თამასა აწეულია

27 აგვისტო 2014

ორი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო - ასეთია საქართველოს გუნდის მონაგარი ნანძინის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე. მართალია, შორეულ ჩინეთში ჩვენი ქვეყნის ჰიმნი არ აჟღერდა, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ნაჩვენები შედეგი დამაკმაყოფილებლად უნდა შეფასდეს.

კარგი იქნებოდა თავისუფალი სტილით მოჭიდავეს მექი სიმონია კვარლცხბეკის უმაღლეს საფეხურზე ასულიყო და ფორუმიც მაჟორულ ნოტაზე დაგვესრულებინა, მაგრამ ამისგან ტრაგედიის შექმნა არ ღირს. ოთხი წლის წინ, სინგაპურში ოდენ კინკილა ბრინჯაოს მედალს დავჯერდით, ამჯერად კი ბუენოს-აირესის მომდევნო თამაშებისთვის თამასა გაცილებით მაღლა ავწიეთ.

ფინალურ ბლოკში ჩვენთვის ისე დაიწყო უკეთესს ვერც ვინატრებდით. ივერიკო ჯულაყიძემ ინდოელი ამიტ კუმარი დაამარცხა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. სამწუხაროდ, მექი სიმონიამ მეგობრისგან ესტაფეტა წარმატებით ვერ გადაიბარა და ოქროს მედლისთვის შეხვედრაში იაპონელ იჯურო იამასაკისთან პირწმინდად წააგო. ჩვენი ფალავანი ვერცხლის მედლით საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა დააჯილდოვა.

საქართველოს დელეგაცია სამშობლოში 30 აგვისტოს დაბრუნდება.