შამონი 1924
25 ივნისი 2012
სპორტის სახეობათა რაოდენობა : 6
მედლების კომპლექტი : 16
მონაწილეობდა 16 ქვეყნის 258 სპორტსმენი (11 ქალი)
თამაშები გახსნა გასტონ ვიდალი - ფიზიკური განათლების მინისტრიეს მოადგილე
შამონის ზამთრის I ოლიმპიური თამაშები, 1924. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის 1922 წლის სესიაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, 1924 წელს შამონი-მონბლანში გაიმართა "საერთაშორისო სპორტული კვირეული VIII ოლიმპიადასთან დაკავშირებით". 1925 წლის 27 მაისს პრაღაში ჩატარებულ ოლიმპიურ კონგრესზე სოკმა ეს სპორტულიკვირეული ოფიციალურად აღიარა ზამთრის პირველ ოლიმპიურ თამაშებად.
"კვირეული" ოფიხიალურად გახსნა საფრანგეთის ფიზიკური განათლების მინისტრიეს მოადგილემ გასტონ ვიდალმა. მონაწილეთა სახელით ოლიმპიური ფიცი წარმოთქვა ჩვიდმეტივე ქვეყნის მედროშემ. მასპინძელთა მხრიდან ეს იყო მოთხილამურე კამილ მანდრიონი და ოლიმპიურ ანალებშიც სწორედ მისი სახელი შევიდა.
შეჯიბრებები გაიმართა სპორტის ექვს სახეობაში: თხილამურობაში, რომელშიც შედიოდა საკუთრივ თხილამურებით რბოლა, ტრამპლინიდან ხტომა და ჩრდილოური ორჭიდი; ბობსლეიში; ჩქაროსნულ ციგურაობაში; ფიგურალ ციგურაობასა და ჰოკეიში. ქერლინგი და სამხედრო პატრულთა სათხილამურო რბოლა სადემონსტრაციო სახეობებად იყო წარმოდგენილი. სკანდინავიელთა საერთო აშკარა უპირატესობის მიუხედავად, ზამთრის პირველი ოლიმპიური თამაშების პირველი ოქროს მედალი ამერიკელს ხვდა - ჩარლზ ჯეტროუმ 26 იანვარს ყველას აჯობა 500 მეტრიან დისტანციაზე ციგურებით რბოლაში. ეს ერთადერთი მედალი იყო ამ სახეობაში, რომელიც ფინელებმა და ნორვეგიელებმა დათმეს.
3-3 ოლიმპიური ოქროს მედალი მოიპოვეს ნორვეგიელმა მოთხილამურე ტურლეიფ ჰაუგმა და ფინელმა მოციგურავემ კლას ტურნბერგმა. ჰაუგმა ორივე სათხილამურო დისტანცია და ჩრდილოური ორჭიდი მოიგო, ტურნბერგი კი პირველი იყო 1500 და 5000 მეტრზე ციგურაობასა და საციგურაო მრავალჭიდში. ამას გარდა, ტურნბერგმა ერთი ვერცხლის მედალიც დაისაკუთრა 10 კილომეტრიან დისტანციაზე, ჰაუგმა კი ბრინჯაოს ჯილდოც მიიღო ტრამპლინიდან ხტომაში. საერთოდ, სამ სათხილამურო დისციპლინაში გათამაშებული ყველა მედალი ნორვეგიელებს დარჩათ. ნახევარი საუკუნის შემდეგ სპორტის ისტორიის ნორვეგიელმა მკვლევარმა იაკობ ვააგემ დაადგინა, რომ ქულები არასწორად იყო შეჯამებული და ბრინჯაოს მედალი სინამდვილეში ჰაუგის თითქმის მოგვარეს - ანდერს ჰაუგენს ეკუთვნოდა.
1974 წელს ჰაუგი ცოცხალი აღარ იყო და 86 წლის ჰაუგენს ბრინჯაოს მედალი მისმა ქალიშვილმა გადასცა. იმის მიუხედავად, რომ შამონის თამაშებში ამერიკის შეერთებული შტატების ღირსებას იცავდა, წარმოშობით ანდერს ჰაუგენიც ნორვეგიელი იყო. ტრამპლინიდან ხტომა ნორვეგიელმა იაკობ ტულინ-თამსმა მოიგო. 12 წლის შემდეგ იგი ბერლინის ოლიმპიადაზეც გამოვიდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა 8 -მეტრიანი იახტებით ასპარეზობაში. იაკობ ტულინი ერთ-ერთია იმ ოთხად ოთხი სპორტსმენიდან, რომლებმაც ოლიმპიური მედლები მოიპოვეს როგორც ზაფხულის, ისე ზამთრის თამაშებში.
ბობსლეიში ოქროს პირველი ოლიმპიური მედლები შვეიცარიელთა ოთხეულმა მოიგო. გამარჯვებულთა შორის იყვნენ ძმები ალფრედ და ჰაინრიხ შლაპები. ჰოკეიში პირველ ადგილზე გავიდნენ კანადელები, რომელთა უპირატესობა იმდენად აშკარა იყო, რომ ჩეხოსლოვაკიელებს მათ 30:0 მოუგეს, შვეიცარიელებს კი - 33:0. სულ კანადელებმა 5 მატჩში 110 გოლი გაიტანეს, მათ კარში კი მხოლოდ 3 გავიდა. ერთადერთი სახეობა, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებმა რამდენიმე თანაბარი ბრძოლა გამართეს, ფიგურული ციგურაობა იყო. ყველას ავსტრიელებმა აჯობეს და 2 ოქროს მედალი მოიპოვეს: წყვილთა შორის ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ ჰელენ ენგელმანი და ალფრედ ბერგერი, ქალთა შეჯიბრებაში კი ავსტრიელმა ჰერმა პლანკ-საბომ გაიმარჯვა. ქალებში VIII ადგილი დაიკავა თამაშების ყველაზე ნორჩმა მონაწილემ - 11 წლის ნორვეგიელმა გოგონამ სონია ჰენიმ - მომავალი სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა.