ლევან ჟორჟოლიანის 120 სარეიტინგო ქულა

19 დეკემბერი 2011

ჩინეთის ქალაქ ქინგდაოში ჩატარებულ დიდ პრიზზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა ლევან ჟორჟოლიანმა (100 კგ) ჩინეტში ამ უქმეებზე გამართულ დიდ პრიზზე ხუთი შეხვედრიდან ოთხი მოიგო და ვერცხლის მედალთან ერთად 120 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა. ამით მან იანვარში, უპრესტიჟულეს საერთაშორისო ტურნირზე - მსოფლიოს მასტერსზე ჭიდაობა გაინაღდა. ჩინურ ტატამზე ირაკლი ცირეკიძეც (100 კგ) გავიდა და მიუხედავად იმისა, რომ შეჯიბრებას მერვედფინალიდან გამოეთიშა, პირადი რეიტინგით მასტერსი მასაც გარანტირებული აქვს.

ჟორჟოლიანმა ქინგდაოში ხუთი შეხვედრა ჩაატარა. პირველ ოთხში იმარჯვა და მხოლოდ ფინალში წააგო თანაბარ ბრძოლაში პირველ ნომრად განთესილ სამხრეთკორეელთან, ჰი-ტაე ჰვანგთან. ქართველი ძიუდოისტი ტურნირში პირდაპირ მეორე წრიდან ჩაერთო და ამერიკის შეერთებული შტატების სახელით მოჭიდავე იაპონელ შინატო ჰიგაშის წუთსა და 44 წამში მოუმთავრა საქმე. იპონითვე გაუსწორდა ფრანგ კირილ მარესა და უზბეკ უტკურ კურბანოვსაც, ხოლო უკრაინელ არტემ ბლოშენკოს ვაზარით და 2 იუკოთი აჯობა.

ირაკლი ცირეკიძის ჩინეთში გაშლილ ტატამზე გასვლა ტოკიოს მასტერსზე მიღებული ტრავმის გამო საეჭვო იყო, თუმცა მსოფლიოს და ოლიმპიურმა ჩემპიონმა მაინც იჭიდავა და ერთი შეხვედრაც მოიგო, მაგრამ თავისი შესაძლებლობების ბოლომდე წარმოჩენა ვერ შეძლო და მერვედფინალში იაპონელ რიუნოსუკე ჰაგასთან წმინდად დამარცხდა.