სეოკ-მა ნანძინის შედეგები შეაჯამა

04 სექტემბერი 2014

4 სექტემბერს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში, კომიტეტის პრეზიდენტი - ლერი ხაბელოვი, ვიცე-პრეზიდენტებთან - ელგუჯა ბერიშვილთან და მამუკა ხაბარელთან ერთად, ნანძინის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშებიდან დაბრუნებულ საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ნაკრების წევრებს შეხვდა და შედეგები შეაჯამა.

შეხვედრას სპორტსმენებთან და მწვრთნელებთან ერთად, სხვადასხვა სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელები და ჟურნალისტები ესწრებოდნენ, პრესკონფერენციაზე იმყოფებოდა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის უფროსი - ირაკლი დოლაბერიძე.

„ნანძინში, ძიუდოსა და თავისუფალ ჭიდაობაში 3 მედალი მოვიპოვეთ, სულ კი თამაშებში 204 ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. სამწუხაროდ ოქროს გარეშე დავრჩით, მაგრამ ნაჩვენები შედეგით უკმაყოფილო მაინც არ ვართ. რაც მთავარია ჩვენს ახალგაზრდა ათლეტებში ბრძოლის ჟინი დავინახე. უმედლოდ დარჩენილ სპორტსმენებზეც იგივეს გავიმეორებ - ყველამ თავისი მაქსიმუმი აჩვენა"- აღნიშნა ლერი ხაბელოვმა.

„ნანძინი-2014"-ზე ვიცე-ჩემპიონები ძიუდოისტი თამაზ კირაკოზაშვილი (81 კგ) და თავისუფალი სტილით მოჭიდავე მექი სიმონია (76 კგ) გახდნენ, რომლებსაც კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ასასავლელად 1 გამარჯვება დააკლდათ, ბრინჯაო კი ასევე თავისუფალი სტილით მოჭიდავე - ივერიკო ჯულაყიძემ (63 კგ) მოიპოვა. ბრინჯაოს მედლისათვის იბრძოლა, თუმცა დამარცხდა და მე-5 ადგილს დასჯერდა ძიუდოში მარიამ ჯანაშვილი.

„ვერაფრით ვიფიქრებდი, რომ ახალგაზრდული თამაშები ასეთ დონეზე თუ ტარდებოდა. ეს იყო ჩვეულებრივი ოლიმპიური თამაშები, უმაღლესი ორგანიზებით. რაც შეეხება შედეგებს დადებითად ვაფასებ და მომავალშიც თუ მეტად შევუწყობთ ხელს, მეტსაც მივაღწევთ.

დევიზი „უკეთ, ვიდრე წინა თამაშებზე" შესრულებულია და 2018 წლის ანალოგიური ფორუმისთვისაც, რომელიც ბუენოს-აირესში გაიმართება, აქედანვე უნდა ვიზრუნოთ.

დაბოლოს, ნანძინის თამაშებზე მედლები 80 ქვეყნის სპორტსმენებმა მოიპოვეს. საქართველომ საერთო გუნდურ ჩათვლაში 58-ე ადგილი დაიკავა