ერთი ჩემპიონის ისტორია

გრენობლი 1968

25 ივნისი 2012

X ზამთრის  ოლიმპიური თამაშები 1968, 6-18 თებერვალი. გრენობლი,საფრანგეთი  

სხვა კანდიდატები:

  • კალგარი
  • ლახტი
  • ლეიკ-პლესედი
  • ოსლო
  • საპპორო


სპორტის სახეობათა რაოდენობა : 6
მედლების კომპლექტი :35
მონაწილეობდა 37 ქვეყნის 1158 სპორტსმენი (მათ შორის 211 ქალი)
თამაშები გახსნა:  შარლ დე გოლი - საფრანგეთის  პრეზიდენტი  

 

გრენობლის ზამთრის X ოლიმპიური თამაშები, 1968. ზამთრის თამაშების მასპინძელი ქალაქის არჩევას სამი ტური დასჭირდა. პრეტენზიას 6 ქალაქი აცხადებდა: გრენობლი (საფრანგეთი), კალგარი (კანადა), ლაჰტი (შვედეთი), საპორო (იაპონია), ოსლო (ნორვეგია) და ლეიკ-პლესიტი (აშშ). ითვლება რომ ზამთრის თამაშებმა სწორედ გრენობლში მიაღწია ჭეშმარიტ ოლიმპიურ სიმაღლეს.

 

1968 წლის თამაშები მართლაც წარმატებული იყო, თუმცა ვერც ის ასცდა პრობლემებს. სირთულეები კი თამაშებამდე დაიწყო, როცა საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა მოთხილამურეთა ტანსაცმლისა და აღჭურვილობის სარეკლამო მიზნით გამოყენება აკრძალა. ამას მოთხილამურეთა პროტესტი და თამაშების ბოიკოტის მუქარა მოჰყვა. თამაშების გახსნამდე რამდენიმე კვირით ადრე, კომპრომისი მოიძებნა და სპორტსმენებიც დასთანხმდნენ, რომ რეკლამიანი ტანსაცმელი და თხილამურები არ გამოეჩინათ ფოტოგადაღებისა თუ ტელე -ინტერვიუების დროს. თამაშები ოფიციალურად გახსნა საფრანგეთის პრეზიდენტმა შარლ დე გოლმა. ოლიმპიური ჩირაღდანი აანთო, წინა თამაშების ვერცხლის პრიზიორმა ჩქაროსნულ ციგურაობაში ალან კალმამ;

 

თამაშების მონაწილე სპორტსმენთა სახელით ოლიმპიური ფიცი წარმოსთქვა ასევე წინა თამაშების ვერცხლის მედალოსანმა, მოთხილამურე ლეო ლაკრუამ. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკისა და გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის სპორტსმენები აქ პირველად გამოვიდნენ ცალ-ცალკე გუნდებით. შედგა მაროკოს დებიუტი ზამთრის თამაშებში. გრენობლში ასპარეზობის მონაწილექალებისათვის პირველად ჩატარდა ტესტები სექსზე. თამაშების გმირად იქცა ფრანგი ჟან-კლოდ კილი, რომელმაც, ისევე როგორც ტონი ზაილერმა კორტინა დ'ამპეცოში, სამთო თხილამურობის სამივე დისციპლინა მოიგო. თუმცა მისი გამარჯვება ისეთი დამაჯერებელი არ იყო, როგორიც ზაილერისა. საქმე ის არის, რომ სლალომში ავსტრიელმა კარლ შრანცმა და ნორვეგიელმა ჰოკონ მიულენმა უკეთესი დრო აჩვენეს, მაგრამ მსაჯებმა ორივეს დისკვალიფიკაცია მისცეს თითო კარის გამოტოვების გამო.

 

შრანცმა იმის მომიზეზებით, რომ გზა პოლიციელმა გადაუჭრა, მსაჯების გადაწყვეტილება გააპროტესტა. სატელევიზიო ჩანაწერის შესწავლის შემდეგ, მას ნება დართეს მეორედ აეღო სტარტი. ავსტრიელმა სპორტსმენმა ამჯერადაც კილიზე უკეთესი შედეგი აჩვენა, მაგრამ არ ჩაუთვალეს და დისკვალიფიკაცია ძალაში დატოვეს, რადგან ტელე ჩანაწერის ხელმეორედ შესწავლის შემდეგ სააპელაციო კომისიამ დაასკვნა, რომ შრანცმა კარი მანამდე გამოტოვა, სანამ პოლიციელი გზას გადაუჭრიდა. ასე რომ, იმ დროის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი სამთო მოთხილამურე გრენობლში საერთოდ უმედლოდ დარჩა.

