ლონდონი 1948
25 ივნისი 2012
XIV ოლიმპიური თამაშები 1948, 29 ივლისი-14 აგვისტო ლონდონი, ინგლისი.
სხვა კანდიდატები:
- ბალტიმორი
- ლოზანა
- შვეიცარია
- ლოს -ანჯელესი
- მინეაპოლისი
- ფილადელფია
სპორტის სახეობათა რაოდენობა: 17
მედლების კომპლექტი: 136
მონაწილეობდა 59 ქვეყნის 4099 სპორტსმენი (მათ შორის 385 ქალი).
თამაშები გახსნა გაერთიანებული სამეფოს მეფემ ჯორჯ VI-მ.
ათლეტთა სახელით ფიცი დადო დონალდ ფინლეიმ (მძლეოსნობა).
ოლიმპიადის გმირები:ფანი ბლანკერს-კოენი (ჰოლანდია) და მიშლინ ოსტერმაიერი (საფრანგეთი)
მეორე მსოფლიო ომის გამო 1940 წლის 6 მაისს სოკის მიერ უვადოდ გაუქმებული ოლიმპიური თამაშები 1946 წლის 4 აგვისტოს განახლდა. ასეთი გადაწყვეტილება მიიღო საერთაშორისო კომიტეტის პირველმა ომის შემდგომმა სესიამ, რომელიც ლოზანაში გაიმართა. დადგინდა, რომ 1948 წლის ზამთრის თამაშები სენტ-მორიცში ჩატარებულიყო, ზაფხულისა კი _ ლონდონში. იმავე დღეს სესიაზე სოკის პრეზიდენტად შვედი ზიგფრიდ ედსტრიომი აირჩიეს. მისი მეცადინეობით, ლონდონის კანდიდატურას ერთხმად დაუჭირეს მხარი, რასაც საფუძვლად დაედო ჯერ კიდევ თებერვალში ედსტრიომის მიერ ორგანიზებული და ფოსტით ჩატარებული კენჭისყრა. სესიამ მხოლოდ დაადასტურა ამ კენჭისყრის შედეგები. ამიტომ სხვა კანდიდატებზე არც უმსჯელიათ.
თამაშების ორგანიზატორებს სერიოზული მუშაობა დასჭირდათ ნაომარ ლონდონში ოლიმპიადისათვის აუცილებელი ყველა პირობის შესაქმნელად. ოლიმპიადა 29 ივლისს გახსნა გაერთიანებული სამეფოს მეფემ ჯორჯ VI-მ. მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კლემენტ ეთლი. გერმანია და იაპონია, როგორც აგრესორი ქვეყნები, ოლიმპიადაზე არ მიუწვევიათ. ლონდონში ოლიმპიურ ასპარეზზე პირველად გამოვიდნენ ბირმის, გვიანის, ერაყის, ვენესუელის, იამაიკის, ირანის, ლიბანის, პაკისტანის, პუერტო-რიკოს, სამხრეთ კორეის, სინგაპურის, სირიის, ტრინიდადისა და ცეილონის სპორტსმენები. ასპარეზობის პროგრამა თითქმის არ განსხვავდებოდა 1936 წლის თამაშების პროგრამისაგან. არ ჩატარებულა მხოლოდ ხელბურთელთა და ცხენბურთელთა ტურნირები. სამაგიეროდ პირველად გაიმართა ქალთა შეჯიბრებები ბაიდარითა და კანოეთი ნიჩბოსნობაში.
ომის გამო ოლიმპიური ციკლის 12 წლით გაწყვეტამ ახალი სახელების გამოჩენა განაპირობა. ლონდონში თითებზე ჩამოითვლებოდნენ წინა ოლიმპიადების მონაწილე სპორტსმენები. მათ შორის გამოირჩეოდა ორი უნგრელი მოფარიკავე: ლოს-ანჯელესისა და ბერლინის ოლიმპიადების ჩემპიონი ალადარ გერევიჩი და ბერლინის თამაშების ჩემპიონი ილონა ილეკი. მათ თავიანთ ჯილდოების კოლექციას ლონდონში თითო ოქროს მედალი შემატეს. ბერლინში მოპოვებულ ოქროს მედალს ლონდონური ოქრო დაუმატა აგრეთვე ჩეხოსლოვაკიელმა კანოისტმა იან ბრჟაკ-ფელიქსმა, რომელმაც წყვილთა შეჯიბრება ამჯერად სხვა პატრნიორთან ერთად მოიგო.
