ერთი ჩემპიონის ისტორია

მელბურნი 1956

25 ივნისი 2012

XVI ოლიმპიური თამაშები 1956, 22 ნოემბერი-8 დეკემბერი; 10-17 ივნისი (ცხენოსნობა).

მელბურნი, ავსტრალია; სტოკჰოლმი, შვედეთი (ცხენოსნობა).

სხვა კანდიდატები:

  • ბუენოს-აირესი
  • დეტროიტი
  • ლოს-ანჯელესი
  • მეხიკო
  • მინეაპოლისი
  • მონრეალი
  • სან-ფრანცისკო
  • ფილადელფია
  • ჩიკაგო (ძირითადი)
  • ბერლინი
  • ბუენოს-აირესი
  • ლოს-ანჯელესი
  • პარიზი
  • რიო-დე-ჟანეირო (ცხენოსნობა),


სპორტის სახეობათა რაოდენობა: 17
მედლების კომპლექტი: 151

მონაწილეობდა 67 ქვეყნის 3342 სპორტსმენი (მათ შორის 384 ქალი); მათ შორის ცხენოსნობაში - 158 სპორტსმენი (13 ქალი).

თამაშები გახსნეს ედინბურგის ჰერცოგმა (მელბურნში) და შვედეთის მეფემ გუსტავ VI ადოლფმა (სტოკჰოლმში).

ათლეტთა სახელით ფიცი დადეს: ჯონ ლენდიმ (მძლეოსნობა) და ჰენრი სენ-სირმა (ცხენოსნობა)

ოლიმპიადის გმირები:ლარისა ლატინინა (სსრკ) და ვიქტორ ჩუკარინი (სსრკ)

ავსტრალიის ტერიტორიაზე ცხოველთა შეყვანის სირთულის, კერძოდ, 6-თვიანი აუცილებელი კარანტინის გამო XVI ოლიმპიადის პროგრამით გათვალისწინებული ცხენოსანთა შეჯიბრება, ოლიმპური ქარტიის დარღვევით, სტოკჰოლმში გაიმართა. თამაშების გახსნამდე თითქმის ნახევარი წლით ადრე უკვე ცნობილი იყო XVI ოლიმპიადის პირველ მედალოსანთა ვინაობა. სტოკჰოლმიდან მელბურნამდე კი ისეთი ამბები მოხდა, რომ თამაშები ლამის ჩაიშალა: ჯერ სინაის ნახევარკუნძულზე ისრაელი შეიჭრა, თამაშების გახსნამდე ორიოდე კვირით ადრე კი 200 ათასი საბჭოთა ჯარისკაცი ბუდაპეშტში შევიდა. რამდენიმე ქვეყანამ უარი განაცხადა თამაშებში მონაწილეობაზე: ეგვიპტემ, ლიბანმა და ერაყმა - ისრაელის აქციის გამო, ჰოლანდიამ, ესპანეთმა, ლიხტენშტაინმა და შვეიცარიამ - საბჭოთა აგრესიის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად (თავად უნგრეთს ოლიმპიადაზე უარი არ უთქვამს). შვეიცარიამ მხოლოდ იმით მოახერხა ყველა თანამედროვე ოლიმპიადის მონაწილე ქვეყნის სტატუსის შენარჩუნება, რომ ოლიმპიადის სტოკჰოლმური ნაწილი ამ დროისათვის უკვე დამთავრებული იყო. თამაშებში გამოსვლაზე უარი თქვა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამაც, რადგან ოლიმპიადაზე ტაივანი დაუშვეს. ეს იყო პირველი, მაგრამ არა უკანასკნელი და არა ყველაზე დიდი ბოიკოტი თანამედროვე ოლიმპიადების ისტორიაში.

მელბურნის თამაშები გახსნა ბრიტანეთის დედოფლის მეუღლემ, ედინბურგის ჰერცოგმა პრინცმა ფილიპემ. ისევე როგორც წინა თამაშებზე, სსრ კავშირის დელეგაციის ხელმძღვანელობამ უარი თქვა მსოფლიოს სხვა ქვეყნების სპორტსმენებთან ერთად ოლიმპიურ სოფელში ცხოვრებაზე და საბჭოთა ოლიმპიელებმა მთელი თამაშები თბომავალ „გრუზიაზე" გაატარეს. საბჭოთა დელეგაციამ არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში I ადგილი დაიკავა. 4 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი აიღო ლარისა ლატინინამ (ტანვარჯიში), 3 ოქრო და 1 ვერცხლი - ვიქტორ ჩუკარინმა (ტანვარჯიში), 2 ოქრო - ვლადიმირ კუცმა (მძლეოსნობა). 3-3 ოქროს მედალი მოიპოვეს ამერიკელმა და ავსტრალიელმა სპრინტერებმა - რობერტ მოროუმ და ელიზაბეთ კათბერტმა, აგრეთვე თავისუფალი სტილით მოცურავემ მიურეი როუზმა (ავსტრალია).

