ლეიქ პლესიდი 1932

25 ივნისი 2012

ლეიკ-პლესიდის ზამთრის III ოლიმპიური თამაშები, 1932. ამ წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს, ისევე როგორც ზაფხულის ოლიმპიადას, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უმასპინძლა. თამაშები ნიუ-იორკის შტატში მდებარე პატარა სოფელში, ლეიკ-პლესიდში გაიმართა. ლეიკ-პლესიდის გარდა ოლიმპიადის მასპინძლობაზე პრეტენზიას აცხადებდა მონრეალი (კანადა) და აშშ-ს კიდევ 5 ქალაქი თუ სოფელი: ბეარ-მაუნთინი (ნიუ-იორკი), დენვერი (კოლორადო), დალათი (მინესოტა) და იოსემიტ-ველი (კალიფორნია).

 

თამაშების ორგანიზატორები იმთავითვე შიშობდნენ, რომ გზის სიშორისა და მგზავრობის სიძვირის გამო, ევროპის ბევრი ქვეყანა ვერ შეძლებდა ოკეანის გაღმა დელეგაციის გაგზავნას. მართლაც, მონაწილეთა რაოდენობა თითქმის 2-ჯერ ნაკლები იყო, ვიდრე წინა თამაშებზე. ფინეთმა სულ 7 კაცი გაგზავნა თამაშებზე, შვედეთმა - 12. მონაწილეთა სამი მეხუთედი - 150 სპორტსმენი აშშ-ს წარმომადგენელი იყო. გახსნის ცერემონიაზე დიდი ბრიტანეთის დროშა მოჰქონდა მოთხილამურე მორი ფილიპსს. იგი პირველი ოლიმპიელი მედროშე ქალია როგორც ზამთრის, ისე ზაფხულის თამაშების ისტორიაში. ასპარეზობა ოფიციალურად გახსნა ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორმა ფრანკლინ დელანო რუზველტმა, რომელიც 1 წელიწადში აშშ-ის პრეზიდენტი გახდა.

 

თამაშების მთავარი მოულოდნელობა იყო ის, რომ ორგანიზატორებმა ჩქაროსნულ ციგურაობაში უარი თქვეს საერთაშორისო წესებზე და წყვილთა სტარტების ნაცვლად შეჯიბრება ამერიკულ ყაიდაზე - საერთო სტარტით ჩაატარეს. ამი გამო ტურნირის მთავარმა ფავორიტმა, ხუთგზის ჩემპიონმა, 39 წლის ფინელმა სპორტსმენმაკლას თუნბერგმა სარბიელზე გამოსვლაზე უარი თქვა. მეორე ფავორიტი ნორვეგიელი ოლიმპიური ჩემპიონი ივარ ბალანგრუდი, მართალია სტარტზე გამოვიდა, მაგრამ მისთვის უჩვეულო პირობებში ვერცხლის მედალს დასჯერდა. ოლიმპიადის დამთავრებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ლეიკ-პლესიდში გაიმართა მსოფლიოს ჩემპიონატი. ეს ასპარეზობა საერთაშორისო წესებით ჩატარდა და სკანდინავიელებმა ადვილად დაამტკიცეს თავიანთი მაღალი კლასი, ოლიმპიურ თამაშებში კი გამარჯვება ამერიკელებს დარჩათ. ოთხივე ოქროს მედალი მათ მოიგეს: 500 და 1500 მეტრზე გაიმარჯვა ჯეკ შეამ, 5000 და 10000 მეტრზე კი - ირვინგ ჯეფიმ (ორგზის ჩემპიონობის გარდა ჯეკ შეა იმითაც შევიდა ოლიმპიადების ისტორიაში, რომ სწორედ მან წარმოთქვა ოლიმპიური ფიცი სპორტსმენთა სახელით. 1980 წელს, როცა ოლიმპიური თამაშები კვლავ გაიმართა ლეიკ-პლესიდში, შეა საორგანიზაციო კომიტეტში შეიყვანეს. ოლიმპიელი იყო მისი შვილიც, ხოლო შვილიშვილი 2002 წელს სოლტ-ლეიკ-სიტიში ოლიმპიური ჩემპიონი გახდა).

