამდე 15 მეტრიღა რჩებოდა, როცა იტალიელს ისევ მოეკვეთა ფეხები და პირქვე დაემხო. პიეტრის ორი ინგ-ლისელი მივარდა. ერთი მათგანი მსაჯი იყო, მეორე კი, თუ მაშინდელ ქრონიკიორებს ვერწმუნებით, შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალთა ავტორი არტურ კონან დოილი უნდა ყოფილიყო. ისინი შეეცადნენ, გონს მოეყვანათ სპორტსმენი, მაგრამ, როცა ეს ვერ შეძლეს, მხრებში შეუდგნენ და ისე მიიყვანეს ფინიშის ხაზამდე. პიეტრი გამარჯვებულად გამოაცხადეს, მაგრამ ამერიკელებმა ეს გადაწყვეტილება გააპროტეს-ტეს. ხანგრძლივი დებატების შემდეგ მსაჯებმა გამარჯვება ჯონ ჰეიესს მიაკუთვნეს. დაჯილდოების შემდეგ დედოფალმა ალექსანდრამ თავის ლოჟაში მიიწვია იტალიელი სპორტსმენი და დიდი ოქროს თასი უბოძა - სწორედ ისეთი, როგორიც ოლიმპიურ ჩემპიონს გადასცეს.

ლონდონში 3 ოქროს მედალი მოიპოვა ამერიკელმა მორბენალმა მელვინ შეპარდმა (800 მ, 1500 მ და ესტაფეტა 200+200+400+800). 800 მეტრზე რბენაში მან მსოფლიო რეკორდი დაამყარა, 1500 მეტრზე - ოლიმპიური. თავისი ჯილდოების კოლექციას ლონდონში 2 ოქროს მედალი შემატა ლე-გენდარულმა რეი იურიმ, რომელსაც ბადალი არ ჰყავდა ადგილიდან სიგრძეზე და სიმაღლეზე ხტომაში. 2-2 ოქროს მედალი მოიპოვეს ამერიკელმა ბადროს მტყორცნელმა მარტინ შერიდანმა და შვედმა შუბის მტყორცნელმა ერიჰ ლემინგმა. მათ გაიმარჯვეს როგორც თავისუფალი, ისე ბერძნული სტილით ტყორცნაში. ამავე დროს, მარტინ შერიდანი მესამე იყო ადგილიდან სიგრძეზე ხტომაში.

ჭოკით მხტომელთა ასპარეზობა უჩვეულო შედეგით დამთავრდა: ამერიკელებმა, ალბერტ ჯილბერტმა და ედუარდ კუკმა ერთნაირი შედეგი აჩვენეს - 3,71 მ, ეს ახალი ოლიმპიური რეკორდი იყო. აღ-მოჩნდა, რომ მათ ცდების რაოდენობაც თანაბარი ჰქონდათ. ასეთი რამ მანამდე სპორტის ისტორიაში არასოდეს მომხდარა. ორივე სპორტსმენს ოქროს მედლები გადაეცა.

ოლიმპიურ ასპარეზზე ლონდონში პირველად გამოჩნდნენ მამა-შვილი ოსკარ და ალფრედ სვანები. ამ შვედმა მსროლელებმა ოლიმპიური მედლების ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი კოლექცია დააგროვეს. ორივემ ჩემპიონის ოქროს მედლები მოიპოვა. ერთ თამაშებში ასეთი წარმატებისთვის არც მანამდე და არც მას შემდეგ არც ერთ მამა-შვილს არ მიუღწევია. ლონდონში მამამ აჯობა შვილს: გუნდურ ოქროს მედალს პირადი შეჯიბრებაში მოპოვებული ოქრო და ბრინჯაოც მიუმატა. ლონდონში ოლიმპიურ ასპარეზზე პირველად გამოჩნდა და-ძმა: უილიამ და შარლოტ დოდები დიდი ბრიტანეთის მშვილდოსანთა გუნდის წევრები იყვნენ. ძმა ოლიმპიური ჩემპიონი გახდა, დამ კი ვერცხლის მედალი მოიპოვა. მოჭიდავეთა ტურნირი იმით იყო საინტერესო, რომ ინგლისელმა ჯორჯ რე-ლოისკოუმ ქვესაშუალო წონაში გამარჯვების შემდეგ, საშუალოშიც სცადა ძალა და ვერცხლის მედალი დაიმსახურა.

ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ჩარლზ დენიელსმა 100 მეტრზე ცურვაში საგრძნობლად ჩამოიტოვა ყველა მეტოქე და ამ წარმატებით სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის სახელი მოიპოვა. სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა ინგლისელი მოცურავე ჰენრი ტეილორიც, მაგრამ მან სამივე ოქროს მედალი ლონდონში მოიგო (400 მ, 800 მ, 1500 მ). მოცურავეებს, რომლებიც 1896 წელს - ღია ზღვაში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს, 1900 წელს მდინარე სენაში, ხოლო 1904 წელს ხელოვნურ არხში, როგორც იქნა, აუზი დაახვედრეს მასპინძლებმა. ლონდონში მოცურავეთა შეჯიბრება პირველად ჩატარდა ცურვის საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით, რომელიც ოლიმპიადამდე ცოტა ხნით ადრე შეიქმნა. ტურნირის კარგი ორგანიზაციისა და კარგად აღჭურვილი 100-მეტრიანი აუზის წყალობით, სწორედ ლონდონის ოლიმპიადიდან დაიწყო ცურვაში ოლიმპიური რეკორდების ათვლა.

კრივში ყველა მედალი ინგლისელებს ხვდათ, ერთის გარდა - საშუალო წონაში III ადგილზე ავსტრა-ლიის გუნდის წევრი რეჯინალდ ბეიკერი გავიდა. ლონდონის თამაშების პროგრამაში იყო ერთი ზამთრის სახეობაც - ფიგურული ციგურობა. გაიმარჯვა რუსმა ნიკოლაი კოლომენკინმა, რომელსაც სპორტის ისტორია ნიკოლაი პანინად უფრო იცნობს. მან ლონდონში დაამარცხა ამ სახეობის აღიარებული ლიდერი და ოლიმ-პიადის ფავორიტი, შვიდგზის მსოფლიო ჩემპიონი, შვედი ულრიხ სალხოვი. პანინ-კოლომენკინი ცნობილია, როგორც მრავალმხრივი სპორტსმენი. მან დიდ წარმატებებს მიაღწია სროლაშიც: რუსეთის თორ-მეტგზის ჩემპიონი იყო პისტოლეტით და თერთმეტგზის - საბრძოლო რევოლვერით სროლაში. პანინ-კოლომენკინი პირველი რუსი სპორტსმენია, რომელმაც ოლიმპიური მედალი მოიპოვა.

ლონდონის თამაშები იმითაც აღმოჩნდა ღირსშესანიშნავი, რომ მისი დამთავრების შემდეგ გაზე-თებმა გამოაქვეყნეს სპეციალური ცხრილები, რომლებშიც შეჯამებული იყო სპორტსმენთა მედლები ქვეყნების მიხედვით. აქედან იღებს სათავეს არაოფიციალური გუნდური ჩათვლა, თუმცა იგი ეწინააღმდეგება ოლიმპიურ ქარტიას, რომლის მიხედვითაც ოლიმპიური თამაშები არის შეჯიბრება ცალკეულ სპორტსმენებს ან გუნდებს და არა ქვეყნებს შორის.