ლოს ანჯელესი 1932
25 ივნისი 2012
X ოლიმპიური თამაშები 1932, 30 ივლისი - 14 აგვისტო ლოს-ანჯელესი, აშშ.
სხვა კანდიდატები: უალტერნატივო
სპორტის სახეობათა რაოდენობა: 14
მედლების კომპლექტი: 117
მონაწილეობდა 37 ქვეყნის 1408 სპორტსმენი (მათ შორის 127 ქალი)
თამაშები გახსნა - აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჩარლზ კურტისმა
ათლეტთა სახელით ფიცი დადო - ჯორჯ გალნანმა (ფარიკაობა)
ოლიმპიადის გმირები:კუსუო კიტამურა (იაპონია) და მილდრედ დიდრიკსონი (აშშ).
ოლიმპიადამ 1932 წელს მეორედ დატოვა ევროპა - ისევე როგორც 1904 წელს, თამაშები ამერიკის კონტინენტზე ჩატარდა. მსოფლიო უკვე მოეცვა პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ კრიზისს და ლოს-ანჯელესს კონკურენტი არ ჰყოლია. ამერიკის პრეზიდენტის, ჰერბერტ ჰუვერის ძალისხმევა რომ არა, ოლიმპიადის ჩატარება საერთოდ ეჭვქვეშ იდგა. სარეკორდოდ მოკლე დროში დამთავრდა ლოს-ანჯელესის მთავარი სტადიონის რეკონსტრუქცია, რომელსაც "კოლიზეუმი" უწოდეს. "კოლიზეუმი" თავისი 105 ათასი ადგილით იმდროინდელი მსოფლიოს უდიდეს სტადიონად იქცა. გახურებული "დიდი დეპრესიის" მიუხედავად, თამაშების გახსნის ცერემონიალი მანამდე არნახულ დღესასწაულად იქცა და მას 100 ათასზე მეტი მაყურებელი დაესწრო. მგზავრობის სიძვირის გამო ამერიკაში მხოლოდ ის სპორტსმენები ჩავიდნენ, რომელთაც წარმატების რეალური შანსი ჰქონდათ. ამიტომაც იყო, რომ ლოს-ანჯელესში ჩასული ყოველი მეხუთე ევრაზიელი თამაშების პრიზიორი გახდა.
ამ თამაშებში კიდევ ერთი ოლიმპიური ოქროს მედლის მოგებას გეგმავდა წინა სამი ოლიმპიადის გმირი, 35 წლის ფინელი სტაიერი პაავო ნურმი, მაგრამ სოკმა იგი ოლიმპიადაზე არ დაუშვა სამოყვარულო სპორტის წესების დარღვევის ბრალდებით - დარღვევად ის მიიჩნიეს, რომ ნურმი თურმე სხვადასხვა შეხვედრაზე მიწვევისას ზოგჯერ მასპინძელთაგან მგზავრობის ხარჯების დაფარვას ითხოვდა. ფინეთის სპორტის თავკაცებმა სოკის სანქციები არ გაიზიარეს და ნურმი სამშობლოში კიდევ ორი წლის განმავლობაში გამოდიოდა სარბენ ბილიკზე. ოლიმპიადაზე ნურმის არყოფნამ დიდად იმოქმედა სხვა ფინელ სტაიერებზე და მათ დათმეს წინა სამ თამაშებში მოპოვებული პოზიციები. სამაგიეროდ, შუბის ტყორცნაში გაიმარჯვა ფინელმა მატი იარვინენმა, რომელმაც იმ დროისთვის ფანტასტიკური მსოფლიო რეკორდი დაამყარა: 72,71 მ. ამ მიღწევის უკვდავსაყოფად ჰელსინკის სტადიონის შესასვლელში ააგეს კოშკი, რომლის სიმაღლეც ზუსტად შეესაბამება იარვინენის მსოფლიო რეკორდს. კოშკი ამ სტადიონის ისეთივე ღირსშესანიშნაობაა, როგორიც პაავო ნურმის ბრინჯაოს ქანდაკება.
