ინსბრუკის თამაშები დღეს დაიხურება

22 იანვარი 2012

ინსბრუკში დასასრულს უახლოვდება ახალგაზრდული ""თეთრი ოლიმპიადა"", სადაც საქართველოს სამთო-მოთხილამურეები სუსანა გავა და ნიკოლოზ კოდანაშვილი წარმოადგენდნენ. ქართველი მოთხილამურეები, რომ ინსბრუკში მედლებისთვის ვერ იბრძოლებდნენ ეს იმთავითვე ცნობილი იყო და ამას არც არავინ სთხოვდა. უდავოა, რომ ბაკურიანელმა სპორტსმენებმა ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებში ასპარეზობით უდიდესი გამოცდილება შეიძინეს, რაც მათ სამომავლოდ სასიკეთოდ უნდა წაადგეთ.

გუშინ ჩვენებურთა გიგანტურ სლალომში გამოსვლის შესახებ გამცნეთ, დღეს კი ჩვეულებრივი სლალომის შედეგებს გეტყვით. სამწუხაროდ თუ გიგანტურში ნიკოლოზ კოდანაშვილმა მეტ-ნაკლებად დამაჯერებლად იასპარეზა და 20-ე ადგილზე გავიდა, სლალომში მას აშკარად ხელი მოეცარა და საერთოდ დისტანცია ვერ დაასრულა. რაც შეეხება სუსანა გავას პირიქით თავი უკეთესად წარმოაჩინა და 54 მონაწილეს შორის 1.36.40 შედეგით 22-ე ადგილი ერგო.

რაც შეეხება მედლების განაწილებას აქ საერთო გუნდურ ჩათვლაში შესაბამისად გერმანია, ჩინეთი და სამხრეთ კორეა ლიდერობენ.

დღეს საღამოს ოფიციალური დახურვის ცერემონიალი გაიმართება და ინსბრუკის პირველი ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები ისტორიის კუთვნილება გახდება.