ერთი ჩემპიონის ისტორია

ატლანტა 1996

25 ივნისი 2012

XXVI ოლიმპიური თამაშები 1996, 20 ივლისი - 4 აგვისტო. ატლანტა, აშშ.

სხვა კანდიდატები:

  • ათენი
  • ბელგრადი
  • მანჩესტერი
  • მელბურნი
  • ტორონტო

სპორტის სახეობათა რაოდენობა: 26

მედლების კომპლექტი: 271

მონაწილეობდა 197 ქვეყნის 10.310 სპორტსმენი (მათ შორის 3513 ქალი).

თამაშები გახსნა აშშ-ის პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა

ოლიმპიადის გმირები: ემი ვან დაიკენი (აშშ) და მიშელ სმითი (ირლანდია).

1996 წელს ასი წელი შესრულდა თანამედროვეობის პირველი ოლიმპიური თამაშებიდან. 1989 წელს, როცა საიუბილეო თამაშების მასპინძელ ქალაქს არჩევდნენ და სხვებთან ერთად თავისი კანდიდატურა ათენსაც ჰქონდა დასახელებული, ბევრი ფიქრობდა, რომ ოლიმპიადების აღდგენის ასი წლის თავზე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი უპირატესობას სწორედ ამ ქალაქს და საბერძნეთს მიანიჭებდა, მაგრამ ასე არ მოხდა. გადაწყდა მორიგი თამაშები ატლანტაში გამართულიყო. თითქოს ამის საკომპენსაციოდ ორგანიზატორებმა ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტის ბოლო ეტაპი ცნობილ მოკრივესთან, ევანდერ ჰოლიფილდთან ერთად ბერძენ ოლიმპიურ ჩემპიონს, პარასკევი პატულიდუს ანდეს. ატლანტის ოლიმპიადის ჩირაღდანი აანთო ლეგენდარულმა მუჰამედ ალიმ, რომალმაც 1960 წელს კასიუს კლეის სახელით ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

ატლანტის თამაშები მნიშვნელოვანი ნიშანსვეტი იყო ოლიმპიურ მოძრაობაში, პირველ ყოვლისა, სწორედ იმის გამო, რომ თანამედროვე მოძრაობამ ამ თამაშებზე შეაჯამა თავისი ასწლიანი ისტორია. სწორედ ამ თამაშებზე გამოჩნდა, როგორ და რა მიმართულებით განვითარდა ერთი საუკუნის მანძილზე ოლიმპიზმი, როგორი ტრანსფორმაცია განიცადა მისმა პრინციპებმა, თუნდაც ოლიმპიური სპორტის სამოყვარულო სტატუსმა.

ატლანტის ოლიმპიადაზე საქართველო პირველად გამოვიდა, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო. თამაშებში მონაწილეობდა საქართველოს 36 წარმომადგენელი სპორტის 13 სახეობაში. დამოუკიდებელ საქართველოს პირველი ოლიმპიური ჯილდო - ბრინჯაოს მედალი მოუტანა ძიუდოისტმა სოსო ლიპარტელიანმა. ასევე მესამე ადგილზე გავიდა თავისუფალი სტილით მოჭიდავე ელდარ კურტანიძემ. ქართველთაგან თამაშებში პირველი უნდა ჩაბმულიყო ბარსელონის ოლიმპიადის ჩემპიონი, ძიუდოისტი დავით ხახალეიშვილი, მაგრამ მან სავალდებულო აწონვაზე დააგვიანა შეჯიბრებიდან მოხსნეს.