ოლიმპიადის წინ ჰოლანდიელი ფანი ბლანკერს-კოენი მსოფლიო რეკორდსმენი იყო მძლეოსნობის ექვს დისციპლინაში, მაგრამ მაშინდელი წესებით ერთ სპორტსმენს მხოლოდ ოთხ დისციპლინაში შეეძლო გამოსვლა. ბლანკერს-კოენმა ოთხჯერ აიღო სტარტი და ოთხჯერვე პირველი იყო ფინიშთან. მან ქალთა შორის რბენის ოთხივე დისციპლინა მოიგო: 100 და 200 მ, თარჯრბენი 80 მ და ესტაფეტა 4X100 მ. თარჯრბენის გარდა, ბლანკერს-კოენმა ყველგან დიდი უპირატესობით გაიმარჯვა, თარჯრბენში კი, რომელშიც მან და ინგლისელმა მორინ გარდნერმა ერთნაირი დრო აჩვენეს და მსოფლიო რეკორდი დაამყარეს, ჰოლანდიელს მხოლოდ ფოტოფინიშით მიეკუთვნა გამარჯვება. 1948 წელს 30 წლის ბლანკერს-კოენი უკვე ორი შვილის დედა იყო და, "მფრინავი ჰოლანდიელის" ანალოგიით, პრესამ იგი "მფრინავ დიასახლისად" მონათლა. ფრანგმა მიშლინ ოსტერმაიერმა ლონდონში სამი მედალი მოიგო: 2 ოქროსი (ბადროს ტყორცნასა და ბირთვის კვრაში) და 1 ბრინჯაოსი (სიმაღლეზე ხტომაში). მისი ეს გამარჯვება ლონდონის თამაშების სენსაციად იქცა: მანამდე საზოგადოება ოსტერმაიერს იცნობდა, როგორც ნიჭიერ პიანისტს, რომელსაც ოლიმპიადამდე ცოტა ხნით ადრე პარიზის კონსერვატორიამ პირველი პრემიაც კი მიანიჭა პიანისტთა კონკურსში გამარჯვებისთვის. ფინელმა ვეიკო ჰუჰტანენმა ტანვარჯიშში 3 ოქროს, 1 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, მისმა თანაგუნდელმა პაავო აალტონენმა კი _ 3 ოქროსი და 1 ბრინჯაოსი.
ძალოსნობაში ოქროს მედლები მხოლოდ ორი ქვეყნის _ ამერიკის შეერთებული შტატებისა და ეგვიპტის სპორტსმენებმა გაინაწილეს. 6 ოქროს მედლიდან 4 ამერიკელებს ხვდათ, 2 _ ეგვიპტელებს. ამ სახეობაში დამყარებული ორი მსოფლიო რეკორდიდან ერთი ამერიკელ ჯოზეფ დე პიეტროს ეკუთვნის (უმჩატესი წონა), მეორე კი _ ეგვიპტელ მაჰმუდ ფაიადს (ქვემსუბუქი). თავისუფალ ჭიდაობაში გათამაშებული 8 ოქროს მედლიდან 4 თურქებმა მოიგეს. 2 ოქროს მედალი ამერიკელებს ხვდათ, თითო _ ფინელსა და უნგრელს. ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში აშკარა იყო შვედების უპირატესობა_ მათ 5 ოქროს და 2 ვერცხლის მედალი მოიპოვეს. მოკრივეთა შორის არაოფიციალური გუნდური გამარჯვება წილად ხვდათ სამხრეთ აფრიკის კავშირის მოკრივეებს, რომლებმაც 2 ოქროსთან ერთად თითო ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალიც აიღეს. 2-2 ოქროს მედალი წაიღეს სამშობლოში არგენტინელმა და უნგრელმა მოკრივეებმა. საშუალო წონაში ოლიმპიური ჩემპიონი გახდა ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოკრივე ლასლო პაპი, რომელმაც მომდევნო ორი ოლიმპიადაც მოიგო. პაპის მსგავსად, თავიანთი ოლიმპიური კოლექციების პირველი ჯილდოები ლონდონში მოიპოვეს ფინელმა აფროსანმა პაულ ელვსტრიომმა და შვედმა ნიჩბოსანმა გერტ ფრედრიკსონმა. ჩეხოსლოვაკიელმა სტაიერმა ემილ ზატოპეკმა ლონდონის თამაშებში 1 ოქროს (10 000 მ) და 1 ვერცხლის (5 000) მედალი მოიგო.
ცურვაში დიდი წარმატება მოიპოვეს აშშ-ის კაცთა გუნდის ლიდერებმა, რომლებსაც არც ერთი ოქროს მედალი არ დაუთმიათ, ესტაფეტაში (4X200 მ) მსოფლიო რეკორდიც გააუმჯობესეს. ამერიკელმა მოცურავე ქალმა ენ კურტისმა 2 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა. ცხენის გაწვრთნაში ოლიმპიური ჩემპიონი გახდა შვედი გენელ პერსონი, მაგრამ თამაშების შემდეგ გაირკვა, რომ მას ოფიცრის სამხედრო წოდება არ ჰქონია, რაც აუცილებელი იყო ცხენოსნებისთვის თამაშებში საასპარეზოდ. ცხენოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ პერსონს ოქროს მედალი ჩამოართვა. კალათბურთელთა მეორე ოლიმპიური ტურნირი ისევ ამერიკელებმა მოიგეს, ბალახის ჰოკეისტთა შეჯიბრებაში კი ზედიზედ მეოთხედ გაიმარჯვეს ინდოელებმა.
ტყვიის სროლაში მსოფლიო ჩემპიონს, უნგრელ კაროი ტაკაჩს, 1936 წელს უბედური შემთხვევის შემდეგ მარჯვენა ხელის ამპუტაცია დასჭირდა. იგი თითქოს სამუდამოდ უნდა გამოსთხოვებოდა სპორტს, მაგრამ საავადმყოფოდან გამოსვლისთანავე მარცხენა ხელით სროლაში დაიწყო ვარჯიში და 1939 წელს მეორედ მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონობა. ლონდონში ცალხელა ვეტერანი 25 მეტრიდან პისტოლეტით სროლაში ოლიმპიური ჩემპიონი გახდა და მსოფლიო რეკორდიც დაამყარა.
ლონდონის თამაშები პირველი იყო, რომლის პირდაპირი რეპორტაჟების ნახვაც შინიდან გაუსვლელად გახდა შესაძლებელი: იმხანად დიდბრიტანელთა მცირე ნაწილს უკვე ჰქონდა საკუთარი ტელევიზორები.