ინსბრუკი 1976

25 ივნისი 2012

ინსბრუკის ზამთრის XII ოლიმპიური თამაშები, 1976. 1970 წლის მაისში საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა თავის 69-ე სესიაზე 1976 წლის ზამთრის თამაშების მასპინძლად აირჩია ამერიკი შეერთებული შტატების ქალაქი დენვერი, რომელმაც სამტურიან ბრძოლაში დაამარცხა საფრანგეთის სიონი, ფინეთის ტამპერე და კანადის ვანკუვერი. ორ წელიწადში სოკს ტავისი არჩევანი სანანებელი გაუხდა: 1972 წლის ნოემბერში კოლორადოს შტატში ჩატარებული სახალხო რეფერენდუმის შედეგებით გაირკვა, რომ ამერიკელები თამაშების იქ გამართვის წინააღმდეგები იყვნენ და 12 ნოემბერს ამის შესახებ სოკსაც აცნობეს. სასწრაფოდ ჩატარდა ხელახალი არჩევნები, რომელშიც თავისი კანდიდატურა დენვერის მიერ დამარცხებულთაგან მხოლოდ ტამპერემ წარადგინა; საფრანგეთმა დამარცხებული სიონის კანდიდატურა მხოლოდ მონბლანით შეცვალა.

ამ ახალბედებს დაემატათ ორი გამოცდილი ოლიმპიური ქალაქი - ლეიკ-პლესიდი და ინსბრუკი. სოკმა არჩევანი ინსბრუკზე შეაჩერა. ამგვარად, ინსბრუკი გახდა მეორე ქალაქი, რომელმაც ზამთრის თამაშების ცატარების უფლება მეორედ მიიღო.თამაშები ოფიციალურად გახსნა ავსტრიის პრეზიდენტმა რუდოლფ კირხშლაგერმა. ოლიმპიური ცეცხლით ორი ჩირაღდანი აანთეს 1964 წლის ჩემპიონებმა, სამთო-მოთხილამურე კრისტლ ჰაასმა და მოციგავე იოზეფ ფაისტმანტლმა; ათლეტთა სახელით ოლიმპიური ფიცი წარმოსთქვა ბობსლეისტმა ვერნერ დელე-კარტმა. თამაშებს მილიონ-ნახევარი ადამიანი ადევნებდა თვალს.


შეჯიბრებები გაიმართა სპორტის 8 სახეობაში (სამთო თხილამურობა, თხილამურებით რბოლა, ბიათლონი, ჩქაროსნული ციგურაობა, ფიგურული ციგურაობა, ბობსლეი, ციგაობა და ყინულის ჰოკეი). ზამთრის თამაშებზე პირველად გამოჩნდნენ ჯუჯა სახლმწიფოები - ანდორა და სან-მარინო. კაცები რვავე სახეობაში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს, ქალები კი - მხოლოდ ხუთში. განსხვავებით წინამორბეთთაგან, 1976 წლის თამაშებს ერთი გამორჩეული გმირი არ ჰყოლია. დასავლეთ გერმანელმა სამთო-მოთხილამურემ როზი მიტერმაიერმა და საბჭოთა მოთხილამურემ რაისა სმეტანინამ ორ-ორი ოქროსა და თითო ვერცხლის მედალი დაისაკუთრეს, თუმცა მიტერმაიერი მაინც ოდნავ წინ იყო, რადგან სმეტანინამ ერთი ოქროს მედალი ესტაფეტაში მოიპოვა და ამ გამარჯვებაში მის თანაგუნდელებსაც მიუძღოდათ წვლილი. როზი მიტერმაიერი ფაქტობრივად მშობლიურ გარემოში ასპარეზობდა - იგი ინსბრუკის მთების გადაღმა, გერმანიის სოფელ უინკლში დაიბადა. თავდაპირველად მიტერმაიერმა სწრაფდაშვება და სლალომი მოიგო. გიგნატური სლალომის წინ ყველა მას გულშემატკივრობდა, რათა ქალთაგან პირველს გაემეორებინა ტონი ზაილერის და ჟანკლოდ კილის მიღწევა. მაგრამ დასავლეთ გერმანელმა მოთხილამურემ ეს ვერ შეძლო და წამის 12 მეასედით პირველობა კანადელ ქეით კრაინერს დაუთმო.

 

კაცთა შორის გათამაშებული 9 ოქროს მედალი 5 ქვეყნის 9 სპორტსმენმა გაინაწილა, რაც მანამდე არასოდეს მომხდარა. სწრაფდაშვება მოიგო ავსტრიელმა ფრანც კლამერმა. მან ტრასაზე ფანტასტიკური სისწრაფე აჩვენა - 102,828 კილომეტრი საათში, რაც დღემდე სარეკორდოა. თხილამურებით 5000 მეტრზე რბოლაში მე-3 ადგილზე გასულ საბჭოთა მოთხილამურეს გალინა კულაკოვას დისკვალიფიკაცია მისცეს, რადგან სისხლში აკრძალული პრეპარატის კვალი აღმოუჩინეს, რომელიც გრიპის საწინააღმდეგოდ მიეღო. მისი ბრინჯაოს მედალი ნინა ბალდიჩევას გადაეცა, თავად კულაკოვას კი ნება დართეს, სხვა დისციპლინებში გამოსულიყო, რომლებშიც თითო ოქროს და ვერცხლის მედალი აიღო. 34 წლის კულაკოვა იმ თამაშების ყველაზე ასაკოვანი მონაწილე იყო ქალთა შორის.


