სპორტული სეზონი ინსბრუკში იხსნება

09 იანვარი 2012

2012 წლის სპორტული სეზონი ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშებით იხსნება, რომელსაც 13-22 იანვარს ავსტრიის ქალაქი ინსბრუკი უმასპინძლებს. საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა გადაწყვეტილება ზაფხულისა და ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების დაარსების შესახებ 2007 წელს გვატემალაში 119-ე სესიაზე მიიღო.

,,ეს ისტორიული გადაწყვეტილებაა. ამით საფუძველი ეყრება არა მხოლოდ უმნიშვნელოვანეს სპორტულ ღონისძიებას, არამედ მსოფლიოს ახალგაზრდებს შორის დაახლოებასა და მეგობრობის განმტკიცებას"- დასძენს სოკ-ის პრეზიდენტი ჟაკ როგი. ზაფხულის თამაშები 2010 წელს სინგაპურში გაიმართა, ხოლო ზამთრის როგორც ზემოთ ავღნიშნეთ რამდენიმე დღეში ავსტრიაში აიღებს სტარტს. ნიშანდობლივია, რომ ტიროლის რეგიონის დედაქალაქში და ზამთრის პოპულარულ საკურორტო ქალაქ ინსბრუკში 1964 და 1976 წლებში ორჯერ ჩატარდა ,,თეთრი ოლიმპიადა" დიდებში.

ინსბრუკში 8 იანვარს ოფიციალურად გაიხსნა ოლიმპიური სოფელი, სადაც 70 ქვეყნის 1700-მდე ახალგაზრდა სპორტსმენი იცხოვრებს. სოფელი 444 აპარტამენტისგან შედგება და როგორც ორგანიზატორები ირწმუნებიან ათლეტებს ცხოვრებისა და დასვენების საუკეთესო პირებები ექნებათ. ,,გადაუჭარბებლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ უნდა ვიამაყოთ ოლიმპიური სოფლით. დარწმუნებული ვარ, რომ სპორტსმენები და ოფიციალური პირები თავს ისე იგრძნობენ, როგორც საკუთარ სახლში"-აღნიშნა ,,ინსბრუკი 2012"-ის ხელმძღვანელმა პიტერ ბაიერმა.

ინსბრუკში შეჯიბრებები 14-18 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში სპორტის 16 სახეობაში - ბიატლონში, ბობსლეიში, სკელეტონში, ქერლინგში, ყინულის ჰოკეიში, საციგაო სპორტში, ფიგურალ სრილაში, ციგურებით რბოლაში, სამთო-სათხილამურო სპორტში, თხილამურებით რბოლაში, სნოუბორდში, ტრამპლინიდან ხტომაში, შორტ-ტრეკში, ფრისტაილში და სათხილამურო ორჭიდში გაიმართება.

საქართველოს მცირერიცხოვანი დელეგაცია ინსბრუკში 11 იანვარს გაემგზავრება. დელეგაციას სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი ვახტანგ გეგელია უხელმძღვანელებს, ხოლო ოლიმპიურ სოფელში მისიას სეოკ-ის სპორტული დირექტორატის წევრი გიორგი ესაკია. ჩვენი ქვეყნის ღირსებას ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებში სამთო-სათხილამურო სპორტში სუსანა გავა და ნიკოლოზ კოზანაშვილი დაიცავენ, რომელთაც მწვრთნელობას ვახტანგ თედიაშვილი გაუწევს.