მიუნხენი 1972

25 ივნისი 2012

XX ოლიმპიური თამაშები 1972, 26 აგვისტო-10 სექტემბერი. მიუნხენი, გფრ.

სხვა კანდიდატები:

  • დეტროიტი
  • მადრიდი
  • მონრეალი

სპორტის სახეობათა რაოდენობა: 21

მედლების კომპლექტი: 195

მონაწილეობდა 121 ქვეყნის 7123 სპორტსმენი (მათ შორის - 1058 ქალი).

თამაშები გახსნა ფედერაციული გერმანიის პრეზიდენტმა გუსტავ ჰაინმანმა

ათლეტთა სახელით ფიცი დადო ჰაიდი შულერმა (მძლეოსნობა).

ოლიმპიადის გმირი: მარკ სპიცი (აშშ)

1966 წლის 26 აპრილს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის 64-ე სესიაზე ბავარიის მთავარმა ქალაქმა ორ ტურში დაამარცხა მონრეალი და ოლიმპიური თამაშების მასპინძლობის უფლება მიიღო. პირველად ისტორიაში, 1000-ს გადააჭარბა ოლიმპიადის მონაწილე სპორტსმენ ქალთა რიცხვმა. სარეკორდი იყო ოლიმპიელთა საერთო რაოდენობაც. თამაშებზე კვლავ არ დაუშვეს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, რომელსაც აფრიკის 27 ქვეყნის მხრიდან ბოიკოტის მუქარის გამო სოკმა როდეზიაც დაუმატა, აპარტეიდის ბრალდებით. პირველად ოლიმპიადების ისტორიაში, სპორტსმენთა სახელით ფიცი წარმოთქვა ქალმა - ჰაიდი შულერმა. მიუნხენში პირველად შემოიღეს ფიცის დადება მსაჯების სახელითაც. ოლიმპიური ჩირაღდანი აანთო 18 წლის სტაიერმა გიუნტერ ზანმა. ამ ოლიმპიადაზე გამოჩნდა პირველად თამაშების თილისმა - ძაღლი, სახელად უოლდი.

მიუნხენის თამაშები იყო პირველი ოლიმპიადა, რომელშიც ფართოდ გამოიყენეს ელექტრონული ტექნიკა, რისი წყალობითაც მძლეოსნობასა და ცურვაში შედეგების ფიქსაცია 0,01 წამის სიზუსტით გახდა შესაძლებელი.

მოცურავეებმა პროგრამის 29-ვე დისციპლინაში ახალი ოლიმპიური რეკორდები დაამყარეს, რომელთაგან 23 ამავე დროს მსოფლიო რეკორდიც იყო. მძლეოსნებმა რეკორდების ცხრილში 15 (12) შესწორება შეიტანეს, ძალოსნებმა - 32 (7), მსროლელებმა - 6 (4), მშვილდოსნებმა - 2. თამაშების საუკეთესო სპორტსმენად ერთხმად აღიარეს ამერიკელი მოცურავე მარკ სპიცი, რომელმაც 7 ოქროს მედალი მოიპოვა. სპიცმა მსოფლიო რეკორდებით მოიგო თავისუფალი სტილით და ბატერფლაით ცურვა 100- და 200-მეტრიან დისტანციებზე, გარდა ამისა, ამერიკის გუნდის შემადგენლობაში მან სამივე ესტაფეტაში გაიმარჯვა.

5 სექტემბერს, გამთენიისას, რვა პალესტინელმა ტერორისტმა „შავი სექტემბრის" დაჯგუფებიდან ოლიმპიურ სოფელში შეაღწია და ისრაელის 28-კაციანი გუნდის ორი წევრი მოკლა, ცხრა კი მძევლად აიყვნა. მთელი მსოფლიო შეშფოთებით ადევნებდა თვალს მოვლენების განვითარებას. ტერორისტებმა მძევლების სანაცვლოდ ისრაელის ციხეებში მყოფი რამდენიმე არაბის განთავისუფლება მოითხოვეს, რაზეც ისრაელის მთავრობამ უარი განაცხადა. გვიან ღამით ტერორისტებმა მძევლები სამხედრო აეროდრომზე გადაიყვანეს, სადაც გერმანულმა სპეცრაზმმა მათ ხანმოკლე ბრძოლა გაუმართა. არაბებმა ცხრავე მძევალი ააფეთქეს. დაიღუპა ერთი პოლიციელი და ხუთი ტერორისტი, დანარჩენებმა თავს უშველეს. მეორე დღე - 6 სექტემბერი- მიუნხენსა და მთელ გერმანიაში გლოვის დღედ გამოცხადდა. სპეციალურად ამ დღისთვის მოწვეული ვენის ფილარმონიის ორკესტრი მთელი დღის განმავლობაში უკრავდა სამგლოვიარო მარშს ბეთჰოვენის მესამე სიმფონიიდან. ოლიმპიურ სტადიონზე გამართულ სამგლოვიარო ცერემონიალს 80 ათასი კაცი დაესწრო. თერთმეტი დაღუპული ებრაელი სპორტსმენის გვარი სამუდამოდ დარჩა ოლიმპიადების ისტორიაში:დევიდ მარკ ბერგერი, იოსებ გათფრენდი, იოსებ რომანო, მარკ სლავინი, ანდრეი სპიცერი, იაკოვ სპრინგერი, მოშე უაინბერგი, ზეევ ფრიდმანი, ამიცურ შაპირა, კეჰატ შორი, ელიაზარ ჰალფინი.

