ტოკიო 1964

25 ივნისი 2012

XVIII ოლიმპიური თამაშები 1964, 10-24 ოქტომბერი. ტოკიო, იაპონია.

სხვა კანდიდატები:ბრიუსელი, დეტროიტი, ვენა

სპორტის სახეობათა რაოდენობა: 19

მედლების კომპლექტი: 163

მონაწილეობდა 93 ქვეყნის 5140 სპორტსმენი (მათ შორის 683 ქალი).

ოლიმპიადის გმირები: დონ შოლანდერი (აშშ), ვერა ჩასლავსკა (სსრკ) და იუკიო ენდო (იპონია)

ტოკიოში ოლიმპიური თამაშები ჯერ კიდევ 1940 წელს უნდა გამართულიყო. ამის უფლება იაპონიის დედაქალაქმა 1937 წელს მოიპოვა, მაგრამ ის ოლიმპიადა საერთოდ არ ჩატარებულა. 18 წლის შემდეგ იაპონიამ კვლავ წამოაყენა თავისი კანდიდატურა, მაგრამ 1960 წლის თამაშების მასპინძლად სოკმა რომი აირჩია. იაპონელებს ფარ-ხმალი არ დაუყრიათ და 1959 წლის 26 მაისს მიუნხენში გამართულ სესიაზე საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა პირველსავე ტურში ტოკიოს დაუჭირა მხარი. ტოკიომ 34 ხმა მიიღო, დეტროიტმა - 10, ვენამ - 9 და ბრიუსელმა - 5. ამგვარად, 1964 წელს ოლიმპიური თამაშები პირველად ეწვია აზიის კონტინენტს.

თამაშები გახსნა იმპერატორმა ჰიროჰიტომ. ოლიმპიური ჩირაღდანი სტადიონზე შეიტანა იოსინორი საკაიმ. საკაი არც მაშინ იყო დიდი სპორტსმენი და არც შემდეგ გამხდარა. 19 წლის იაპონელ სტუდენტს ეს პატივი მხოლოდ თავისი დაბადების თარიღის გამო ერგო: იგი 1945 წლის 6 აგვისტოს დაიბადა - ზუსტად იმ დღეს, როცა ამერიკელებმა ჰიროსიმაში პირველი ატომური ბომბი გამოცადეს. ოლიმპიადის მონაწილე სპორტსმენთა სახელით ფიცი წარმოთქვა იაპონელმა ტანმოვარჯიშემ, ოთხგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ტაკასი ონომ, რომელმაც ტოკიოში თავის მეოთხე თამაშებში მეხუთე ოლიმპიური ოქროს მედალი მოიპოვა, ამჯერად - გუნდურ ასპარეზობაში.

პირველი რეკორდი ოლიმპიადის გახსნის დღეს დამყარდა, როცა იაპონიის საიმპერატორო ოჯახის, ათეულ ათასობით მაყურებლისა და მილიონობით ტელემაყურებლის თვალწინ 93 ქვეყნის ოლიმპიურმა დელეგაციამ ჩაიარა. ოლიმპიურ თამაშებში პირველად მიიღეს მონაწილეობა მონღოლეთმა, დომინიკელთა რესპუბლიკამ და ნეპალმა, აგრეთვე კოლონიალიზმის უღლისაგან განთავისუფლებული ქვეყნების დიდმა ჯგუფმა (ალჟირი, სპილოს ძვლის ნაპირი, კამერუნი, კონგო, მალაგასის რესპუბლიკა, მალი, ნიგერი, სენეგალი, ტანგანიკა და ზანზიბარი, ტრინიდადი და ტობაგო). ყველაზე დიდი დელეგაციით ტოკიოში გერმანიის გუნდი ჩავიდა - მის შემადგენლობაში 377 სპორტსმენი შედიოდა. ეს იყო გერმანელთა ბოლო გამოსვლა ერთიანი გუნდით ოლიმპიადებზე 1992 წლამდე, როცა ბარსელონაში გერმანიის გაერთიანებული გუნდი კი არა, გაერთიანებული გერმანიის გუნდი ასპარეზობდა.

სოკმა რასობრივი და აპარტეიდული პოლიტიკის გამო ტოკიოს თამაშებზე არ დაუშვა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა. გარდა ამისა, მძლეოსნობის, ნიჩბოსნობისა და სროლის საერთაშორისო ფედერაციებმა არასასურველად გამოაცხადეს ოლიმპიადაში ყველა იმ ათლეტის მონაწილეობა, ვინც წინა წელს ჯაკარტაში გამართულ არმიათა სპორტულ თამაშებში გამოდიოდა. იმ თამაშების მასპინძელმა, ინდონეზიამ სარბიელზე გამოსვლის უფლება არ მისცა ისრაელსა და ტაივანს. სამი საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილების საპასუხოდ ინდონეზიამ და ჩრდილოეთ კორეამ უარი თქვეს ოლიმპიადაში მონაწილეობაზე.

