სპორტის მენეჯმენტის კურსები

06 აპრილი 2023

 

 

2023 წლის  21 აპრილს  საქართველოს ეროვნულ ოლიმპიური კომიტეტში სოკ-ის ოლიმპიური სოლიდარობის მხარდაჭერით განახლდება სპორტის მენეჯმენტის კურსები.

მონაწილეობის ძირითადი მოთხოვნები:

საქმიანობა სეოკ-ის მიერ აღიარებულ ზაფხულის ან ზამთრის სპორტის ეროვნულ ფედერაციაში

  • ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია)
  • საკმარისი თავისუფალი დრო სემინარებში მონაწილეობისა და დისტანციური სწავლებისთვის
  • სპორტული ორგანიზაციის საქმიანობის გაუმჯობესებისა და პოზიტიური ცვლილებების დანერგვის სურვილი

შენიშვნა: საჭიროების შემთხვევაში პროგრამაში მონაწილეობის მსურველები წინასწარ  გასაუბრებას/კონსულტაციებს გაივლიან პროგრამის დირექტორთან.

რას წარმოადგენს სპორტის მენეჯმენტის  კურსები?

სპორტის მენეჯმენტის კურსები   საშუალებას აძლევს  სპორტულ ორგანიზაციებში, ეროვნულ ფედერაციებსა და სპორტის სფეროში დასაქმებულ სპეციალისტებს, თანამშრომლებს და მოხალისეებს აიმაღლონ კვალიფიკაცია მენეჯმენტის საკითხებზე და შეისწავლონ სპორტული ორგანიზაციების მართვის (MOSO)  სახელმძღვანელოში წარმოდგენილი მასალა.

რას მოიცავს კურსები?

სპორტის მენეჯმენტის კურსები მოიცავს  6 თემას:

  • ოლიმპიური სპორტული ორგანიზაციების მართვა
  • სტრატეგიული მართვა
  • ადამიანური რესურსების მართვა
  • ფინანსური მართვა
  • მარკეტინგი
  • მასშტაბური სპორტული ღონისძიების ორგანიზება

კურსი მოიცავს თითოეული  თავის ზოგად პრეზენტაციას და დისკუსიას, დარჩენილი დრო კი დაეთმობა დისტანციურ სწავლებას, რომელიც გულისხმობს „ოლიმპიური სპორტის ორგანიზაციების მართვის" („Managing  Olympic Sport Organizations-MOSO ") სახელმძღვანელოში განხილული თემების   გაცნობას და წერილობითი ანგარიშის მომზადებას. კურსს წარუძღვებიან სოკ-ის მიერ სერტიფიცირებული პროგრამის დირექტორი, ექსპერტები და კურატორები.

რა როლს თამაშობს  MOSO  სახელმძღვანელო კურსის ორგანიზებაში?

„ოლიმპიური სპორტის ორგანიზაციების მართვის"  („Managing  Olympic Sport Organizations ") სახელმძღვანელო, წარმოადგენს არსებით სასწავლო წყაროს. წიგნში წარმოდგენილი მასალა მოძიებულია  მსოფლიოს ოლიმპიური სპორტული ორგანიზაციებიდან და წარმოადგენს მენეჯმენტის  თეორიული და პრაქტიკული მაგალითების ბალანსს.

 წიგნის გამოყენებით, მონაწილეს შესაძლებლობა აქვს გამოიყენოს ინფორმაცია და შეძენილი ცოდნა მისი ორგანიზაციის მუშაობის გასაუმჯობესებლად.

რა მოეთხოვებათ მონაწილეებს?

სპორტის მენეჯმენტის კურსების მონაწილეები უნდა აკმაყოფილებდნენ ქვემოთ მოცემული კრიტერიუმებიდან ერთ-ერთს:

  • საქმიანობდნენ ეროვნულ ფედერაციებში ან სპორტის სხვადასხვა ორგანიზაციებში,
  • წარმოადგენდნენ ოლიმპიური სპორტის ორგანიზაციების ანაზღაურებად ან მოხალისე მენეჯერებს.
  • სრული მხარდაჭერა ჰქონდეთ ხელმძღვანელებისგან კურსების სრული მოდულის გავლისა და პროგრამის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

 

6-თავიანი მოდულის დასრულების შემდეგ, მონაწილეებმა უნდა შეაფასონ კურსის ზეგავლენა საკუთარ თავზე და მათ ორგანიზაციებზე, წარადგინონ ანგარიში კონკრეტულ თემებზე, რომელიც განხილული იქნება პროგრამის დირექტორის, კურატორებისა და სპორტის სფეროს კვალიფიციური სპეციალისტების მიერ.

 კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მონაწილეები მიიღებენ უმაღლესი ხარისხის სერტიფიკატს ოლიმპიური სპორტის ორგანიზაციების მართვაში, რომელიც გაიცემა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ.

სპორტის მენეჯმენტის კურსებში მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ, მოგვწეროთ თქვენი სახელი, გვარი, სპორტული ორგანიზაციის დასახელება, დაკავებული პოზიცია, ელექტრონული ფოსტა და საკონტაქტო ნომერი  შემდეგ  ელექტრონულ ფოსტაზე- info@geonoc.org.ge

განაცხადების  წარდგენის  ბოლო  ვადაა 2023 წლის  14 აპრილი.