გარმიშ-პარტენკინხენი 1936
25 ივნისი 2012
IV ზამთრის ოლიმპიური თამაშები 1936, 6 - 16 თებერვალი. გარმიშ-პარტენკინხენი, გერმანია
სხვა კანდიდატები:
- მონრეალი
- სენტ - მორისი
სპორტის სახეობათა რაოდენობა : 4
მედლების კომპლექტი :17
მონაწილეობდა 28 ქვეყნის 646 სპორტსმენი (მათ შორის 80 ქალი)
თამაშები გახსნა: ადოლფ ჰიტლერი
გარმიშ -პარტენკირხენის ზამთრის IV ოლიმპიური თამაშები, 1936. ზამთრის IV ოლიმპიურ თამაშებში ერთმანეთს გვერდი-გვერდ მდებარე ორ ბავარიულ სოფელში - გარმიშსა და პარტენკირხენში გაიმართა. ამ სოფლების გარდა, ოლიმპიადის მასპინძლობა სურდათ მონრეალსა (კანადა) და სანქტ-მორიცს (შვეიცარია).
გარმიშ-პარტენკირხენში საასპარეზოდ შეიკრიბა მონაწილეთა რეკორდული რაოდენობა -646 სპორტსმენი. ზამთრის თამაშებზე პირველად გაგზავნეს სპორტსმენები ბულგარეთმა, ესპანეთმა, თურქეთმა, ლიხტენშტეინმა და ავსტრალიამ. ოლიმპიადის საზეიმო გახსნას, რომელიც ტრამპლინიდან მხტომელთა ასპარეზობით დასრულდა, 150 ათასი კაცი ადევნებდა თვალს. სულ გარმიშ-პარტენკირხენის თამაშებზე ნახევარი მილიონი ბილეთი გაიყიდა. თამაშები ოფიციალურად გახსნა გერმანიის კანცლერმა ადოლფ ჰიტლერმა.
ფაშისტური გერმანიის პოლიტიკურმა ვითარებამ თავისი დაღი დაასვა თამაშებს. "ნიურნბერგის კანონის" თანახმად, ებრაელები დაბალ რასად გამოცხადდნენ და ქვეყანაში სასტიკი ანტისემიტიზმი გამეფდა. გარმიშსა და პარტენკირხენში ტუალეტებზე მიმაგრებული იყო წარწერა: "ძაღლებისა და ებრაელებისათვის შესვლა აკრძალულია!" საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ანრი დე ბაიე-ლატურმა ჰიტლერს განუცხადა: "ასეთი წარწერა ეწინააღმდეგება ოლიმპიურ ტრადიციას!" , რაზეც ჰიტლერმა მიუგო: "როდესაც სტუმრად მიგიპატიჟებენ, მასპინძლის ნებას უნდა დაჰყვეთ!" ანრი დე ბაიე-ლატურის პასუხი ასეთი იყო: "უკაცრავად კანცლერო, მაგრამ როცა სტადიონზე ოლიმპიური დროშა ფრიალებს, ეს გერმანია არ არის, ეს ოლიმპიაა და აქ მასპინძლები ჩვენ ვართ!" ორგანიზატორები იძულებულები გახდნენ უღირსი წარწერები მოეხსნათ. არაერთმა ცნობილმა სპორტსმენმა უარი თქვა გერმანიაში გამართულ თამაშებში მონაწილეობაზე. მათ შორის იყვნენ ორგზის ოლიმპიური ჩემპიონები: ანდრეა ჟოლი-ბრიუნე, პიერ ბრიუნე და ჯეკ შეა.
გარმიშ-პარტენკირხენის თამაშების პროგრამას დაემატა სამთო თხილამურობა. გარდა ამისა, ოლიმპიადების ისტორიაში პირველად გაიმართა სათხილამურო ესტაფეტა. ახალ ოლიმპიურ სახეობაში - სამთო თხილამურობაში აშკარა იყო გერმანელთა უპირატესობა: მათ ორივე სახეობაში - კაცთა და ქალთა კომბინაციაში (სწრაფდაშვება და სლალომი) ოქროსა და ვერცხლის მედლები მოიპოვეს. მასპინძლებმა მხოლოდ ბრინჯაოს მედლები დაუთმეს ფრანგებსა და ნორვეგიელებს. წინა თამაშებში მოპოვებული ჩემპიონის ტიტული გარმიშ-პარტენკირხენში წარმატებით დაიცვა და კიდევ ერთი ოქროს მედალი დაისაკუთრა ნორვეგიელმა ტრამპლინიდან მხტომელმა ბირგერ რუუდმა, რომელმაც მანამდე სამთო-სათხილამურო კომბინაციის ერთი დისციპლინა - სწრაფდაშვება მოიგო, საბოლოოდ კი 4 ადგილზე გავიდა.
ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული დაიცვეს აგრეთვე ფიგურისტებმა - ავსტრილემა კარლ შეფერმა და ნორვეგიელმა სონია ჰენიმ, რომელიც იმ დროისათვის უკვე საქვეყნოდ ცნობილი კინოვარსკვლავიც იყო. ჩქაროსნულ ციგურაობაში ნორვეგიელ ივარ ბალანგრუდს 4 ოლიმპიურ დისტანციაზე 3 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი ერგო. მეორე ნორვეგიელმა, ოდბიორნ ჰაგენმა, 1 ოქროს და 2 ვერცხლის მედალი მოიპოვა თხილამურობაში. გერმანელმა ფიგურისტმა ერნსტ ბაიერმა ამ თამაშებზე 2 ოლიმპიური მედალი დაისაკუთრა: იგი ჩემპიონი გახდა წყვილებში მაქსი ჰერბერთან ერთად. ბობსლეიში 1 ოქროსა და 2 ვერცხლის მედალი მოიპოვეს შვეიცარიელებმა, 1 ოქროს და 1 ბრინჯაოს ჯილდო ხვდათ ამერიკელებს.
ოლიმპიადის მთავარი მოულოდნელობა იყო, კანადელი ჰოკეისტების მარცხი ბრიტანელებთან ფინალურ მატჩში. ინგლისელთა ეს წარმატება დიდი ბრიტანეთის ჰოკეის ფედერაციის გენერალური მდივნის ბანი ეჰერნის დამსახურებაა. 1934 წელს ეჰერნი მივლინებით ეწვია კანადას და შეადგინა ამ ქვეყანაში რეგისტრირებული იმ ჰოკეისტთა სია, რომლებიც ბრიტანეთის კუნძულებზე იყვნენ დაბადებულნი, უკვე ოლიმპიადის წინ მათგან 8 გადაიბირა და ბრიტანელთა გუნდი ისე გააძლიერა, მასთან გამკლავება ვერავინ შეძლო. კანადის დელეგაციის ხელმძღვანელობამ პროტესტი განაცხადა, მაგრამ იგი არ დააკმაყოფილეს. ჰოკეისტთა ტურნირში გერმანიის ღირსებას იცავდა რუდი ბალი, წინა თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი. გერმანელებმა თავიანთ ოლიმპიურ გუნდში ორად ორი ებრაელი შეიყვანეს. მათგან ერთი ბალი იყო. საამისოდ, იგი სპეციალურად ჩამოიყვანეს საფრანგეთიდან, სადაც გერმანიიდან განდევნის შემდეგ დასახლდა.