ამერიკელმა მოცურავემ, ემი ვან დაიკენმა ატლანტაში ყველაზე მეტი - 4 ოლიმპიური ოქრო მოიგო, ირლანდიელმა მიშელ სმითმა ცურვაში 3 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, რამაც მისი ქვეყანა არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში საბოლოოდ XXVIII ადგილზე გაიყვანა. მოცურავე კაცებში კვლავ გამოიჩინა თავი რუსმა ალექსანდრ პოპოვმა, რომელმაც, ისევე როგორც წინა თამაშებში, 2 ოქროს და 2 ვერცხლის მედალი მოიპოვა. ასევე 2 ოქროს და 2 ვერცხლის მედალი დაისაკუთრა ამერიკელმა გარი ჰოლ-უმცროსმა. 2-2 ოქროს მედალი მოიგეს ახალზელანდიელმა დენიონ ლოუდერმა და რუსმა დენის პანკრატოვმა.
100 მეტრზე რბენაში გაიმარჯვა კანადელმა დონოვან ბეილიმ. 200 და 400 მეტრზე პირველობა არავის დაუთმო ამერიკელმა მაიკლ ჯონსონმა. 10000-მეტრიან დისტანციაზე კიდევ ერთი დიდი ეთიოპიელი გამოჩნდა - ჰაილე ჯიბრსილასიე. სიგრძეზე ხტომაში ყველას აჯობა „დიდმა კარლმა" („მეფე კარლმა"), კარლ ლუისმა. ეს მისი ზედიზედ მეოთხე გამარჯვება იყო სიგრძეზე ხტომაში. იგი გახდა მეოთხე სპორტსმენი მსოფლიოში, რომელმაც ერთსა და იმავე დისციპლინაში პირველობა მოიპოვა ოთხ ოლიმპიურ თამაშებში. ამავე დროს, ეს ოქროს მედალი მეცხრე იყო ლუისისთვის. ატლანტაში იგი მეოთხე ცხრაგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა პაავო ნურმის, ლარისა ლატინინასა და მარკ სპიცის შემდეგ.

ზედიზედ მესამე ოლიმპიადა მოიგო თურქმა ძალოსანმა ნაიმ სულეიმანოღლუმ, რომელმაც ამ სახეობაში პირველმა მიაღწია ასეთ წარმატებას.
2-2 ოქროს მედალი მოიპოვეს მორბენალმა ქალებმა - ამერიკელმა ჯეილ დევერსმა (100 მ და ესტაფეტა), ფრანგმა მარი-ჟოზე პერეკმა (200 და 400 მ) და რუსმა სვეტლანა მასტერკოვამ (800 და 1500 მ). 400 მეტრზე შეჯიბრებაში ვერცხლის მედალი ხვდა ავსტრალიელმა კეტი ფრიმანს.

წყალბურთელთა ოლიმპიურ ტურნირში პირველად გაიმარჯვეს ესპანელებმა, რომელთაგან ერთ-ერთისთვის - მანუელ ესტიარტესთვის ატლანტის ოლიმპიადა მეექვსე იყო.

უნგრელმა მოცურავემ კრისტინა ეგერსეგმა 200 მეტრზე გულაღმა ცურვა ზედიზედ მესამედ მოიგო და გახდა მსოფლიოში ერთადერთი მოცურავე ქალი, რომელმაც ინდივიდუალურ დისციპლინაში 5 ოქროს მედალი მოიპოვა.

ატლანტაში 6 ბრინჯაოს, 8 ვერცხლისა და 1 ოქროს მედლით მისთვის უჩვეულო, XXXVI ადგილზე აღმოჩნდა დიდი ბრიტანეთი. ეს ამ ქვეყნისთვის ყველაზე დაბალი შედეგია ოლიმპიურ თამაშებში. იმ ქვეყნების რიცხვმა, რომლებმაც ატლანტაში 1 ოქროს მედალი მაინც მოიპოვეს, 53-ს მიაღწია. მანამდე ჩემპიონი და პრიზიორი ქვეყნების რიცხვი 30-ს სულ სამჯერ ასცილდა - 1968 (32), 1988 (31) და 1992 (37) წლებში. ეს მხოლოდ იმან როდი განაპირობა, რომ საბჭოთა კავშირისა და იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკები, როგორც ახალი ქვეყნები, უკვე ცალკე გუნდებით გამოვიდნენ. ოლიმპიური ოქროს მედლები პირველად მოიპოვა ზოგიერთმა ძველმა ქვეყანამაც, მაგალითად, ტაილანდმა, ბურუნდმა, კოსტა-რიკამ, ეკვადორმა, სირიამ... როგორც ჩანს, ბოლო ათწლეულში გლობალიზაციამ სპორტშიც იჩინა თავი და თითო-ოროლა უმაღლესი კლასის სპორტსმენი თითქმის ყველა ქვეყანაში გამოჩნდა. გლობალიზაციის შედეგია ისიც, რომ ჩვეულებრივ მოვლენად იქცა მიგრაცია და ათეულობით სპორტსმენი სხვა ქვეყნის სახელით გამოდის ოლიმპიადების სარბიელზე.

