ბომბი ინსბრუკში და დისკვალიფიცირებული რუსი სპორტსმენები

20 იანვარი 2012

ავსტრიის საკურორტო ქალაქ ინსბრუკში მიმდინარე ზამთრის პირველ ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებს ინციდენტების გარეშე არ ჩაუვლია. ჯერ იყო და რუს ბიატლონისტებს, რომლებმაც ფინიშის ხაზი მეორემ გადაკვეთეს ესტაფეტის შეცდომით გადაცემის გამო დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს და ვერცსლის მედალი ჩამოართვეს, შემდეგ კი ორგანიზატორებს დაჯილდოების ოფიციალური ცერემონიაც ჩაეშალათ და მისი მეორე დღისთვის გადატანა მოუხდათ. საქმე იმაში გახლავთ, რომ ბოცნერ პლაზის ტერიტორიაზე, სადაც პედესტალია თამაშების პროგრამაში შეტანილ სპორტის სხვადასხვა სახეობებში ჩემპიონ-პრიზიორთა დაჯილდოება იმართება მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბი აღმოაჩინეს. როგორც ,,ინსბრუკი 2012"-ის პრესსამსახური იუწყება აღმოჩენილი ბომბი უკვე გაუვნებელყოფილია და ინციდენტიც ამოწურულია, ხოლო დაჯილდოების ცერემონიალი დღეისთვის გადმოიტანეს.

რაც შეეხებათ ქართველ ახალგაზრდა სპორტსმენებს ბაკურიანიდან სუსანა გავასა და ნიკოლოზ კოდანაშვილს მათ ბედი გიგანტურ სლალომში სცადეს. გავა 55 მონაწილეს შორის 32-ე იყო, ხოლო კოდანაშვილმა 48 სპორტსმენში 20-ე ადგილი დაიკავა.

დღეს სუსანა გავა ჩვეულებრივ სლალომში იასპარეზებს.