 

თხილამურებით რბოლაში 2-2 ოქროს მედალი მოიპოვა ორმა ნორვეგიელმა - ჰარალდ გრონინგენმა და ოლე ელეფსიოტერმა. მოულოდნელი იყო იტალიელი ფრანკო ნონესის გამარჯვება 30 კილომეტრზე რბოლაში, სადაც მან მთელი 1 წუთით აჯობა მეორე ადგილზე გასულ ნორვეგიელ ოდ მარტინსენს. ეს სამხრეთის ქვეყნის წარმომადგენელთა პირველი გამარჯვება იყო თხილამურობის ოლიმპიურ ისტორიაში. ქალთა შორის ორგზის ოლიმპური ჩემპიონი გახდა შვედი ტოინი გუსტაფსონი, რომელმაც ესტაფეტაში თანაგუნდელებთან ერთად ვერცხლის მედალიც დაისაკუთრა. ჩქაროსნულ ციგურაობაში ყველაზე დიდ წარმატებას მიაღწიეს ნორვეგილემა ფრედ ანტონ მაიერმა და ფინელმა კაია მუსტონენმა, რომლებმაც თითო ოქროს და თითო ვერცხლის მედალი მოიგეს.

 

საერთო ჯამში კი ტავი გამოიჩინეს ჰოლანდიელებმა, რომლებმაც ჩქაროსნულ ციგურაობაში გათამაშებული 24 მედლიდან 9 მოიგეს, მათ შორის 3 - ოქროსი. სწორედ გრენობლში დაიწყო ჰოლანდიის, როგორც ჩქაროსნულ ციგურაობაში მოწინავე ქვეყნის აღმასვლა. ბობსლეიში ცხრაგზის მსოფლიო ჩემპიონი, სახელგანთქმული ეუჯენიო მონტი, როგორც იქნა, ოლიმპიური ჩემპიონიც გახდა, თანაც - ორგზის. მონტის გარდა, გრენობლში ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა მისი თანაგუნდელი ლუჩანო დე პაოლისიც. ციგაობაში აშკარა იყო გერმანელ სპორტსმენთა უპირატესობა - აღმოსავლეთ გერმანელებმა 1 ოქროს, 1 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიგეს, დასავლეთ გერმანელებმა - 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოსი. 1 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი ხვდათ ავსტრიელებს.

 

ფიგურულ ციგურაობაში ქალთა შორის პირველი იყ 19 წლის ამერიკელი პეგი ფლიმენგი, მე-2 და მე-3 ადგილებზე აღმოსავლეთ გერმანელი გაბი ზაიფერტი და ჩეხოსლოვაკიელი ჰანა მაშკოვა გამოვიდნენ; კაცთა შორის ოლიმპიური ჩემპიონის სახელი მოიპოვა ავსტრიელმა ვოლფგანგ შვარცმა, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები კი ამერიკელმა ტიმოთი ვუდსმა და ფრანგმა პატრიკ პერამ დაიმსახურეს. წყვილთა შორის ინსბრუკში მოპოვებული წარმატება გაიმეორეს საბჭოთა ფიგურისტებმა ლიუდმილა ბელოუსოვამ და ოლეგ პროტოპოპოვმა. ჰოკეიში კვლავაც საბჭოთა სპორტსმენებმა გაიმარჯვეს, 2 ადგილი დაიკავა ჩეხოსლოვაკიამ, 3 - კანადამ. ოლიმპიური ოქროს მედლები მეორედ მოიპოვეს ვიქტორ კონოვალენკომ, ვიტალი დავიდოვმა, ვენიამინ ალექსანდროვმა, ოლეგ ზაიცევმა, ალექსანდრ რაგულინმა, ვიქტორ კუზკინმა, ბორის მაიოროვმა და ვიაჩესლავ სტარშინოვმა.