ერთი ჩემპიონის ისტორია

ინსბრუკი 1964

25 ივნისი 2012

IX ზამთრის  ოლიმპიური თამაშები 1964, 29იანვარი -9 თებერვალი. ინსბრუკი, ავსტრია  

სხვა კანდიდატები:

 

  • კალგარი
  • ლახტი

 

სპორტის სახეობათა რაოდენობა : 6

მედლების კომპლექტი :35

მონაწილეობდა 36 ქვეყნის 1091 სპორტსმენი (მათ შორის 199ქალი)

თამაშები გახსნა:  ადოლფ შარფი - ავსტრიის  პრეზიდენტი  

 

ინსბრუკის ზამთრის IX ოლიმპიური თამაშები, 1964. თამაშების მასპინძლობის სურვილი სამმა ქალაქმა გამოთქვა: ინსბრუკმა (ავსტრია), კალგარიმ (კანადა) და ლაჰტი (შვედეთი). წინა არჩევნებში სულ 2 ხმით დამარცხებულმა ინსბრუკმა ამჯერად დიდი უპირატესობით გაიმარჯვა: მან 49 ხმა მიიღო, კალგარის სულ 9 ხმა ხვდა, ლაჰტის კი არც ერთი. საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს ძალიან იშვიათად გაუკეთებია ასეთი სწორი არჩევანი. ინსბრუკი ერთადერთია როგორც ზამთრის, ისე ზაფხულის ოლიმპიურ ქალაქებს შორის, სადაც თამაშების გეოგრაფიული არეალი ქალაქის ცენტრიდან 30 კმ არ გასცილებია.

 

ამის წყალობით ოლიმპიადას მილიონზე მეტი გულშემატკივარი დაესწრო, ინსბრუკიდან გადაცემული სატელევიზიო რეპორტაჟები კი მილიარდამდე მაყურებელმა ნახა. ოლიმპიურ თამაშებზე ოფიციალურად პირველად ინსბრუკში გამოჩნდა კომპიუტერები და, ასევე პირველად, დრო ელექტრონულად აღინუსხებოდა. ზამთრის თამაშების მონაწილეთა საერთო რიცხვმა აქ პირველად გადააჭარბა ათასს. გდრ და გფრ ისევ გერმანიის ერთიანი გუნდის სახელით გამოდიოდნენ. ეს თამაშები პირველი იყო მონღოლეთისა და ინდოეთისთვის, კორეა 2 გუნდით - ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის გუნდებით გამოვიდა. თამაშები ოფიციალურად გახსნა ავსტრიის პრეზიდენტმა ადოლფ შიორფმა; ოლიმპიური ჩირაღდანი აანთო მოციგურავე იოზეფ რიედერმა; სპორტსმენთა სახელით ოლიმპური ფიცი წარმოთქვა ავსტრიელმა ბობსლეისტმა პაულ ასტემ.

 

ორგანიზატორებს ასპარეზობის დაწყებამდე სერიოზული პრობლემები შეექმნათ: თბილი ამინდების გამო თოვლი დადნა. თამაშების გახსნამდე რამდენიმე დღით ადრე, საგანგებოდ მობილიზებულმა ავსტრიელმა ჯარისკაცებმა 20 000 კუბური მეტრი თოვლი მოზიდეს, რათა სათხილამურო, საციგაო და ბობსლეის ტრასები საჭირო კონდიციებამდე მიეყვანათ. თამაშების პროგრამაში იყო სპორტის 8 სახეობა (სამთო თხილამურობა, თხილამურებით რბოლა, ბიათლონი, ჩქაროსნული ციგურაობა, ფიგურული ციგურაობა, ბობსლეი, ციგაობა და ყინულის ჰოკეი). ინსბრუკში პირველად გაიმართა შეჯიბრებები ციგაობაში როგორც კაცთა, ისე ქალთა შორის; გარდა ამისა, პირველად მოეწყო მხტომელთა ასპარეზობა 2 სხვადასხვა სიმაღლის ტრამპლინზე.

 

თამაშებში დიდ წარმატებას მიაღწიეს საბჭოთა კავშირის სპორტსმენმა ქალებმა. ჩქაროსნულ ციგურაობაში ლიდია სკობლიკოვამ სკვო-ველიში მოპოვებულ 2 ოლიმპიურ ოქროს მედალს ინსბრუკში კიდევ 4 დაუმატა და ექვსგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა; სკობლიკოვამ ყველა დისტანცია მოიგო. ასეთი წარმატება არც მანამდე და არც მას შემდეგ არავის მოუპოვებია. 3 ოქროს მედალი დაისაკუთრა კლავდია ბოიარსკიხმა, რომელმაც თხილამურებით რბოლაში ყველა დისტანცია მოიგო. თავის მესამე ოლიმპიადაზე კიდევ 2 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა შვედმა მოთხილამურემ სიქსტინ იერნბერგმა, რომელსაც წინა თამაშებში უკვე მოპოვებული ჰქონდა 2 ოქროს, 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი. სამთო თხილამურობაში 1 ოქროსა (სლალომში) და 1 ბრინჯაოს (გიგანტური სლალომი) მედალი ხვდა ავსტრიელ იოზეფ სტიგლერს.

