გაემგზავრება ვლადიმერ პუტინი პერუში?

12 დეკემბერი 2014

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ნებისმიერი აქტივობა სპორტული სამყაროსთვის მეტად მნიშვნელოვანია, მითუფრო თუ საქმე ამ ორგანიზაციის სესიას ეხება, სადაც ყოველთვის საინტერესო ამბები ხდება. ერთი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების შესახებ უკვე გაცნობეთ - კოსოვოს დიდ ოლიმპიურ ოჯახში სრულუფლებიან გაწევრიანებას ვგულისხმობთ. მონაკოში მიმდინარე სოკ-ის სესიაზე სხვა საინტერესო თემებზეც იმსჯელეს, რომელსაც ქვემოთ გაეცნობით.

მკაცრი ზღვარი

127-ე ყრილობაზე სოკ-ის წევრებმა ზაფხულისა და ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე გასათამაშებელი მედლების კომპლექტებსა და სპორტსმენთა რაოდენობაზეც ითათბირე და შემდეგი დაადგინეს. თეთრ ოლიმპიადაზე ათლეტთა მაქსიმალური ზღვარი 2900, ხოლო მედლების კომპლექტი 100 არ უნდა აღემატებოდეს. რაც შეეხება ზაფხულს სპორტსმენთა კვოტა 10 500 შეადგენს, მედლები კი 310.

სადად, მოკრძალებულად და იაფად

დეკემბრის სესიაზე ზოგადად ოლიმპიადების ორგანიზების საკითხსაც შეეხნენ. ბოლო წლების პრაქტიკამ დაგვანახა, რომ ამ გრანდიოზული სპორტული ფორუმის ჩასატარებლად მხოლოდ მდიდარი ქვეყნები იქაჩებიან. ბრაზილიაზე მაინც და მაინც ვერ ვიტყვით, რომ ჯიბესქელი სახელმწიფოა, მაგრამ რიოს გამარჯვება ბევრმა გარეშე ფაქტორებმაც განაპირობა.
მოკლედ სოკ-მა საჭიროდ ჩათვალა შედარებით გააიოლოს მოთხოვნები თამაშების მსურველი კანდიდატი ქალაქების განაცხადების მიღების დროს. მათი აზრით ოლიმპიადის მასპინძლობა ქვეყნებისთვის დიდი ფუფუნების საგანს არ უნდა წარმოადგენდეს. სოკ-ის სურვილია - სადად, მოკრძალებულად და იაფად.

ოლიმპიადა ორისთვის

აქამდე არასდროს ყოფილა ოლიმპიური თამაშები ორ სახელმწიფოში ერთდროულად გამართულიყო. მონაკოში წამოიჭრა იდეა სამომავლოდ ეს ვარიანტიც დაშვებულ იქნას, რაც სოკ-ის წევრებმა მოიწონეს. პირველ რიგში კი ისევ და ისევ ფინანსების დაზოგვის გამო. სპორტული ობიექტების მშენებლობა ძვირი სიამოვნებაა და თუ ამ საქმეში ორი სახელმწიფო თანაბრად იქნება, მაშინ ხარჯებიც მნიშვნელოვნად შემცირდება. ფეხბურთში ეს პრაქტიკა უკვე დიდი ხანია მოქმედებს და საკმაოდ წარმატებითაც. ამიტომ საინტერესო იქნება ვთქვათ როგორ უმასპინძლებს ოლიმპიურ თამაშებს პოლონეთი და სლოვაკეთი.
გაფრინდება პუტინი ლიმაში?

პერუს დედაქალაქში არც დიდი რვიანის შეხვედრები იგეგმება და არც G 20-ის, მაგრამ უეჭველი გადაწყვეტილია, რომ 2017 წელს სოკ-ის სესია ჩატარდება, სადაც 2024 წლის წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მასპინძელი ქალაქიც გაცხადდება. სხვებთან ერთად ამ საპატიო უფლების მოსაპოვებლად სანქტ-პეტერბურგიც იბრძოლებს. 2007 წელს გვატემალაში გამართულ სესიაზე, სადაც სოჭმა ზამთრის თამაშების მასპინძლობა მოიგო ვლადიმერ პუტინი საგანგებოდ ჩაფრინდა. თუ ყველაფერი სწორად გაიგეთ, მაშინ წესით კითხვა გაემგზავრება თუ არა რუსეთი პრეზიდენტი ლიმაში არ უნდა გაგიჩნდეთ.

თანაბრად

სოკ-ს ალბათ სინდისი ქეჯნის იმ მოვლენების გამო, რაც ანტიკური ოლიმპიადების დროს უძველეს საბერძნეთში ხდებოდა, როდესაც ქალს სტადიონზეც კი არ უშვებდნენ. კომიტეტის ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული მიმართულება სწორედ გენდერული თანასწორობაა. ოლიმპიური თამაშების პროგრამაში ქალთა და ვაჟთა შორის თანაბარი რაოდენობის დისციპლინები - ესაა სოკ-ის მიმართულება.