სტოკჰოლმი 1912
25 ივნისი 2012
V ოლიმპიური თამაშები 1912 წლის 5 მაისი - 27 ივლისი სტოკჰოლმი, შვეცია
სპორტის სახეობა: 28
მედლების კომპლექტი: 102
მონაწილეობდა 28 ქვეყნის 2407 სპორტსმენი (მათ შორის 48 ქალი)
თამშები გახსნა შვეციის მეფემ გუსტავ მეხუთემ
ოლიმპიადის გმირი: ჰანეს კოლეჰმაინენი (ფინეთი)
შვედეთი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის შექმნის დღიდან ითხოვდა ოლიმპიადის ჩატარების უფლებას. როცა 1904 წელს ბერლინში გამართულ სოკის სესიაზე 1912 წლის თამაშების დედაქალაქად სტოკჰოლმი დაადგინეს, შვედები დიდი ენთუზიაზმით შეუდგნენ სამზადისს. სპეციალურად ოლიმპიადისთვის აშენდა 32-ათასიანი სამეფო სტადიონი. თამაშები გახსნა შვედეთის მეფე გუსტავ მეხუთემ, რომელსაც სტადიონზე შეეგებნენ პიერ დე კუბერტენი და სოკის წევრები. შემდეგ მოეწყო 28 დელეგაციის საზეიმო აღლუმი.
თამაშების პროგრამაში პირველად შეიტანეს თანამედროვე ხუთჭიდი და ქალთა შეჯიბრებები ცურვასა და წყალში ხტომაში. სტოკჰოლმში არ ჩატარებულა შეჯიბრებები კრივში, თავისუფალ ჭიდაობაში, ძალოსნობაში, ბალახის ჰოკეისა და მშვილდოსნობაში. მძლეოსანთა შედეგების აღსანუსხავად პირველად გამოიყენეს ახალგამოგონებული ელექტრონული ქრონომეტრი. ასევე პირველად გამოიყენეს ხმამაღლა მოლაპარაკეები სტადიონზე მაყურებელთა ინფორმირებისათვის. ამ ოლიმპიადის ყველაზე საინტერესო ასპარეზობა იყო 5000 მეტრზე რბენა. ფინალური გარბენის ერთ-ერთმა მონაწილემ და მთავარმა ფავორიტმა, ფრანგმა ჟან ბუენმა წინა დღეს წინასწარ გარბენში მსოფლიო რეკორდი დაამყარა და მის გამარჯვებაში ეჭვი არავის ეპარებოდა. ბუენს სტარტიდანვე აედევნა ფინელი ჰანეს კოლეჰმაინენი და მათი დუელი ბოლომდე გაგრძელდა. ბოლო წრეზე ბუენმა მკვეთრად გაზარდა სისწრაფე და პირველად მთელი 4500 მეტრის მანძილზე, 3 მეტრით წინ გაიჭრა, მაგრამ არც კოლეჰმაინენი ჩამორჩა: მანაც მოუმატა ტემპს და რამდენიმე წამში კიდეც გაუსწრო ბუენს. ორიოდე მეტრის შემდეგ წინ ისევ ფრანგი აღმოჩნდა, მერე - ისევ ფინელი. ბოლო 15-20 მეტრი ორივემ სპრინტერული ტემპით გაირბინა. ყველაფერი ბოლო წამში გაიკვა: ძალის არაადამიანური დაძაბვით კოლეჰმაინენმა შეძლო წინ გაჭრა და პირველმა გადაკვეთა ფინიშის ხაზი. ბუენის მსოფლიო რეკორდი მთელი 30 წამით გაუმჯობესდა - 14 წუთი და 36,6 წამი. კოლეჰმაინენის ამ გამარჯვებით დაიწყო სპორტში სახელოვან ფინელ სტაიერთა ერა, რომელიც 40 წელიწადს გაგრძელდა. ფრანგი მორბენალის შედეგი ოფიციალურად არ დაფიქსირებულა, მაგრამ, რაკი კოლეჰმაინენსა და ბუენს შორის ფინიშის გადაკვეთისას დრო და მანძილი ფაქტობრივად არ ყოფილა, საფრანგეთის მძლეოსნობის ფედერაციამ ბუენის შედეგად 14 წუთი და 36,7 წამი ჩათვალა. ეს შედეგი მიიღეს საფრანგეთის ეროვნულ რეკორდად, რომელიც მთელი 22 წლის განმავლობაში ვერავინ გააუმჯობესა. კოლეჰმაინენმა სტოკჰოლმში კიდევ 2 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვა - 1000 მეტრზე რბენაში, 8 კოლომეტრზე კროსში და გუნდურ კროსში 12 კილომეტრზე. ხუთჭიდი და ათჭიდი დიდი უპირატესობით მოიგო ამერიკელმა ინდიელმა ჯიმ თორპმა, მაგრამ ერთი წლის შემდეგ მას პროფესიონალიზმში დასდეს ბრალი და ოლიმპიური ოქროს მედლები ჩამოართვეს. თორპმა დიდხანს იბრძოლა სამართლიანობის აღსადგენად, მაგრამ სიცოცხლეში მიზანს ვერ მიაღწია. ჩემპიონის ოქროს მედლები მის შვილებს მამის სიკვდილიდან მხოლოდ 30 წლის შემდეგ დაუბრუნეს.