ქალთა შორის წარმატებას მიაღწიეს ფრანგმა დებმა კრისტინ და მარიელ გოიჩელებმა. სლალომში კრისტინი პირველი იყო, მარიელი - მეორე, გიგანტურ სლალომში კი დებმა ადგილები გაცვალეს. ისინი პირველი დები არიან, რომლებმაც ერთ თამაშებში მოიპოვეს ოლიმპიური ჩემპიონობა. გოიჩელებივით გაინაწილეს ოქროს და ვერცხლის მედლები ტრამპლინიდან მხტომელებმა - ნორვეგიელმა ტორაფ ენგანმა და ფინელმა ვეიკო კანკონენმა. 70 მეტრიანი ტრამპლინიდან ხტომა ფინელმა მოიგო, ხოლო შვედი მეორე იყო, 90 მეტრიანი ტრამპლინიდან ხტომაში კი მათ ადგილები გაცვალეს. ფინელმა მოთხილამურემ ეერო მიანტიურანტამ 2 ოქროსა და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვა. დები გოიჩელებისა და ტრამპლინიდან მხტომელტა გარდა თითო ოქროს და თითო ვერცხლის მედალი ხვდათ შვედ მოთხილამურეს ასარ რონლუნდს და საბჭოთა მოთხილამურეს ევდოკია მეკშილოს. ნორვეგიელმა მოციგურავემ კნუტ იოჰანენსენმა 1 ოქროსა და 1 ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა.

 

ბობსლეიში ჩემპიონები გახდნენ დიდი ბრიტანეთისა (ორადგილიანი) და კანადის (ოთხადგილიანი) ეკიპაჟები. ბრიტანელები ტონი ნაშისა და რობინ დიქსონის ოქტოს მედალი იყო პირველი უმაღლესი ჯილდო, რომელიც ბობსლეიში არამთიანი ქვეყნის წარმომადგენლებმა მოიგეს. მეტიც, იმ დროს ბრიტანეთში საერთოდ არ არსებობდა ბობსლეის ტრასა. ახალ ოლიმპიურ სახეობაში - ციგაობაში გათამაშებული 9 მედლიდან 4 აღმოსავლეთ გერმანელებმა მოიგეს: მათ I - II ადილები დაიკავეს ერთადგილიანებში როგორც კაცთა, ისე ქალთა შორის. სამი მედალი ავსტრიელებს ხვდათ, რომლებმაც ორადგილიანებში ოქროსა და ვერცხლის მედლები მოიპოვეს, ქალებში კი- ბრინჯაოსი. ფიგურულ ციგურაობაში უდავო ფავორიტად ითვლებოდა გერმენლთა წყვილი (მარიკა კილიუსი -ჰანს-იურგენ ბაუმლერი), მაგრამ ჩემპიონები საბჭოთა ფიგურისტები გახდნენ - ცოლ-ქმარი ლუდმილა ბელოუსოვა და ოლეგ პროტოპოპოვი. მათ ამ სახეობაში ახალი კონცეფცია- კლასიკური ბალეტის სტილი და ილეთები შემოიტანეს. გერმანელთა წყვილი II ადგილზე გავიდა, მაგრამ 2 წლის შემდეგ, როცა მათი ფარული პროფესიონალიზმი გამომჟღავნდა, სოკმა კილიუსსა და ბაუმლერს დისკვალიფიკაცია მისცა (მოგვიანებით, 1987 წელს, ისევ სოკმა მოახდინა მათი რეაბილიტაცია). ერთეულთა თანრიგში გაიმარჯვეს სიუკიე დიიკსტრამ (ქალებში) და მანფრედ შნელდორფერმა (კაცებში). დიიკსტრა პირველი ჰოლანდიელია, რომელმაც ზამთრის თამაშების ოქროს მედალი მოიგო.

 

ჰოკეიში კვარცხლბეკის სამივე საფეხური ევროპელებმა დაიკავეს: საბჭოელები ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ (მათ 73 შაიბა გაიტანეს და მხოლოდ 11 გაუშვეს), ვერცხლის მედლები შვედებს ერგოთ, ბრინჯაოსი - ჩეხოსლოვაკიელებს. ოლიმპიურ ჩემპიონთა შორის იყვნენ ტყუპი ძმები - ბორის და ევგენი მაიოროვები; ისინი ზამთრის თამაშების პირველი ტყუპი ჩემპიონები არიან. რუმინეთის ჰოკეისტთა გუნდში, რომელიც მე-12 ადგილზე გავიდა, თამაშობდა შემდგომ სახლეგანთქმული პროფესიონალი ჩოგბურთელი იონ ცირიაკი. იგი ილიე ნასტასესთან ერთად გამოდიოდა წყვილთა თანრიგში და თბილისშიც უთამაშია. თამაშების ერთადერთმა ქართველმა მონაწილემ - სსრკ გუნდის წევრმა კობა წაქაძემ 90 მეტრიანი ტრამპლინიდან ხტომაში 27-ე ადგილი დაიკავა; ეს მისი ზედიზედ მესამე თამაშები იყო.

 

საქართველოს ოლიმპილთა შედეგები:

 

1.   კობა წაქაძე - ტრამპლინიდან ხტომა, 120 მ - 27 ადგილი