სიდნეი 2000
25 ივნისი 2012
XXVII ოლიმპიური თამაშები 2000, 15 სექტემბერი -1 ოქტომბერი. სიდნეი, ავსტრალია.
სპორტის სახეობათა რაოდენობა: 28
მედლების კომპლექტი: 300
მონაწილეობდა 199 ქვეყნის 10651 სპორტსმენი (მათ შორის 4069 ქალი).
თამაშები გახსნა ავსტრალიის გენერალ-გებურნატორმა უილიამ დინმა
ოლიმპიადის გმირები:მერიონ ჯონსი (აშშ),ინგე დე ბრუინი (ჰოლანდია) და იან თორპი (ავსტრალი)
ოლიმპიური თამაშები მეორედ ეწვია ავსტრალიას. დაძაბულ ბრძოლაში სიდნეიმ აჯობა პეკინს და გახდა მეცხრე არაევროპული ქალაქი, რომელმაც ოლიმპიადას უმასპინძლა. სიდნეიში თამაშები საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში კორუფციასთან დაკავშირებული უმწვავესი სკანდალის ფონზე მიმდინარეობდა. წინასწარ ცნობილი იყო, რომ ეს სამარანჩის ბოლო ოლიმპიადა იქნებოდა და უკვე იწყებოდა ბრძოლა მისი მემკვიდრეობისთვის. ოლიმპიადის დღეებში მძიმე ავადმყოფობის შემდეგ ესპანეთში გარდაიცვალა სამარანჩის მეუღლე და სოკის პრეზიდენტს რამდენიმე დღით სიდნეის დატოვება მოუხდა. სიდნეიში დაბრუნებული მარკიზი შეეცადა, თავად წამოეწყო და განეხორციელებინა რეფორმები, ამ რეფორმების ნაწილი იყო სოკში მოქმედი სპორტსმენების შეყვანა, რაც თამაშების დახურვის ცერემონიალზე დიდი ზარ-ზეიმით აცნობეს საზოგადოებას.
სიდნეის თამაშების გმირებად აღიარეს ამერიკელი მორბენალი მერიონ ჯონსი, ჰოლანდიელი მოცურავე ინგე დე ბრუინი და ავსტრალიელი მოცურავე იან თორპი, რომლებმაც 3-3 ოქროს მედალი დაისაკუთრეს. ჯონსმა ამას დაუმატა ორი ბრინჯაოს ჯილდო, დე ბრუინმა და თორპმა - თითო ვერცხლის მედალი, იაპონელმა ძიუდოისტმა ქალმა რიოკო ნამურამ, რომელმაც ორი ოლიმპიური ფინალი წააგო ბარსელონასა და ატლანტაში, ამჯერად ოლიმპიური ოქროს მედალი აიღო. სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს წევრმა ალექსანდრ კარელინმა, თავის მეოთხე ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ იგი ყველაზე ტიტულიანი მოჭიდავე გამხდარიყო თანამედროვე ჭიდაობის მთელი ისტორიის მანძილზე. დიდბრიტანელი სტივ რედგრეივი პირველი ნიჩბოსანია, რომელმაც ზედიზედ ხუთ ოლიმპიურ თამაშებში მიიღო მონაწილეობა და ხუთივეში გაიმარჯვა. მეხუთე ოქროს მედალი მან სიდნეიში მოიპოვა. სიდნეიში კიდევ ორი ოქროს მედალი მოიგო ხუთგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, გერმანელმა ნიჩბოსანმა ბირგიტ ფიშერმა (შმიდტმა), რომელმაც უმაღლესი ჯილდო ერთადგილიანი ბაიდარით ჯერ კიდევ 20 წლით ადრე, მოსკოვის ოლიმპიადაზე მოიპოვა. სიდნეიში ამდენი ვარსკვლავის ფონზეც კი გამოირჩეოდა და მათზე პოპულარულიც იყო აბორიგენი მორბენალი კეტი ფრიმენი, რომელმაც თამაშების გახსნაზე ოლიმპიური ცეცხლი აანთო, ხოლო შემდეგ ოლიმპიური ჩემპიონი გახდა 400 მეტრზე რბენაში.
