ერთი ჩემპიონის ისტორია

ათენი 2004

25 ივნისი 2012

XXVIII ოლიმპიური თამაშები 2004, 13 -29 აგვისტო. ათენი, საბერძნეთი.

სპორტის სახეობათა რაოდენობა: 28
მედლების კომპლექტი: 301
მონაწილეობდა 202 ქვეყნის 11 099 სპორტსმენი
თამაშები გახსნა საბერძნეთის პრეზიდენტმა კონსტანტინოს სტეფანოპულოსმა
ოლიმპიადის გმირი: მაიკლ ფელპსი (აშშ)

თანამედროვეობის ოლიმპიური თამაშები 108 წლის შემდეგ მეორედ ეწვია სამშობლოს. სოკმა XXVIII ოლიმპიადის ჩატარების უფლება ათენს 1997 წლის 17 სექტემბერს მიანიჭა, მაგრამ სპორტული ობიექტების მშენებლობის ნელი ტემპების გამო თამაშების საბერძნეთში გამართვის შესაძლებლობა არაერთხელ დადგა ეჭვქვეშ. საბოლოოდ საორგანიზაციო კომიტეტმა შეძლო ვადებში ჩატეულიყო და ღირსეული მასპინძლობაც გაეწია ოლიმპიადისთვის.

თამაშები მაინც სკანდალით დაიწყო და ეს სკანდალი დაკავშირებული იყო მასპინძელთა გუნდის ორი ყველაზე სახელგანთქმული წარმომადგენლის - 200 მეტრზე რბენაში სიდნეის ოლიმპიადის ჩემპიონის კოსტას კენტერისისა და 100 მეტრზე რბენაში იმავე ასპარეზობის ვერცხლის პრიზიორის ეკატერინი თანუს სახელებთან. მათ ოლიმპიურ სოფელში დანიშნულ დოპინგ-ტესტზე დააგვიანეს, რითაც სოკის ოფიციალური წარმომადგენლები დააეჭვეს და საბოლოოდ დისკვალიფიკაციაც მიიღეს. სულ დოპინგ-ტესტის ჩაგდების გამო ათენის თამაშებზე 24 სპორტსმენს მისცეს დისკვალიფიკაცია, ხოლო ერთს, ბერძენ ძალოსანს ლეონიდას საბანისს, ოქროს მედალიც კი ჩამოართვეს. ანტისადოპინგო სანქციებით ყველაზე მეტად სწორედ მასპინძლები დაზარალდნენ.

XXVIII თამაშებში 202 ქვეყნის 11 099 სპორტსმენი მონაწილეობდა, რაც სარეკორდოა ოლიმპიადების ისტორიაში. ათენის გარდა ოლიმპიადას მასპინძლობდა ოთხი ქალაქი - თესალონიკი, ვოლოსი, ჰერაკლიო და პატრასი, სადაც ფეხბურთელთა ტურნირის წინასწარი მატჩები გაიმართა. ბერძნებმა ოლიმპიადის არენები სიაში1896 წლის თამაშების მასპინძელი მარმარილოს სტადიონიც შეიტანეს (იქ გაიმართა მშვილდოსანთა შეჯიბრებები და მარათონის ფინიში) და ანტიკური ოლიმპიის სტადიონიც, სადაც ბირთვის მკვრელთა ასპარეზობა მოეწყო. ოლიმპიადის მთავარი არენა კი საგანგებოდ ამ თამაშებისთვის აგებული ახალი სტადიონი იყო. ამ სტადიონზე თამაშების მონაწილე სპორტსმენთა სახელით ოლიმპიური ფიცი წარმოთქვა 19 წლის მოცურავემ ზოი დიმოსჩაკიმ. ამავე სტადიონზე ოლიმპიური ცეცხლი კენტერისს უნდა აენთო, მაგრამ იგი საერთოდ ჩამოაშორეს ოლიმპიადას.