800 მეტრზე რბენა მოიგო წინა თამაშებში გამარჯვებულმა, ახალზელანდიელმა პიტერ სნელმა. შემდეგ მან 1500 მეტრზეც გაიმარჯვა და სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. მესამე ოლიმპიური ოქროს მედალი მოიგეს ამერიკელმა ბადროს მტყორცნელმა ალფრედ ორტერმა და საბჭოთა ნიჩბოსანმა ვიაჩესლავ ივანოვმაც და მაინც, ყველა მათგანის გამარჯვება დაჩრდილა ეთიოპიელმა მარათონელმა აბებე ბიკილამ, რომელიც, ისევე როგორც რომში, ამჯერადაც საუკეთესო იყო. ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ეროვნულ გმირად დაბრუნდა ადის-აბებაში - აეროპორტში მას თავად ეთიოპიის იმპერატორი ჰაილე სელასიე შეეგება. ტოკიოში 4 ოქროს მედალი მოიგო ამერიკელმა მოცურავემ დონ შოლანდერმა (100, 400, 800 მ, ესტაფეტა 4X400 მ). 3-3 ოქროს მედალი მოიპოვეს ასევე ამერიკელმა მოცურავეებმა სტივენ კლარკმა და შერონ სტაუდერმა. 3-3 ოქროს და თითო ვერცხლის მედალი მიიღეს ამ თამაშების საუკეთესო ტანმოვარჯიშეებმა - ჩეხმა ვერა ჩასლავსკამ და იაპონელმა იუკიო ენდომ. რუსმა ლარისა ლატინინამ მისთვის ბოლო ამ თამაშებში 2 ოქროს, 2 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა.

საბჭოთა რაპირისტები ზედიზედ მეორედ გახდნენ ოლიმპიური ჩემპიონები. ოლიმპიადებში პირველი გამარჯვება მოიპოვეს სსრ კავშირის ხმლით მოფარიკავეებმა, რომელთა შორის იყო ნუგზარ ასათიანიც. მეორე ქართველმა მუშკეტერმა გურამ კოსტავამ ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა დაშნით მოფარიკავეთა პირად ტურნირში. ტოკიოში ოლიმპიური ჩემპიონი გახდა კიდევ ერთი ქართველი - საბჭოთა ფრენბურთელთა გუნდის წევრი ვაჟა კაჭარავა. სპორტის ეს სახეობა, ისევე როგორც ძიუდო, იაპონელთა თხოვნით შეიტანეს თამაშების პროგრამაში. ძიუდოისტები ასპარეზობდნენ 68, 80, +80 და აბსოლუტურ წონით კატეგორიებში. პირველ წონაში იაპონელებმა გაიმარჯვეს, აბსოლუტურში კი - ჰოლანდიელმა ანტონიუს ჰეესინკმა. ქართველმა ძიუდოისტებმა ანზორ კიკნაძემ და ფარნაოზ ჩიკვილაძემ სპორტის ამ სახეობაში ოლიმპიური დებიუტი მძიმე წონაში მოპოვებული ბრინჯაოს მედლებით აღნიშნეს. საქართველოდან ტოკიოს თამაშებში სულ 18 სპორტსმენი მონაწილეობდა. ვერცხლის მედლები მიიღეს მოჭიდავეებმა გურამ საღარაძემ და რომან რურუამ, ტყვიის მსროლელმა შოთა ქველიაშვილმა და კალათბურთელმა ლევან მოსეშვილმა, ბრინჯაოსი - მოჭიდავეებმა დავით გვანცელაძემ და ნოდარ ხოხაშვილმა.

საქართველოს ოლიმპიელთა შედეგები

XVIII ოლიმპიადა, ტოკიო.18 მონაწილე. 2 ოქროს, 4 ვერცხლისა და 5 ბრინჯაოს მედალი. ნუგზარ ასათიანი (ფარიკაობა) - I, ვაჟა კაჭარავა (ფრენბურთი) - I, რომან რურუა (კლასიკური ჭიდაობა) - II, გურამ საღარაძე (თავისუფალი ჭიდაობა) - II, შოთა ქველიაშვილი (ტყვიის სროლა) - II, ლევან მოსეშვილი (კალათბურთი) - II, გურამ კოსტავა (ფარიკაობა) - III, ნოდარ ხოხაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა) - III, დავით გვანცელაძე (კლასიკური ჭიდაობა) - III, ანზორ კიკნაძე (ძიუდო) - III, ფარნაოზ ჩიკვილაძე (ძიუდო) - III, ალექსანდრე ტუტაკაევი (ცურვა) - IV, რობერტ შავლაყაძე (მძლეოსნობა) - V, როსტომ აბაშიძე (კლასიკური ჭიდაობა) - V, ბორის პოლულიახი (წყალში ხტომა) - VI, ზარბეგ ბერიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა) - VI, შოთა ლომიძე (თავისუფალი ჭიდაობა) - IX, ომარ ფხაკაძე (ველოსპორტი) - მეოთხედფინალი.