ანონსი

15 ივლისი 2024

 

 

16 ივლისს, 17:00 საათზე სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიმართება საქართველოს სპორტსმენთა ფიცის დადების და გაცილების ცერემონია პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე.

ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი, მხარდამჭერები - საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო და სეოკ-ის გენერალური სპონსორი ,, საქართველოს ბანკი".

საქართველოს სპორტსმენთა სახელით ოლიმპიურ ფიცს დადებს ოლიმპიური ჩემპიონი, ევროპული თამაშების საუკეთესო სპორტსმენი ლაშა ბექაური.

ოთხწლეულის უმთავრეს სპორტულ ფორუმს - ოლიმპიურ თამაშებს საფრანგეთის დედაქალაქი პარიზი 26 ივლისიდან 11 აგვისტოს ჩათვლით უმასპინძლებს.

პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის მედროშეები იქნებიან ლეგენდარული სპორტსმენები - ყველა სპორტული ტიტულის მფლობელი, უკვე ათგზის ოლიმპიელი ნინო სალუქვაძე და ლაშა ტალახაძე - უძლიერესი მამაკაცი მსოფლიოში, ორგზის ოლიმპიური და შვიდგზის მსოფლიოს ჩემპიონი.

საქართველოდან სპორტის 10 სახეობაში - ბატუტზე ხტომა, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობა, თავისუფალი სტილით ჭიდაობა, კრივი, მძლეოსნობა, ტყვიის სროლა, ფარიკაობა, ცურვა, ძალოსნობა, ძიუდო იასპარეზებს 28 სპორტსმენი. ასევე აღსანიშნავია, რომ საქართველოს ისტორიაში ოლიმპიურ თამაშებზე პირველად იასპარეზებს ძიუდოს ქალთა და კაცთა შერეული ნაკრები გუნდი.

საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას პარიზიის ოლიმპიურ თამაშებზე უხელმძღვანელებს სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, ოლიმპიური მისიის ხელმძღვანელი იქნება სეოკ-ის პირველი ვიცე-პრეზიოდენტი ელგუჯა ბერიშვილი.

საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის წევრები პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ეტაპობრივად გაემგზავრებიან.

აღნიშნული ღონისძიების და პარიზის ოლიმპიური თამაშების პირდაპირ ტრანსლაციას უზრუნველყოფს საქართველოს პირველი არხი.