ჩირაღდანი, რომელმაც მანამდე მთელი მსოფლიო და ყველა ოლიმპიური ქალაქი მოიარა, ატლანტის თამაშების ჩემპიონმა, აფროსანმა ნიკოს კაკლამანაკისმა აანთო. საბერძნეთის სხვა სახელოვან სპორტსმენებთან ერთად სტადიონის ერთ მონაკვეთზე ჩირაღდანი ატარა სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა კახი კახიაშვილმაც, რომელმაც პირველი ოლიმპიური ოქრო საქართველოს სახელით მოიპოვა, მომდევნო ორი კი - საბერძნეთის სახელით. ათენის თამაშები მეოთხე იყო კახიაშვილისთვის, მაგრამ მან ამჯერად მედლის აღება ვერ შეძლო. ეს თამაშები მეოთხე იყო კახიაშვილის თანაგუნდელის, ასევე სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის პიროს დიმასისთვისაც. მან III ადგილი დაიკავა, ოქროს მედალი კი ამ წონაში საქართველოს წარმომადგენელმა გიორგი ასანიძემ დაისაკუთრა. ეს საქართველოს სპორტსმენთა მეორე ოქროს ჯილდო იყო ათენის თამაშებში. პირველი ოქრო, რომელიც ამავე დროს დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ოქროს მედალი იყო ოლიმპიადებზე, ძიუდოისტმა ზურაბ ზვიადაურმა მოიპოვა. ზვიადაური საქართველოს დელეგაციის მედროშე იყო გახსნის ცერემონიალზე, ხოლო დროშა ამ თამაშებზე საქართველოს ახალი ჰქონდა - ხუთჯვრიანი. ეს დროშა ოლიმპიადის პირველსავე დღეს აღიმართა, როცა ჩვენმა ვეტერანმა ძიუდოისტმა ნესტორ ხერგიანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა 60 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში. ასევე II ადგილზე გავიდა რამაზ ნოზაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა). 2 ოქროსა და 2 ვერცხლის მედლით საქართველოს ოლიმპიელებმა არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში 32-ე ადგილი დაიკავეს, რაც საუკეთესო მაჩვენებელია ოლიმპიადებზე ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებელი გუნდით გამოსვლის მთელი ისტორიის მანძილზე. ათენში ორ ათეულზე მეტი ქართველი სპორტსმენი სხვა ქვეყნების სახელით გამოდიოდა. ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ ბატუტისტი ანა დოღონაძე (გერმანია), ზურაბ ზვიადაურის ბიძაშვილი ჯარჯი ზიადაური - იგივე ილიას ილიადისი (საბერძნეთი) და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ალექსანდრე დოხტურიშვილი (უზბეკეთი); ყაზახეთს ვერცხლის მედალი მოუტანა გიორგი წურწუმიამ (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა), რუსეთის სახელით მოასპარეზე რევაზ ჩომახიძე (წყალბურთი) და თეა დონღუზაშვილი (ძიუდო) კი III ადგილებზე გავიდნენ.

ქართველ ემიგრანტთა ეს გუნდი რეალურად რომ არსებულიყო, ამ შედეგით არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში 26-ე ადგილს დაიკავებდა.
ყველასგან გამორჩეულ შედეგს მიაღწია ამერიკელმა მოცურავემ მაიკლ ფელპსმა, რომელმაც 6 ოქროს და 2 ბრინჯაოს მედალი მოიგო. მანამდე ერთ თამაშებში 8 მედალი არავის მოუპოვებია. ფელპსს ერთი ოქროს მედალი დააკლდა, რომ თავისი სახელგანთქმული წინამორბედის, მარკ სპიცის რეკორდი მოეხსნა, რომელმაც მიუნხენში 7 ოქროს მედალი დაისაკუთრა. ფელპსამდე ერთ თამაშებში 6 ოქროს მედალი მოპოვებული ჰქონდათ აღმოსალეთგერმანელ მოცურავეს კრისტინ ოტოს (სეულში) და გაერთიანებული გუნდის წევრს, ტანმოვარჯიშე ვიტალი შჩერბოს (ბარსლონაში).

ათენში 3-3 ოქროს მედალი მოიპოვეს ავსტრალიელმა მოცურავეებმა პეტრია თომასმა და ჯოდი ჰენრიმ, ამერიკელმა მოცურავემ აარონ პიერსოლმა და რუმინელმა ტანმოვარჯიშემ კატალინა პონორმა. 17 სპორტსმენმა 2-2 ოქროს მედალი დაიმსახურა. 2 ოქროს მედალი მოიპოვა აგრეთვე წინა თამაშების ერთ-ერთმა გმირმა, სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ავსტრალიელმა მოცურავემ იან თორპმაც. ზედიზედ მესამე ოქროს მედალი მოიგო იაპონელმა ძიუდოისტმა ტადეჰირო ნომურამ. სწორედ მასთან დამარცხდა ფინალში ჩვენი ნესტორ ხერგიანი. არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში პირველი ოთხეული ათენშიც იგივე იყო, რაც სიდნეიში, იმ განსხვავებით, რომ ჩინეთმა რუსეთი მეორე ადგილიდან მესამეზე ჩამოაქვეითა, თავად კი მისი ადგილი დაიკავა. სიდნეიში ნაჩვენები შედეგები საგრძნობლად გააუმჯობესეს იაპონიამ, ახალმა ზელანდიამ და უკრაინამ. იმ ქვეყნების რიგს, რომლებმაც სიდნეიში ოქროს მედლები მოიპოვეს, საქართველოს გარდა მიემატნენ ბრაზილია, იამაიკა, მაროკო, არგენტინა, ჩილე, სამხრეთი აფრიკა, ეგვიპტე და ზიმბაბვე;

