ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ვერცხლს დასჯერდა

09 სექტემბერი 2014

ტაშკენტში დაიწყო მსოფლიოს ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ და თავისუფალ ჭიდაობაში. პირველები ასპარეზობაში ეს უკანასკნელები ჩაერთვნენ და შეჯიბრების სასტარტო დღეც ჩვენთვის მეტ-ნაკლებად წარმატებული გამოდგა - თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (57 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ლონდონის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორმა და ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა ქართველმა ფალავანმა ფინალური ორთაბრძოლა მსოფლიოს 2009 წლის გამარჯვებულთან, ჩრდილოკორეელ კიონგ ლი იანგთან დათმო 3:5, მიუხედავად იმისა, რომ პირველი პერიოდი 3:0 სძლია.

ხინჩეგაშვილმა ფინალში გასვლამდე ჩილელი ანდრე რენატო ქუისპე (10:0), აზერბაიჯანელი ახმედმაბი გუეზატილოვი (8:2), ბელარუსი ვლადისლაუ ანდრეიუსი (4:0) და მონღოლი ბეხბაიარ ერდენებატი (6:3) დაამარცხა.

ჩემპიონატის პირველ დღეს, ჩემპიონ-პრიიორები 70, 86 და 125 კილოგრამ წონით კატეგორიებშიც გამოვლინდნენ. საქართველოს სახელით ალექსანდრე ჯაჭვაძემ (70 კგ), დავით მარსაგიშვილმა (86 კგ) და გიორგი საკანდელიძემ (125 კგ) იჭიდავეს, მაგრამ სამივე ადრეულ ეტაპზე დამარცხდა. შედარებით შედეგიანად მარსაგიშვილმა იჭიდავა, თუმცა მეოთხედფინალში ყაზახეთის სახელით მოჭიდავე ასლან კახიძესთან დამარცხდა.