საქართველოს სპორტსმენთაგან ყველაზე გამოცდილი იყო ოლიმპიური ჩემპიონი, ტყვიის მსროლელი ნინო სალუქვაძე, რომელმაც თავის მეოთხე ოლიმპიადაზეც ვერ შეძლო მიახლოებოდა სეულში მოპოვებულ შედეგს. სიდნეის თამაშები მესამე იყო მშვილდოსნობაში 1992 წლის ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლის მფლობელ ხათუნა ქვრივიშვილისთვის, რომელიც საცხოვრებლად ამერიკაში გადავიდა და ლორიგის გვარით გამოდიოდა. ოლიმპიურ თამაშებში მეორედ გამოვიდნენ თავისუფალი სტილით მოჭიდავე ელდარ კურტანიძე, ძიუდოისტები გიორგი ვაზაგაშვილი და გიორგი რევაზიშვილი, მსროლელი ნინო უჩაძე, ტანმოვარჯიშე ილია გიორგაძე და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე კობა გულიაშვილი (მეორედ იყო ოლიმპიადის დედაქალაქში ძალოსანი მუხრან გოგიაც, მაგრამ, ისევე როგორც ატლანტაში, ტრავმის გამო შეჯიბრებაში ვერ ჩაერთო). კურტანიძემ გაიმეორა ატლანტური შედეგი და კვლავ III ადგილი დაიკავა. ბრინჯაოს მედლები ხვდათ აგრეთვე ვაზაგაშვილს, აკაკი ჩაჩუას, მუხრან ვახტანგაძეს (ორივე - ბერძნულ-რომაული ჭიდაობა), გიორგი ასანიძეს (ძალოსნობა) და ვლადიმერ ჭანტურიას (კრივი). თუ ამას ატლანტაში მოპოვებულ ორ ბრინჯაოსაც დავუმატებთ, ნათელი გახდება, რატომ დაერქვა დამოუკიდებელი საქართველოს ოლიმპიურ დებიუტს \"ბრინჯაოს ხანა\".
ქართველ სპორტსმენთა ერთი ნაწილი სიდნეიში სხვა ქვეყნის ღირსებას იცავდა. მათი რაოდენობაც და შედეგებიც საქართველოს რეალურ გუნდზე მეტი და უკეთესი იყო. ვერცხლის მედლები მოიპოვეს წყალბურთელმა რევაზ ჩომახიძემ (რუსეთი) და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე დავით სალდაძემ (უკრაინა); ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ მამით ჩოხელი და დედით ბუთხუზი დავით მუსულბესი (რუსეთი) თავისუფალ ჭიდაობაში და კახი კახიაშვილი (საბერძნეთი) ძალოსნობაში. სიდნეიში მოპოვებული წარმატებით კახი კახიაშვილი სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. სამგზის ოლიმპირი ჩემპიონი გახდა აგრეთვე მისი თანაგუნდელი პიროს დიმასი. მათ ამ წარმატებებით თურქი ნაიმ სულეიმანოღლუს მიღწევა გაიმეორეს.
საქართველოს ოლიმპიელთა შედეგები - XXVII ოლიმპიადა, სიდნეი. 36 მონაწილე. 6 ბრინჯაოს მედალი. გიორგი ვაზაგაშვილი (ძიუდო) - III, გიორგი ასანიძე (ძალოსნობა) - III, აკაკი ჩაჩუა (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა) - III, ვლადიმერ ჭანტურია (კრივი) - III, მუხრან ვახტანგაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა) - III, ელდარ კურტანიძე (თავისუფალი ჭიდაობა) - III, გენადი ჩხაიძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა) - V, დავით პოღოსიანი (თავისუფალი ჭიდაობა) - VI, ილია გიორგაძე (სპორტული ტანვარჯიში, ღერძი) - VI, ივერი ჯიქურაული (ძიუდო) - VII, რუსუდან ხოფერია (ბატუტზე ხტომა) - VIII, ტარიელ მელელაშვილი (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა) - VIII, ალექსი მოდებაძე (თავისუფალი ჭიდაობა) - X, ნინო სალუქვაძე (ტყვიის სროლა) - XI და XXV, ნესტორ ხერგიანი (ძიუდო) - სანუგეშო წრე, კობა გულიაშვილი (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა) - XIV, გურამ მჭედლიძე (თავისუფალი ჭიდაობა) - XIV, ალექსანდრე ცერცვაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა) - XV, ოთარ თუშიშვილი (თავისუფალი ჭიდაობა) - XV, საქართველოს მშვილდოსან ქალთა ნაკრები - მერვედფინალი, თეიმურაზ ხურცილავა (კრივი) - მერვედფინალი, ემზარ ბედინეიშვილი (თავისუფალი ჭიდაობა) - XVII, ვალერი სარავა (ძალოსნობა) - XVII, მირიან გიორგაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა) - XX, ინგა თავდიშვილი (მხატვრული ტანვარჯიში) - XXI, ნანა ნებიერიძე (წყალში ხტომა) - XXVI, ნინო უჩაძე (ტყვიის სროლა) - XXVIII და XXXIII, ხათუნა ქვრივიშვილი (მშვილდოსნობა) - ოცდამეთორმეტედფინალი, ხათუნა ფუტკარაძე (მშვილდოსნობა) - ოცდამეთორმეტედფინალი, ასმათ დიასამიძე (მშვილდოსნობა) - ოცდამეთორმეტედფინალი, გიორგი რევაზიშვილი (ძიუდო) - პირველი წრე, გიორგი გუგავა (ძიუდო) - პირველი წრე, ალექსი დავითაშვილი (ძიუდო) - პირველი წრე, თამარ შანიძე (მძლეოსნობა) - საკვალიფიკაციო შეჯიბრება, რუსლან რუსიძე (მძლეოსნობა) - საკვალიფიკაციო შეჯიბრება, ზურაბ ბერიძე (ცურვა) - საკვალიფიკაციო შეჯიბრება, მუხრან გოგია (ძალოსნობა) - ტრავმა.