გამოაკლდნენ ფინეთი, სლოვენია, მექსიკა, ალჟირი, ლატვია, ესტონეთი, კოლუმბია და მოზამბიკი. ათენის თამაშები ერთი სამწუხარო კურიოზით დასრულდა, რომელიც ოლიმპიადის ბოლო მედლის გათამაშებისას მარათონის ტრასაზე მოხდა: სტარტიდანვე დაწინაურებულ ბრაზილიელ ვანდერლეი დე ლიმას ფინიშამდე ხუთი კილომეტრიღა რჩებოდა, როცა ტრასაზე ვიღაც გულშემატკივარი გამოუვარდა და მორბენალი ხელის კვრით მაყურებელთა ჯგუფში შეაგდო. (როგორც შემდეგ გაირკვა, ეს იყო ირლანდიელი მღვდელი კორნელიუს ჰორანი, რომელსაც მანამდე, სხვა შეჯიბრებებზეც უცდია, ასეთი გზით მიეპყრო საზოგადოების ყურადღება თავისი ქვეყნის პრობლემებისადმი.) მართალია, ბრაზილიელმა ამ ინციდენტის შემდეგ რბენა გააგრძელა, მაგრამ რიტმიდან ამოვარდნა გამარჯვების ფასად დაუჯდა და ისღა მოახერხა, რომ III ადგილზე გავიდა. სოკის პრეზიდენტმა ჟაკ როგმა ვანდერლეი დე ლიმას თამაშების ბრინჯაოს მედალთან და ზეთისხილის გვირგვინთან ერთად პიერ დე კუბერტენის მედალიც გადასცა.

საქართველოს ოლიმპიელთა შედეგები - XXVIII ოლიმპიადა, ათენი. 33 მონაწილე. 2 ოქროს და 2 ბრინჯაოს მედალი. ზურაბ ზვიადაური (ძიუდო)-I, გიორგი ასანიძე (ძალოსნობა)-I, ნესტორ ხერგიანი (ძიუდო)-II, რამაზ ნოზაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა)-II, დავით მარგოშვილი (ძიუდო)-V, დავით პოღოსიანი (თავისუფალი ჭიდაობა)-V, ირაკლი ჭოჭუა (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა)-VI, დავით ქევხიშვილი (ძიუდო)-VII, ნინო სალუქვაძე (ტყვიის სროლა)-VIII და X, ელდარ კურტანიძე (თავისუფალი ჭიდაობა)-VIII, რუსუდან ხოფერია (ბატუტზე ხტომა)-IX, აკაკი ჩაჩუა (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა)-IX, ივერი ჯიქურაული (ძიუდო)-IX, რევაზ მინდორაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა)-XIII, ალექსი მოდებაძე (თავისუფალი ჭიდაობა)-XIV, გელა საღირაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა)-XIV, არსენ კასაბიევი (ძალოსნობა)-XIV, მირიან გიორგაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა)-XV, ნიკოლოზ იზორია (კრივი)-მერვედფინალი, მუხრან ვახტანგაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა)-XVIII, ითარ თუშიშვილი (თავისუფალი ჭიდაობა)-XXI, ილია გიორგაძე (სპორტული ტანვარჯიში, მრავალჭიდი)-XXII, კონსტანტინე კუპატაძე (კრივი)-მეორე წრე, გრიგოლ მამრიკიშვილი (ძიუდო)-პირველი წრე, ლაშა გუჯეჯიანი (ძიუდო)-პირველი წრე, ხათუნა ნარიმანიძე-ფუტკარაძე (მშვილდოსნობა) - ოცდამეთორმეტედფინალი, ქრისტინე ესებუა (მშვილდოსნობა) - ოცდამეთორმეტედფინალი, მარიამ ქევხიშვილი (მძლეოსნობა)-საკვალიფიკაციო შეჯიბრება, დავით ილარიანი (მძლეოსნობა)-საკვალიფიკაციო შეჯიბრება, იულია იუდინა (მძლეოსნობა)-საკვალიფიკაციო შეჯიბრება, ზურაბ ხომასურიძე (ცურვა) -საკვალიფიკაციო შეჯიბრება, მანუჩარ კვირკველია (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა)-დისკვალიფიკაცია, ირაკლი ლაბაძე (ჩოგბურთი)-ტრავმა.