ტრამპლინიდან ხტომაში ექვსივე მედალი თანაბრად გაინაწილეს აღმოსავლეთ გერმანელებმა და ავსტრიელებმა: 70-მეტრიან ტრამპლინზე ოქროს და ვერცხლის მედლები აღმოსავლეთ გერმანელებს (ჰანს-გეორგ აშენბახი და იოხენ დანებერგი) ხვდათ; ბრინჯაოსი კი - ავსტრიელს (კარლ შნაბლი). 90-მეტრიანზე კი პირიქით: ოქროს და ვერცხლის მედლები ავსტრიელებს (კარლ შნაბლი და ტონი ინაუერი) დარჩათ, ბრინჯაოსი - აღმოსავლეთ გერმანელს (ჰენრი გლასი).


ბიათლონში როგორც ინდივიდუალური რბენა, ისე ესტაფეტა საბჭოთა სპორტსმენებმა მოიგეს და ნიკოლაი კრუგლოვი ორი ოქროს მედლის მფლობელი გახდა. გამარჯვებული გუნდის წევრმა, ალექსანდრ ტიხონოვმა თავის მესამე ოლიმპიადაზე ზედიზედ მესამე გუნდური ოქროს მედალი მოიპოვა. ჩქაროსნულ ციგურაობაში ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა საბჭოთა სპორტსმენი ტატიანა ავერინა, რომელიც პირველი იყო 1000 და 3000 მეტრზე; ორ დანარჩენ დისტანციაზე, სადაც ჩემპიონები ამერიკელი შეილა იანგი (500მ) და საბჭოთა მოციგურავე გალინა სტეპანსკაია (1500მ) გახდნენ, ავერინას ბრინჯაოს მედლები ხვდა. შეილა იანგმა ინსბრუკში ყველა სინჯის თითო მედალი მოიგო (იანგმა იმ წელიწადში მეორედ მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ველოსპორტში). კაცთა შორის სტაიერულ დისტანციებზე თითო ოქროსა და თითო ვერცხლის მედალი მოიგეს ნორვეგიელმა სტენ სტენსენმა (5000 და 10000) და ჰოლანდიელმა პიტ კლეინმა (10000 და 5000). სულ ამ სახეობაში კაცთა შეჯიბრებებში გათამაშებული 15 მედლიდან 5 ჰოლანდიელებს ხვდათ, 4-4 ნორვეგიისა და საბჭოთა კავშირის წარმომადგენლებს და 2- ამერიკელებს.


ბობსლეიში ორივე ოქროს მედალი აღმოსავლეთ გერმანელებმა მოიგეს; დასავლეთ გერმანელებმა და შვეიცარიელებმა თითო ვერცხლისა და თითო ბრინჯაოს ჯილდო მიიღეს; აღმოსავლეთ გერმანელებმა ყველა ოქროს მედალი მოიგეს ციგურაობაშიც. ფიგურულ ციგურაობაში ქალთა შორის გაიმარჯვა ამერიკელმა დოროთი ჰემილმა, კაცთა შორის კი - ინგლისელმა ჯონ კარიმ. წყვილთა ასპარეზობაში ირინა როდნინა კვლავ პირველი იყო, ოღონდ უკვე მეორე ქმართან და ახალ პარტნიორთან - ალექსანდრ ზაიცევთან ერთად. ამერიკელთა წყვილი 5 ადგილზე დარჩა, მაგრამ ტაი ბაბილონია იმით შევიდა ისტორიაში, რომ იგი ზამთრის თამაშების მონაწილე პირველი შავკანიანი სპორტსმენი იყო. ამ თამაშებისთვის ფიგურისტთა პროგრამას კიდევ ერთი დისციპლინა დაემატა - სპორტული ცეკვები ყინულზე, რომელშიც გამარჯვება საბჭოთა წყვილს ხვდა (ლიუდმილა პახომოვა და ალექსანდრ გორშკოვი). ჰოკეიშიც საბჭოთა სპორტსმენებმა იმარჯვეს. ჩემპიონობა მეორედ მოიპოვეს ვლადისლავ ტრეტიაკმა, ვლადიმირ ლუტჩენკომ, ვალერი ვასილიევმა, გენადი ციგანკოვმა, ბორის მიხაილოვმა, ალექსანდრ იაკუშევმა, ვალერი ხარლამოვმა, ვლადიმირ პეტროვმა და ალექსანდრ მალცევმა.