სარაევო 1984

25 ივნისი 2012

1984 წლისზამთრის თამაშების მასპინძლობაზე პრეტენზიას სამი ქალაქი აცხადებდა. გიოტებორგმა მხოლოდ 10 ხმა მიიღო და ბრძოლას პირველსავე ტურში გამოეთიშა. გადამწყვეტ ტურში სარაევომ საპოროს 3 ხმით აჯობა - 39:36. თამაშები გახსნა იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარემ მიკა სპილიაკმა. ოლიმპიური ცეცხლი დაანთო ფიგურისტმა სანდრა დუბრავჩიჩმა, მონაწილეთა სახელით ოლიმიური ფიცი წარმოთქვა სამთომოთხილამურე ბოჟან კრიზაჟმა. მონაწილე ქვეყნების რაოდენობა, რაც მანამდე 37-ს არასოდეს არცილებია, ერთბაშად 49-მდე გაიზარდა - ზამთრის თამაშებზე პირველად გაგზავნეს სპორტსმენები ეგვიპტემ, კოსტარიკამ, პუერტო-რიკომ, დიდი ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებმა და სენეგალმა. სარეკორდო იყო თამაშების მონაწილე სპორტსმენთა რიცხვიც. შეჯიბრებები გაიმართა სპორტის 9 სახეობაში (სამთო თხილამურობა, თხილამურებით რბოლა, ტრამპლინიდან თხილამურებით ხტომა, ბიათლონი, ჩქაროსნული ციგურაობა, ფიგურული ციგურაობა, ბობსლეი, ციგაობა და ჰოკეი).

 

ყველაზე დიდ წარმატებას მიაღწია ფინელმა მოთხილამურემ მარია-ლიისა ჰიამალაინენმა (კირვისნიემიმ), რომელმაც სამივე ინდივიდუალური რბოლა მოიგო და 3 ოქროს მედალს ესტაფეტაში მოპოვებული 1 ბრინჯაოც დაუმატა. ესტაფეტაში ნორვეგიელმა ქალებმა გაიმარჯვეს. ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა შვედი მოთხილამურე გუნდე სვანი, რომელმაც 1 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალიც მოიგო. სვანის თანაგუნდელმა თომას ვასბერგმა გაიმარჯვა 50 კმ რბოლაში და 4 X10 კმ ესტაფეტაში. ტრამპლინიდან ხტომაში ოქროსა და ვერცხლის ჯილდოები აღმოსავლეთ გერმანელმა იენს ვაისფლოგმა და ფინელმა მატი ნიუკაინენმა გაინაწილეს. ვაისფლოგმა 70-მეტრიანი ტრამპლინიდან ხტომაში გაიმარჯვა, 90-მეტრიანზე კი მეორე იყო; ნიუკაინენმა - პირიქით.

 

სამთო თხილამურობაშ გათამაშებული 18 მედლიდან (9 კაცთა და 9 ქალთა შორის) ამერიკას 3 ოქროსა და 2 ვერცხლის ჯილდო ხვდა, შვეიცარიას - 2 ოქრო და 2 ვერცხლი, იტალიას - 1 ოქრო, საფრანგეთს - 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაო, იუგოსლავიას - 1 ვერცხლი, ლიხტენშტაინს - 2 ბრინჯაო, ხოლო ავსტრიასა და ჩეხოსლოვაკიას - თითო ბრინჯაო. ერთადერთმა პერინ პერენმა (საფრანგეთი) შეძლო ორი მედლის მოპოვება - ქალთა სლალომში II ადგილი დაიკავა, გიგანტურში კი - III. კაცთა სლალომში ოქროს და ვერცხლის მედლები ამერიკელმა ძმებმა გაინაწილეს: გილ მარე ოლიმპიური ჩემპიონი გახდა, სტივ მარე კი - ვერცხლის პრიზიორი. ბიათლონშ გერმანელმა პეტერ ანგერერმა და ნორვეგიელმა ერიკ კვალფოსმა თითო ოქროს, თითო ვერცხლისა და თითო ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ესტაფეტაში სსრკ ნაკრებმა გაიმარჯვა. ჩქაროსნულ ციგურაობაში კანადელმა გაეტან ბუშემ 2 ოქროს (1000 და 1500 მეტრზე) და 1 ბრინჯაოს მედალი (500 მ) მოიგო.

 

ქალთა შორის ყველა ოქროს და ვერცხლის მედალი კიდევ 1 ბრინჯაოს ჯილდოსთან ერთად აღმოსავლეთ გერმანელ მოციგურავეებს დარჩათ. კვლავ გამოიჩინა თავი ოლიმპიურმა ჩემპიონმა კარინ ენკემ, რომელმაც ორი ოქროს მედალი მოიგო 1000 და 1500 მეტრზე, კიდევ ერთი ვერცხლის მედალი მან 3000 მეტრზე აიღო. აღმოსავლეთ გერმანელებმა ბობსლეიშიც იმარჯვეს: ვოლფგანგ ჰოპემ და დიტმარ შაუერჰამერმა 2-2 ოქროს მედალი მოიპოვეს. ფიგურულ ციგურაობაში ოლიმიური ჩემპიონები გახდნენ ელენა ვალოვა და ოლეგ ვასილიევი (სსრკ), მოცეკვავე წყვილებში პირველობა ინგლისელებს - ჯეინ ტორვილსა და ქრისტოფერ დინს დარჩათ. ქალთა შორის ოლიმიური ჩემპიონი გახდა აღმოსავლეთ გერმანელი კატარინა ვიტი, კაცთა შორის კი - ამერიკელი სკოტ ჰამილტონი.

 

ჰოკეიში საბჭოთა სპორტსმენებმა დაიბრუნეს წინა თამაშებში დაკარგული პირველობა, ხოლო მეკარე ვლადისლავ ტრეტიაკი სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. II ადგილი დაიკავეს ჩეხოსლოვაკიელებმა, III - შვედებმა. წინა თამაშების ტრიუმფატორები, ამერიკელები, საერთოდ უმედლოდ დარჩნენ.