სტოკჰოლმში თავი გამოიჩინა ეროვნულ უმცირესობათა კიდევ ერთმა წარმომადგენელმა, ჰავაელმა მოცურავემ დიუკ პაოა კაჰინუ მაკოუ ჰულიკოჰოა კაჰანამოკუმ, რომელსაც მსოფლიო დიუკ პაოა კაჰანამოკუდ იცნობს. მან 100 მეტრზე პირველსავე წინასაწარ გაცურვაში დაამხო ჩარლზ დენიელსის მსოფლიო რეკორდი, ნახევარფინალში კიდევ ერთი მსოფლიო რეკორდი დაამყარა და ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. იმავე თამაშებში კაჰანამოკუმ ვერცხლის მედალიც მოიპოვა 800 მეტრზე ცურვაში. მოჭიდავეთა ტურნირში 17 ქვეყნის 180 ფალავანი გამოდიოდა. მაშინ ჯერ კიდევ არ არსებობდა ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაცია და არ იყო დადგენილი ერთიანი წესები, რამაც მრავალი უხერხულობა შექმნა. დებულების მიხედვით, ერთსაათიანი ორთაბრძოლა ნახევარფინალსა და ფინალში წმინდა გამარჯვებამდე უნდა გაგრძელებულიყო. ამის გამო ზოგიერთმა შეხვედრამ რამდენიმე საათს გასტანა, ხოლო ესტონელი მარტინ კლაინისა (გამოდიოდა რუსეთის სახელით) და ფინელი ალფრედ ასიკაინენის ბრძოლაში გამარჯვების გამოვლენას მთელი 10 საათი დასჭირდა. ის შეხვედრა კლაინმა მოიგო, მაგრამ ისე დაიქანცა, ფინალში შვედ კლას იოჰანსონს ოდნავი წინააღმდეგობაც ვეღარ გაუწია. ტყვიის სროლაში შეჯიბრების დროს წვიმა წამოვიდა. ორგანიზატორებმა შვედი მსროლელებისთვის სასწრაფოდ გადახურეს პატარა მოედანი, სადაც სხვა ქვეყნის სპორტსმენებს არ უშვებდნენ. შვედებმა სროლაში გათამაშებული ჯოლდოების 18 კომპლექტიდან 7 ოქროს, 6 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. მასპინძელთა გუნდში იყვნენ ტყუპი ძმები ვილჰელმ და ერიკ კარლბერგები, რომლებსაც ერთად 4 ოქროსა და 4 ვერცხლის მედალი ხვდათ. ეს ოლიმპიადებზე ტყუპების გამოსვლისა და გამარჯვების პირველი და ერთადერთი შემთხვევა იყო, სანამ ნახევარი საუკუნის შემდეგ ოლიმპიური ჩემპიონები არ გახდნენ საბჭოა ჰოკეისტები ბორის და ევგენი მაიოროვები. სტოკჰოლმში 3 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი მოიგეს მამაშვილმა ოსკარ და ალფრედ სვანებმა, ოღონდ, 1908 წლის თამაშებისგან განსხვავებით, ამჯერად შვილმა აჯობა მამას ოქროს მედლების ანგარიშით - 2:1.
პარიზის თამაშების შემდეგ სტოკჰოლმში პირველად გამოჩნდნენ ცხენოსნები. საერთო გამარჯვება შვედებმა მოიპოვეს. შეჯიბრებებში მონაწილეობდნენ რუსი ცხენოსნებიც: კაპიტანი მიხაილ ეკიმოვი ცხენის გაწვრთნაში გამოდიოდა, ხოლო დიდი მთავარი დმიტრი პავლოვიჩი, კაპიტანები ალექსანდრ როძიანკო და ალექსეი სელიხოვი, ლეიტენანტები კარლ რუმელი, სერგეი ზაგორსკი და მიხაილ პრეშკოვი დაბრკოლებათა გადალახვაში ცდიდნენ ძალას. შემდგომი გამოკვლევებით დადგინდა, რომ რუსეთის ცხენოსანთა გუნდში შედიოდა აგრეთვე თავადი სპირიდონ ჭავჭავაძე, მოგვიანებით რუსეთის არმიის გენერალი, რომელიც სტოკჰოლმში კი ჩავიდა, მაგრამ ჯერჯერობით დაუზუსტებული მიზეზით სტარტზე არ გამოსულა.
1906 წელს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პარიზში გამართულმა სესიამ გადაწყვიტა, ოლიმპიურ თამაშებზე ანტიკური ტრადიციისამებრ ხელოვნებათა კონკურსებიც ჩაეტარებინა. ასეთი კონკურსი პირველად სტოკჰოლმში მოეწყო. კონკურსზე წარმოდგენილი იყო ოლიმპიური მოძრაობისადმი მიძღვნილი ლიტერატურული და მუსიკალური ნაწარმოებები, ფერწერისა და ქანდაკების ნიმუშები, არქიტექტურული პროექტები. ქანდაკების დარგში ოლიმპიური ოქროს მედალი მოიპოვა 1904 წლის ოლიმპიადის ჩემპიონმა ტყვიის სროლაში, ამერიკელმა უოლტერ უინანსმა ("ამერიკელი ყარიბი"). ხელოვნებათა კონკურსში გაიმარჯვეს და ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ აგრეთვე შვეიცარიელი არქიტექტორები ანრი მონო და ალფონს ლიავერიერი, იტალიელი კომპოზიტორი რიკარდო ბერტელემი, იტალიელი მხატვარი ჯოვანი პელეგრინი და პიერ დე კუბერტენი, რომელმაც თავისი "ოდა სპორტს" კონკურსზე ჟორჟ ოროდისა და მარტინ ეშბახის ფსევდონიმით წარადგინა.