ჰელსინკის თამაშებში მოპოვებული ტიტულის დაცვა ოთხმა მძლეოსანმა შეძლო: ამერიკელი რობერტ რიჩარდსი (ჭოკით ხტომა), ბრაზილიელი ადემარ ფერეირა დე სილვა (სამხტომი), ამერიკელი პერი ო'ბრაიენი (ბირთვის კვრა) და ავსტრალიელი შირლი სტრიკლენდ დე ლა ჰანტი (თარჯრბენი) კვლავ ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ და ამისთვის ოთხივეს ახალი ოლიმპიური რეკორდის დამყარება დასჭირდა. ჰელსინკის ასპარეზობაში მოპოვებული წოდება წარმატებით დაიცვა შვედმა ხუთჭიდელმა ლარს ჰალმაც. ზედიზედ მეორე ოლიმპიადაზე ოქროს მედლით და მსოფლიო რეკორდით დაასრულა გამოსვლა სახელოვანმა ამერიკელმა ძალოსანმა ტომას კონომ. ისევე როგორც ფინეთის დედაქალაქში, მელბურნშიც ორი გამარჯვება იზეიმა წყალში მხტომელმა პატრიცია მაკ-კორმიკმა, რომელიც ოთხგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. მესამედ მოიპოვეს ოქროს მედლები უნგრელმა მოკრივემ ლასლო პაპმა და დანიელმა აფროსანმა პაულ ელვსტრიომმა.

რაპირითა და დაშნით ფარიკაობაში გუნდური პირველობა იტალიელებმა მოიგეს, ხმლით შეჯიბრებაში კი უნგრელებმა გაიმარჯვეს და საბჭოთა სპორტსმენებს საშუალება არ მისცეს, მესამე ადგილზე წინ წასულიყვნენ. საბჭოთა გუნდის ყველა გამოსვლა სიმწვავით გამოირჩეოდა, მაგრამ ბუდაპეშტის მოვლენები ყველაზე მძაფრად აირეკლა წყალბურთელთა შეჯიბრების ფინალურ ეტაპზე, საბჭოთა კავშირისა და უნგრელი წყალბურთელების შეხვედრაში. წყალი სისხლისგან წითლად შეიღება, სამედიცინო პერსონალი აუზიდან ტრავმირებულების ამოყვანას და მათი იარების წამლობას ვერ აუდიოდა. უნგრელებმა გაიმარჯვეს ანგარიშით 4:0, ფინალურ მატჩში იუგოსლავიელებიც დაამარცხეს და ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ. მელბურნში უნგრელები ისეთი გააფთრებით იბრძოდნენ, რომ საერთო-გუნდურ ჩათვლაში ოლიმპიადების მთელი ისტორიის მანძილზე მათთვის საუკეთესო, IV ადგილზე გავიდნენ. პირველობა მოიპოვეს საბჭოთა ოლიმპიელებმა. სსრკ ნაკრებში საქართველოს ათი წარმომადგენელი გამოდიოდა. მირიან ცალქალამანიძე (თავისუფალი ჭიდაობა) და გივი კარტოზია (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა) ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ. კიდევ სამმა ქართველმა ფალავანმა (ვახტანგ ბალავაძე, გიორგი სხირტლაძე, რომან ძნელაძე) ბრინჯაოს მედლები მოიპოვა. III ადგილები დაიკავეს ნადეჟდა დვალიშვილ-ხნიკინამ (სიგრძეზე ხტომა), ბორის ნიკიტინმა (ესტაფეტა 4 200 მ) და ნოდარ გვახარიამ (წყალბურთი).

მელბურნის თამაშებზე რამდენიმე ტექნიკური სიახლე გამოჩნდა: რაპირისტებმა პირველად გამოიყენეს ელექტრომოწყობილობა, ცურვაში დრო ნახევრად ავტომატური ელექტრონული წამმზომებით აღინუსხებოდა, ხოლო ბერძენმა გიორგიოს რუბანისმა პირველად გამოიყენა ფიბერგლასის ჭოკი, რომლითაც III ადგილი დაიკავა. რუბანისის ეს ბრინჯაოს მედალი ბერძენ სპორტსმენთა პირველი ოლიმპიური ჯილდო იყო 1912 წლის შემდეგ.

საქართველოს ოლიმპიელთა შედეგები

XVI ოლიმპიადა. მელბურნი. 10 მონაწილე. 2 ოქროს და 6 ბრინჯაოს მედალი. გივი კარტოზია (კლასიკური ჭიდაობა) - I, მირიან ცალქალამანიძე (თავისუფალი ჭიდაობა) - I, ვახტანგ ბალავაძე (თავისუფალი ჭიდაობა) - III, გიორგი სხირტლაძე (თავისუფალი ჭიდაობა) - III, რომან ძნელაძე (კლასიკური ჭიდაობა) - III, ნადეჟდა დვალიშვილი- ხნიკინა (მძლეოსნობა) - III, ბორის ნიკიტინი (ცურვა) - III, ნოდარ გვახარია (წყალბურთი) - III, რევაზ ცირეკიძე (ფარიკაობა) - V ადგილი ნახევარფინალში, იური ოსიპოვი (ფარიკაობა) - VII ადგილი ნახევარფი-ნალში.