ატლანტაში საქართველოს არაერთი სპორტსმენი გამოდიოდა რუსეთის, უკრაინის, თურქეთის, საბერძნეთისა თუ კანადის სახელით. მათგან ერთმა, კანადის ოლიმპიური გუნდის წევრმა გივი სისაურმა, ვერცხლის მედალი მოიპოვა თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, ხოლო მეორემ, სახელოვანმა ძალოსანმა კახი კახიაშვილმა ოქროს მედალი მოუტანა საბერძნეთს.


საქართველოს ოლიმპიელთა შედეგები

XXVI ოლიმპიადა, ატლანტა. 36 მონაწილე. 2 ბრინჯაოს მედალი. სოსო ლიპარტელიანი (ძიუდო) - III, ელდარ კურტანიძე (თავისუფალი ჭიდაობა) - III, კობა გულიაშვილი (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა) - IV, ნინო სალუქვაძე (ტყვიის სროლა) - V და VII, გელა პაპაშვილი (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა) - VI, გიორგი ვაზაგაშვილი (ძიუდო) - VII, გიორგი რევაზიშვილი (ძიუდო) - VII, თამაზ იმნაიშვილი (სასტენდო სროლა) - IX, ბიძინა მიქიაშვილი (ძალოსნობა) - IX, ვლადიმერ დგებუაძე (ძიუდო) - X, ავთანდილ გოგოლიშვილი (თავისუფალი ჭიდაობა) - X, ზაზა თურმანიძე (თავისუფალი ჭიდაობა) - X, ზაზა ტყეშელაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა) - XIII, ბაკურ გოგიტიძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა) - XIV, გურამ ბიგანიშვილი (აფროსნობა) - XVI, ვლადიმერ გრუზდევი (აფროსნობა) - XVI, მევლუდ ლობჟანიძე (ძიუდო) - XVI, კობა გოგოლაძე (კრივი) - მესამე წრე, გიორგი კანდელაკი (კრივი) - მესამე წრე, ვახტანგ იაგორაშვილი (თანამედროვე ხუთჭიდი) - XX, ტარიელ მელელაშვილი (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა) - XX, აკაკი კაკაურიძე (კრივი) - მეორე წრე, ბესიკ ვარძელაშვილი (კრივი) - პირველი წრე, თენგიზ მესხაძე (კრივი) - პირველი წრე, ეკა აბრამია (მხატვრული ტანვარჯიში) - XXV, ილია გიორგაძე (სპორტული ტანვარჯიში) - XXV, მაია აზარაშვილი (მძლეოსნობა) - საკვალიფიკაციო შეჯიბრება, ნანა ყაზარაშვილი (წყალში ხტომა) - XXVIII, ნინო უჩაძე (ტყვიის სროლა) - XXVII და XXXVI, არჩილ ლორთქიფანიძე (ფარიკაობა) - პირველი წრე, გიორგი წმინდაშვილი (ძიუდო) - XXXII, გოჩა გახარია (წყალში ხტომა) - XXXIV, ელვირა ურუსოვა (მძლეოსნობა) - საკვალიფიკაციო შეჯიბრება, ხათუნა ქვრივიშვილი (მშვილდოსნობა) - ოცდამეთორმეტედფინალი, მუხრან გოგია (ძალოსნობა) - ტრავმა, დავით ხახალეიშვილი (ძიუდო) - აწონაზე დააგვიანა და შეჯიბრებიდან მოიხსნა.