ოლიმპიური ჩემპიონები მწვერვალ „საქართველოს ოლიმპიელზე“

17 სექტემბერი 2014

1989 წლის 6 ოქტომბერს, თბილისის ჭადრაკის სასახლეში ისტორიული მოვლენა . დამფუძნებელ კონფერენციაზე, რომელსაც 337 დელეგატი ესწრებოდა დაარსდა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი.

მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა. ქართული ოლიმპიური მოძრაობა ნაბიჯ-ნაბიჯ ვითარდებოდა და იკიდებდა ფეხს დიდ ოლიმპიურ ოჯახში. დღესდღეობით კი გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ სეოკ-ი საერთაშორისო სპორტულ სტრუქტურებში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს.

ახლოვდება სეოკ-ის 25 წლის იუბილე და ამ მნიშვნელოვან თარიღთან დაკავშირებით თბილისს არაერთი საპატიო სტუმარი ეწვევა. მათ შორის უნდა გამოვყოთ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი თომას ბახი, ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი პატრიკ ჰიკი და 25-მდე ქვეყნის ეოკ-ის ხელმძღვანელები.

აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, 9-10 ოქტომბერს, თბილისში მთელი რიგი ღონისძიებები გაიმართება, თუმცა მანამდე, სწორედ სეოკ-ის იუბილეს მიეძღვნა ხდის ხეობაში მწვერვალ „საქართველოს ოლიმპიელის" დაპყრობა, რომელიც ზღვის დონიდან 4200 მეტრზე მდებარეობს.

25 კაციანი ექსპედიაცია ძალზედ წარმომადგენლობითი იყო და მასში ოთხი ოლიმპიური ჩემპიონი მონაწილეობდა.

სეოკ-ის პრეზიდენტმა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლერი ხაბელოვმა, სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა კახი კახიაშვილმა, 1980 წლის მოსკოვის ოლიმპიადის გამარჯვებულებმა შოთა ხაბარელმა და ვახტანგ ბლაგიძემ ყველა სიძნელეს გაუძლეს, არაერთი დაბრკოლება გადალახეს, წინ შეუპოვრად მიიწევდნენ და ჯამში 16 საათიანი ფეხით სიარულის შემდეგ მიზანს მიაღწიეს და ზღვის დონიდან 4200 მეტრ სიმაღლეზე საქართველოსა და საერთაშორისო ოლიმპიური დროშა ააფრიალეს.