ალბერვალი 1992

25 ივნისი 2012

ალბერვილის XVI ზამთრის ოლიმპიური თამაშები, 1992. წინა ოლიმპიადებთან შედარებით, ალბერვილში საგრძნობლად გაიზარდა ასპარეზობის მონაწილე ქვეყნებისა და სპორტსმენების რაოდენობა. ზამთრის თამაშებში პირველად გამოვიდნენ ირლანდიისა და სვაზილენდის სპორტსმენები. მსოფლიოში მომხდარი მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცვლილებები ოლიმპიადაზეც აისახა: გფრ და გდრ ერთიანი გერმანიის გუნდმა შეცვალა; ყოფილი ჩეხოსლოვაკია წარმოდგენილი იყო ჩეხებისა და სლოვაკების ორი დამოუკიდებელი გუნდით; იუგოსლავიის გუნდთან ერთად თამაშებში ცალკე გამოდიოდნენ ხორვატია და სლოვენია; დამოუკიდებელ სახელმწიფოებად დაშლილ, უკვე არარსებულ საბჭოთა კავშირს წარმოადგენდა ე.წ. გაერთიანებული გუნდი, რომელშიც შედიოდნენ რუსეთის, უკრაინის, ბელორუსიის, ყაზახეთისა და უზბეკეთის სპორტსმენები (ამ გუნდის წევრთა გამარჯვების აღსანისნავად ბეთჰოვენის სადღესასწაულო ოდა ჟღერდა). საასპარეზოდ ცალკეული გუნდებით დაუშვეს ლიტვა, ლატვია და ესტონეთი.

 

ყველაზე დიდი ჯილდო ერგო გაერთიანებული გუნდის წევრს ლიუბოვ ეგოროვას, რომელმაც თხილამურებით რბოლაში 3 ოქროსა და 2 ვერცხლის მედალი მოიპოვა. 3-3 ოქროსა და თითო ვერცხლის მედალი მოიგეს ნორვეგიელმა მოთხილამურეებმა ბიორნ დელიმ და ვეგარდ ულვანგმა. კალგარის თამაშებში მოპოვებულ 2 ოქროს ჯილდოს იტალიელმა სამთო-მოთხილამურემ ალბერტო ტომბამ ალბერვილში გიგანტურ სლალომში მოგებული კიდევ ერთი ოქროს მედალი მიუმატა და სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. ამას გარდა, მან ალბერვილში ერთი ვერცხლის მედალიც მოიპოვა - სლალომში. რუსმა რაისა სმეტანინამ თავის მეხუთე თამაშებში კიდევ ერთი ოქროს მედალი მოიპოვა - ამჯერად ესტაფეტაში. თამაშების დამთავრებიდან 1 კვირის შემდეგ სმეტანინა 40 წლის შესრულდა. ახალ დისციპლინაში - მოგული კაცთა შორის ოლიმპიური ჩემპიონის სახელი ფრანგმა ედგარ გროსპირონმა მოიპოვა, ქალებში კი - ამრეიკელმა დონა უეინბრეჰტმა. თხილამურობაში კაცთა შორის გათამაშებული 15 მედლიდან 8 ნორვეგიელებმა მოიგეს (5 ოქრო, 2 ვერცხლი, 1 ბრინჯაო).

 

ფინელი ტრამპლინიდან მხტომელი ტონი ნიემინენი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა და ერთი ბრინჯაოს მედალიც დაისაკუთრა. ნიემინენი ყველაზე ახალგაზრდა ოლიმპიური ჩემპიონია ზამთრის თამაშების ისტორიაში (16 წლისა და 259 დღის). ქალთა ახალ დისციპლინაში - ბიათლონში (7,5კმ) პირველი ოლიმპიური ჩემპიონის სახელი რუს ანფისა რეზცოვას ერგო. იგი ზამთრის სახეობების პირველი წარმომადგენელია, რომელმაც ოლიმპიური მედალი პროგრამის 2 სხვადასხვა სახეობაში მოიგო: 1988 წელს რეზცოვამ გაიმარჯვა ოლიმპიურ სათხილამურო ესტაფეტაში. ახალ სახეობაში, შორტ-ტრეკში, კაცთა გუნდურ შეჯიბრებაში სამხრეთ კორეელებმა გაიმარჯვეს, ქალებში - კანადელებმა. პირად შეჯიბრებაში ჩემპიონები გახდნენ კი-ჰუნ კიმი (კორეა) და კეთი ტერნერი (აშშ). ქალთა ციგაობაში ოქროსა და ვერცხლის მედლები გაინაწილეს ავსტრიელმა დებმა - დორის და ანგელიკა ნოინერებმა. მათ გაიმეორეს დები გოიჩელების 1964 წლის წარმატება. ჰოკეიში ოლიმპიური ჩემპიონი გახდა გაერთიანებული გუნდი. ანდრეი ხამუტოვმა მესამედ მოიგო ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული, იგორ კრავჩუკმა - მეორედ. მე-2 ადგილზე გავიდა კანადა, რომელიც 1968 წლის შემდეგ პრიზიორებში აღარ მოხვედრილა, მე-3 ადგილი კი ჩეხეთმა დაიკავა.