2012 წლის პირველი მერცხალი ლუბა გოლოვინაა

13 იანვარი 2012

გასული წელი ქართველმა სპორტსმენებმა ათი ოლიმპიური ლიცენზიით ჩაამთავრეს, მიმდინარე წელს კი ,,ლონდონი 2012" წლის სალიცენზიო ფერხულში პირველი ბატუტზე მხტომელი ლუბა გოლოვინა ჩააერთო და წარმატებითაც. შეგახსენებთ რომ გოლოვინა 2008 წლის პეკინის ოლიმპიურ ტამაშებშიც მონაწილეობდა, სადაც საკმაოდ დამაჯერებლად იასპარეზა და 6-ე ადგილზე გავიდა.

ქართველ ბატუტზე მხტომელს ლონდონის საგზურის მოპოვება ჯერ კიდევ ნოემბერში ბირნიმგემში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე შეეძლო და ამის რეალური შანსიც ჰქონდა, მაგრამ მაშინ ერთი უნებლიე შეცდომა ლიცენზიის დაკარგვად დაუჯდა. ლუბა გოლოვინამ საკუთარ თავსაც და ქართველ გულშემატკივარსაც სურვილი დღეს ლონდონში დასრულებულ სალიცენზიო ტურნირზე აუსრულა, სადაც მან ნისლიან ალბიონზე გასამართ ოთხწლეულის უმთავრეს სპორტულ ფორუმზე მონაწილეობის უფლება ოფიციალურად გაინაღდა.

ინგლისის დედაქალაქში ოლიმპიადის საგზურს ერთმანეთს 16 ბატუტზე მხტომელი ეჯიბრებოდა და სანუკვარი ლიცენზია მხოლოდ 8 სპორტსმენს ერგო. გოლოვინა ფინალში ანუ რვა საუკეთესოში მესამე ადგილით შევიდა და ლიცენზიაც ავტომატურად დაიბევა, საბოლოოდ კი ლუბამ ასპარეზობა მერვე ადგილზე დაასრულა.

ამრიგად დღესდღეობით ქართველი სპორტსმენების ანგარიშზე 11 ოლიმპიური ლიცენზიაა.