ფიგურული ციგურაობა სინქრონულად? ოტავიო ჩინკვანტა სოკ-ს მიმართავს

30 სექტემბერი 2014

ციგურაობის საერთაშორისო კავშირის (ISU) პრეზიდენტი ოტავიო ჩინკვანტა ხელწამოსაკრავ ფიგურად არ ითვლება. ISU ყინულთან დაკავშირებულ ყველა სპორტის დისციპლინას აერთიანებს და შესაბამისად საერთაშორისო სტრუქტურებში ერთ-ერთი გავლენიანი ორგანიზაციაა. თვითონ იტალიელ მაღალჩინოსანსაც ქართულ სპორტთან ახლო ურთიერთობები აკავშირებს და სეოკ-ის მოწვევით თბილისშიც რამდენჯერმე ყოფილა.

ჩინკვანტას ავტორიტეტი ხაზგასმით იმიტომ ავღნიშნეთ, რომ მის სიტყვას საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტშიც ძალა აქვს. საქმე იმაში გახლავთ, რომ ციგურაობის აპენინელი ბოსი, დიდად არის მოწადინებული ზამთრის ოლიმპიური თამაშების პროგრამაში სინქრონული ფიგურული ციგურაობაც ჩართოს. თანაც ჩინკვანტას მიზანია ეს საკითხი დადებითად არა შორეულ მომავალში, არამედ მომდევნო 2018 წლის თამაშებისთვის გადაწყდეს. მან უკვე მიმართა სოკ-ს ამ თემის განხილვა არ გადადონ და დაჩქარებული წესით განიხილონ. ინფორმაციას Chicago Tribune-ი ავრცელებს, რომელიც ჭორაობით სახელდაგდებულ გამოცემად არ მიიჩნევა.

საწყის ეტაპზე ნავარაუდევია, რომ ლიცენზიები მაქსიმუმ 9-10 ქვეყანაზე განაწილდეს და თითოეულ გუნდში მონაწილეთა რაოდენობა 16 სპორტსმენს არ აღემატებოდეს. შეჯიბრება ჩვეულებრივი სისტემით გაიმართება- თავდაპირველად მოკლე პროგრამა, ხოლო საუკეთესო ექვსეული კი მედლებისთვის ბრძოლას თავისუფალ სრიალში განაგრძობენ. თუ სოკ-ის მოთხოვნა შერეული გუნდები იქნება, მაშინ 14 გოგოს 2 ვაჟი დაემატება.

ISU-ს თავკაცის აზრით სინქრონული ფიგურული სრიალი სპორტის ამ სახეობის გუნდურ ტურნირზე უარყოფითად არ აისახება, რომელიც თეთრი ოლიმპიადის პროგრამაში პირველად 2014 წელს, სოჭში გამოჩნდა.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი 2018 წლის პიონჩანგის თამაშების საბოლოო პროგრამას გაისად აპრილში დაამტკიცებს.