 

ჩქაროსნული ციგურაობის გარდა ამერიკელთა უპირატესობა აშკარა იყო ბობსლეიშიც: გათამასებული 6 მედლიდან 4 მათ მოიგეს. მხოლოდ 1 ვერცხლის მედალი დაუთმეს შვეიცარიელებს და 1 ბრინჯაო - გერმანელებს. ოქროს მედლები ზედიზედ მეროედ მოიპოვეს ამერიკელებმა უილიამ ფისკემ და ჯეი ო'ბრაიენმა, ჯეი ო'ბრაიენს სულ 7 დღეღა აკლდა 49 წლამდე, როცა მეორედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი - იგი ყველაზე ხანდაზმული ჩემპიონია ზამთრის თამაშების ისტორიაში. ო'ბრაიენთან ერთა ოთხკაციანი ბობებით შეჯიბრებაში ოლიმპიური ჩემპიონობა მოიპოვა კიდევ ერთმა ვეტერანმა, 34 წლის ედი იგანმა. ეს მისი მეორე ოლიმპიური თამაშები და მეორე ოლიმპიური ოქროს მედალი იყო: 12 წლით ადრე, 1920 წლის თამაშებში, იგანმა პირველი ადგილი დაიკავა კრივში. იგი ერთ-ერთია იმ ოთხ სპორტსმენს შორის, რომლებმაც მედლები მოიპოვეს, როგორც ზაფხულის, ისე ზამთრის ოლიმპიადაზე და ერთადერთია, ვინც ორივე თამაშებში ჩემპიონი გახდა. ბობსლეისტთა შეჯიბრებები თამაშების ოფიციალურად დახურვის შემდეგ გაიმართა, რადგან უთოვლობის გამო ტრასა გაფუჭდა და ორგანიზატორებს თოვლის შეზიდვა კანადიდან მოუხდათ. ეს იყო ერთადერთი შემთხვევა ოლიმპიადის ისტორიაში, როცა ასპარეზობა სხვა ქვეყნიდან შეზიდული თოვლით გაკეთებულ ტრასაზე გაიმართა (თამაშების გახსნის დღეს ამ ღარში, რომელიც მაშინ ამერიკული თოვლით იყო დატკეპნილი, შტატის გუბერნატორისა და მომავალში აშშ-ს პრეზიდენტის მეუღლე, ელეონორა რუზველტი ჩამოსრიალდა).

 

ჰოკეიში სულ 4 გუნდი ასპარეზობდა. ამ სახეობასი, ამერიკელები მეორე ადგილზე გავიდნენ, ჩემპიონები კი, ისევე როგორც წინა თამაშებში კანადელები გახდნენ. მესამე ადგილი გერმანელებს ხვდათ. ორ დანარჩენ სახეობაში - თხილამურობასა და ფიგურულ ციგურაობაში - ევროპელებმა აშკარად დაჯაბნეს ამერიკელები. თხილამურობაში ნორვეგიელებმა 2 ოქროს, 2 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ფინელებმა მოიგეს ყველა ხარისხის თითო მედალი, სვედებმა კი - 1 ოქროსი და 1 ვერცხლისა. ციგურაობაში წინა თამაშებზე მოპოვებული ტიტული დაიცვეს სონია ჰენიმ და ფრანგების წყვილმა (ანდრეა ჟოლი და პიერ ბრიუნები). სონია ჰენის შვიდივე მსაჯმა უმაღლესი შეფასება მისცა. ფრანგების წყვილი პირველია, რომელმაც ოლიმპიური ჩემპიონობა დაქორწინებამდე მოიპოვა და დაქორწინების შემდეგაც. თავისი წარმატების გამეორებასტან ახლოს იყო სახელოვანი გილის გრაფსტრომიც: ნებისმიერი პორგრამის შემდეგ იგი უსწრებდა ერთადერთ რეალურ კონკურენტს - ავსტრიელ კარლ შეფერს, მაგრამ სავალდებულო პროგრამის შესრულებისას უხერხულად დადგმულ კინოკამერას დაეტაკა და მეოთხე ოლიმპიური ოქროს ნაცვლად პირველი ვერცხლის მედალი ერგო. ტრამპლინიდან ხტომაში სამივე მედალი ნორვეგიელებს ხვდათ. ოლიმპიური ჩემპიონი გახდა ბირგერ რუუდი (მისმა უფროსმა ძმამ, ზიგმუნდმა წინა თამაშებზე სანქტ-მორიცში ტრამპლინიდან ხტომაში ვერცხლის მედალი მოიპოვა).