ანონსი
22 ივნისი 2022
23 ივნისი საერთაშორისო ოლიმპიური დღეა, რომელიც აღინიშნება 1948 წლიდან, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის დაფუძნების თარიღთან დაკავშირებით. მასობრივ ღონისძიებებში, რომლებიც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის და მისი პრეზიდენტის - თომას ბახის პატრონაჟით იმართება, მსოფლიოს 200-ზე მეტი ქვეყნის მილიონობით მოქალაქე მონაწილეობს. საქართველოში, 1994 წლიდან, ტრადიციუალდ იმართება ამ დღისადმი მიძღვნილი ოლიმპიური ღონისძიებები.
23 ივნისს, საერთაშორისო ოლიმპიურ დღესთან დაკავშირებით, თბილისის ოლიმპიურ პარკში სეოკ-ის აფხაზეთის რეგიონალური ორგანიზაციის თაოსნობით და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით გაიმართება ოლიმპიური გარბენი.
ქალთა და კაცთა კატეგორიაში საუკეთესო სამეულს გადაეცემა შესაბამისი ხარისხის მედლები და სერტიფიკატები. პირველ ადგილზე გასულებს კი გადაეცემათ სპეციალური პრიზი.
ოლიმპიური გარბენის გამარჯვებულ მონაწილეებს დააჯილდოებს სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი.
გარბენის თითოეულ მონაწილეს გადაეცემა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სერტიფიკატი და სპეციალური მაისური.