ევროპის ოლიმპიურმა კომიტეტმა ფრიადზე შეგვაფასა

25 სექტემბერი 2014

ვინც „ჩვენი თამაშის" ნომერს არ აგდებს ეცოდინება, რომ თბილისში ევროპის ოლიმპიური კომიტეტების 4 კაციანი დელეგაცია იმყოფება, რომლებსაც ძალზედ მნიშვნელოვანი მისია აკისრიათ - უნდა შეგვიფასონ გაისად გასამართი ევროპის ზაფხულის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის მზადების პროცესი და საჭიროების შემთხვევაში გარკვეული რეკომენდაციებიც მოგვცენ. მსგავსი სადამკვირვებლო შემოწმებები არახალია და ტრადიციულად 6 თვეში ერთხელ ხორციელდება.

ვიზიტის მეორე დღე სტუმრებმა მთლიანად სპორტული ბაზების დათვალიერებას დაუთმეს. უმეტესობა მოეწონათ, თუმცა იყო შენიშვნებიც, რის შესახებაც მათ ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს. ჟურნალისტების კითხვებს EYOF-ის საკოორდინაციო კომისიის თავმჯდომარე იოზეფ ლიბა, „თბილისი 2015"-ის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელი ალექსი ახვლედიანი და სეოკ-ის გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი პასუხობდნენ. ძირითადმა დატვირთვამ კი თავისთავად ევროპელ კომისარზე გადაიარა.

დაგამშვიდებთ და წინასწარ გეტყვით, რომ ეოკ-ის დელეგაციას განსაკუთრებული შენიშვნები არ ჰქონია და ნანახი სურათითაც კმაყოფილი დარჩა, თუმცა როგორც თავში ავღნიშნეთ ჯერ-ჯერობით ყველაფერი ხუთიანზე არ არის.

„ჩვენი აქ ყოფნის მიზეზი ყველასათვის ნათელია - გავიგოთ თუ რა სტადიაშია მზადების პროცესი. შევხვდით სასტუმროების, კვების, ტრანსპორტირების და სხვა დეპარტამენეტის წარმომადგენლებს და ინფორმაცია უშუალოდ მათგან მივიღეთ. აშკარად ჩანს, რომ საქმეს დიდი პასუხისმგებლობით უდგებით, რადგან წინა ვიზიტისგან განსხვავებით უზარმაზარი პროგრესი შევამჩნიეთ. ოლიმპიური სოფლით მართლაც მოხიბლული ვარ. გადაუჭარბებლად ვიტყვი, რომ ის საუკეთესო თუ არა ერთ-ერთი გამორჩეული საცხოვრებელი იქნება, რაც აქამდე გამართულ ფესტივალებზე ყოფილა. სპორტმენები, მწვრთნელები და სხვა მომსახურე პერსონალი საკმაოდ კომფორტულ ოთახებში იცხოვრებენ.

„ახალი თბილისის" ტერიტორიაზეც ვიყავით, სადაც მძლეოსნობის, ცურვის, ფრენბურთის და ტანვარჯიშის სპორტული კომპლექსები შენდება. უყურადღებოდ არც სხვა ბაზები დაგვიტოვებია. უმნიშვნელოვანესია, რომ ყველა ობიექტი დათქმულ ვადებში დასრულდეს. ამ ეტაპზე ტემპს მხოლოდ ხელბურთის დარბაზის მშენებლობა ჩამორჩება, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ შემდეგ ჩამოსვლაზე დღის წესრიგიდან ეს საკითხიც მოხსნილი იქნება. შეხვედრა გვქონდა დედაქალაქის მუნიციპალიტეტის ახალ ხელმძღვანელობასთანაც. ფესტივალამდე ჯერ დრო კი არის, მაგრამ სამუშაოც საკმაოდ ბევრია" - აღნიშნა იოზეფ ლიბამ.

„დამოუკიდებელი ქართული სპორტის პირველის საერთაშორისო გასვლა, 1993 წელს სწორედ ასეთ თამაშებზე შედგა. მას შემდეგ ყველა ანალოგიური შეჯიბრებების თანამონაწილე ვარ და საქმეში კარგად ვარ ჩახედული. მინდა გითხრათ, რომ მზადების მხრივ არათუ ჩამოვრჩებით, ბევრი თვალსაზრისით წინაც ვართ. ევროპელი დამკვირვებლების მკაცრ თვალს არაფერი გამოეპარება. ამიტომაც ყველაფერი უნდა ვიღონოთ და ასეც არის, რომ მათ საყვედურის თქმის საბაბი არ მივცეთ. ორი აზრი არ არსებობს, რომ ამ ფესტივალის მასპინძლობა ჩვენთვის დიდი გამოწვევაა და დარწმუნებული ვარ გამოცდას ფრიადზე ჩავაბარებთ" - უთხრა ჟურნალისტებს ემზარ ზენაიშვილმა.

„საორგანიზაციო კომიტეტმა ბოლო მითითებები მიიღო. ევროპის ოლიმპიურ კომიტეტთან ყველა დეტალი დავაზუსტეთ და მზად ვართ მის შესასრულებლად. მინდა გითხრათ, რომ წინა ვიზიტის მსგავსად ამჯერადაც ევროპელი დამკვირვებლებისგან კარგი შეფასება დავიმსახურეთ. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ეს ფესტივალი ყველა წინამორბედზე უკეთესი იყოს"- აღნიშნა ალექსი ახვლედიანმა.
ეოკ-ის შემფასებელი კომისიის მორიგი და ბოლო ვიზიტი თბილისში მარტის თვეში შედგება.


გეგა ლუკიჩი