ოლიმპიადა გაგრძელდა, მაგრამ სპორტულ ასპარეზობათა თანამდევი ყველა კულტურული ღონისძიება გაუქმდა, სპორტსმენთა ერთმა ნაწილმა კი მიუნხენი დატოვა და სამშობლოში გაემგზავრა. იაპონელმა ტანმოვარჯიშემ სავაო კატომ 3 ოქროს და 3 ვერცხლის მედალი დაისაკუთრა. 3 ოქროს და თითო ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალი მიიღო ავსტრალიელმა მოცურავემ შეინ გოულდმა. საბჭოთა ტანმოვარჯიშემ ოლგა კორბუტმა, რომელმაც მაყურებელთა განსაკუთრებული სიმპათია დაიმსახურა, 3 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვა. 3-3 ოქროს მედალი წაიღეს მიუნხენიდან ამერიკელმა მოცურავეებმა მელისა ბელოუტმა და სანდრა ნეილსონმა.

თავისუფალ ჭიდაობაში მესამე ოლიმპიური ოქრო მოიპოვა უკრაინელმა ფალავანმა ალექსანდრ მედვედმა. მეორე უკრაინელმა, ვალერი ბორზოვმა. მიუნხენში ამერიკელ მძლეოსანთა მრავალწლიანი ჰეგემონია დაამხო და ორივე სპრინტერული დისტანცია მოიგო. 16 წლის დასავლეთგერმანელი მხტომელი ულრიკე მაიფართი, რომელმაც სიმაღლეზე ხტომა მოიგო, ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი ქალი გახდა ოლიმპიური მძლეოსნობის ისტორიაში.

საქართველოდან მიუნხენში 16 სპორტსმენი გამოდიოდა. მათგან ექვსმა ოქროს მედალი მოიპოვა. ეს იყო ყველაზე უხვმოსავლიანი ოლიმპიადა ქართული სპორტის ისტორიაში. მიუნხენში მეორე ოლიმპიური ოქრო დაისაკუთრა ვიქტორ სანეევმა. თავისუფალ ჭიდაობაში ოლიმპიური ჩემპიონი გახდა საგარეჯოელი ფალავანი ლევან თედიაშვილი, ძიუდოში სენსაციური გამარჯვება მოიპოვა შოთა ჩოჩიშვილმა, რომელმაც წინასწარ ორთაბრძოლაში წმინდად დაამარცხა ოლიმპიადის მთავარი ფავორიტი, ორგზის მსოფლიო ჩემპიონი, იაპონელი ფუმიო სასახარა. მიუნხენში ოლიმპიური ჩემპიონი გახდა ფოთელი ნიჩბოსანი ვიქტორ კრატასიუკი, რომელმაც ორადგილიანი ბაიდარით რბოლა მოიგო ნიკოლაი გორბაჩოვთან ერთად. ოქროს მედლებით დაბრუნდნენ სამშობლოში კალათბურთელები ზურაბ საკანდელიძე და მიხეილ ქორქია, რომლებმაც სსრკ ნაკრებთან ერთად დრამატულ და სკანდალურ ფინალში დაამარცხეს ამერიკის გუნდი და, პირველად ოლიმპიადების ისტორიაში, უოქროსმედლებოდ დატოვეს იგი.

საქართველოს ოლიმპიელთა შედეგები

XX ოლიმპიადა, მიუნხენი. 16 მონაწილე. 6 ოქროს, 1 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედალი. ვიქტორ სანეევი (მძლეოსნობა) - I, ლევან თედიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა) - I, შოთა ჩოჩიშვილი (ძიუდო) - I, ზურაბ საკანდელიძე (კალათბურთი) - I, მიხეილ ქორქია (კალათბურთი) - I, ვიქტორ კრატასიუკი (საბაიდარო ნიჩბოსნობა) - I, დიტო შანიძე (ძალოსნობა) - II, ომარ ფხაკაძე (ველოსპორტი) - III, გივი ონაშვილი (ძიუდო) - III, მურთაზ ხურცილავა (ფეხბურთი) - III, რევაზ ძოძუაშვილი (ფეხბურთი) - III, ქეთევან ლოსაბერიძე (მშვილდოსნობა) - IV, თინათინ ლეკვეიშვილი (ცურვა) - IV, ჯემალ მეგრელიშვილი (კლასიკური ჭიდაობა) - V, გურამ გოგოლაური (ძიუდო) - V, გიორგი ნასყიდაშვილი (სანიჩბოსნო სლალომი) - XXXI.