ლოს-ანჯელესში თავი გამოიჩინა 18 წლის ამერიკელმა მძლეოსანმა მილდრედ "ბებე" დიდრიკსონმა, რომელმაც კვალიფიკაცია ქალთა პროგრამის ხუთივე სახეობაში გაიარა, მაგრამ საასპარეზოდ მხოლოდ სამში დაუშვეს. მან ოქროს მედლები მოიპოვა 80 მეტრზე თარჯრბენსა (მსოფლიო რეკორდით) და შუბის ტყორცნაში (ოლიმპიური რეკორდით), ვერცხლის მედალი-სიმაღლეზე ხტომაში. ცხენოსანთა შორის ეროვნებათა დიდი პრიზის გათამაშებაში, სადაც გამარჯვებული ერთი ქვეყნის სამი საუკეთესო ცხენ-მხედრის შედეგებით ვლინდებოდა, მედლები არ გაცემულა - ოლიმპიადაზე. არც ერთი ქვეყანა არ აღმოჩნდა ისეთი, რომლის სამი სპორტსმენი ასპარეზობას წარმატებით დაასრულებდა. სამაგიეროდ, მედლები გაიცა ისეთ სახეობაში, რომელიც ოლიმპიადების პროგრამაში არასოდეს ყოფილა: 1931 წელს მატერჰორნზე ჩრდილოეთის კედლით ასვლისთვის, სოკის გადაწყვეტილებით, გერმანელ ძმებს ტონი და ფრანც შმიდებს ლოს-ანჯელესის ოლიმპიადის ოქროს მედლები მიეკუთვნათ. ორივე მედალი ფრანც შმიდს გადაეცა, რადგან ტონი ერთ-ერთი ასვლისას დაიღუპა და ოლიმპიური ჩემპიონობა გარდაცვალების შემდეგ მიენიჭა.
ლოს-ანჯელესის თამაშებში პირველად გამოიყენეს ფოტოფინიში (არაოფიციალურად). ფოტოფინიშის დასაფიქსირებელი აპარატურა სპეციალურად ამ თამაშებისთვის შექმნა ამერიკელმა გამომგონებელმა ჩარლ დეიმ. არაოფიციალურობის მიუხედავად, ამ სიახლემ პირველსავე შემთხვევაში ოფიციალურ შედეგზეც მოახდინა გავლენა: 100 მეტრზე რბენის ფინალში ამერიკელები თომას (ედი) ტოლენი და მსოფლიო რეკორდსმენი რალფ მეტკეილფი ერთდროულად მიიჭრნენ ფინიშთან. ფოტოფინიშის კადრების რამდენიმესაათიანი განხილვის შემდეგ შვიდივე მსაჯი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ტოლენმა პირველმა გადაკვეთა ფინიშის ხაზი. ოლიმპიადის სენსაცია იყო იაპონელი მოცურავეების გამარჯვება. ოლიმპიური ჩემპიონი და რეკორდსმენი 1500 მეტრზე თავისუფალი სტილით ცურვაში კუსუო კიტამურა სულ 14 წლისა იყო. 15 წლის იაისუძი მიიაძაკიმ ნახევარფინალში 0.8 წამი ჩამოაკლო ჯონი ვაისმიულერის რეკორდს, როცა 100 მეტრი თავისუფალი სტილით ზუსტად 58 წამში გაცურა, ფინალში კი მის მიერ ნაჩვენები 58.2 წამი საკმარისი აღმოჩნდა გამარჯვებისთვის. სულ იპონელმა მოცურავე კაცებმა ექვსიდან ხუთი ფინალური გაცურვა მოიგეს. ამერიკელმა მოცურავემ ჰელენ მედისონმა (აშშ) და იტალიელმა ტანმოვარჯიშემ რომეო ნერიმ ლოს-ანჯელესში 3-3 ოქროს მედალი მოიპოვეს, უნგრელ ტანმოვარჯიშეს იშტვან პელეს 2 ოქროს და 2 ვერცხლის მედალი ხვდა. უნიკალური წარმატება მოიპოვა შვედმა მოჭიდავემ ივარ იუჰანსონმა: იგი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა ჭიდაობის ორივე სახეობაში - თავისუფალში და ბერძნულ-რომაულში.
ფოტოფინიშის გარდა, X ოლიმპიადა ისტორიაში შევიდა სხვა სიახლეებითაც: ლოს-ანჯელესში პირველად გამოჩნდა სამსაფეხურიანი პოდიუმი გამარჯვებულთათვის. იქ დაედო სათავე დაჯილდოების დღეს მიღებულ რიტუალს - გამარჯვებულთა პატივსაცემად სამივე პრიზიორის ქვეყნის დროშების აღმართვისა და ოლიმპიური ჩემპიონის ქვეყნის ჰიმნის შესრულების ტრადიციას.