სალომეს ლამაზი ბრინჯაო

21 ივნისი 2015

იცნობდეთ, სალომე ფაჟავა! ამ 17 წლის გოგონამ ბაქოში მიმდინარე პირველ ევროპულ თამაშებზე საქართველოს ნაკრებს მეშვიდე მედალი მოუტანა. ეს გახლდათ ბრინჯაო, რომელიც სალომემ ლენტით ვარჯიშში მოიპოვა. შეგახსენებთ, რომქართველი გოგონა , რომელმაც მრავალჭიდში მეხუთე ადგილიდაიკავა, ოთხივე იარაღით შეჯიბრების ფინალში იყო გასული და მისდა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ოთხივეში ძლიერად, სტაბილურად იასპარეზა. ფაჟავამ აშკარად მოიგო ბაქოს ტანვარჯიშის სასახლეში შეკრებილი მაყურებლის გული. ხალხი მის ყოველ გამოსვლას გულთბილად ხვდებოდა. სალომემ განსაკუთრებით გურზებით იყოჩაღა, მაგრამ რაოდენ გასაოცარიც არ უნდა ყოფილიყო, მედალი სხვა, რიგით ბოლო დისციპლინაში, ლენტით ვარჯიშში მოიპოვა. გურზებით, რგოლითა და ბურთით გამოსვლებში სალომე მეოთხე იყო.

საღამოს, სპორტსმენთა სოფელში, ბრინჯაოს პრიზიორი და მისი მწვთნელი ლალი დოლიძე საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის ხელმძღვანელებმა მიიღეს. ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა სალომე ფაჟავას სტაბილური და წარმატებული გამოსვლისთვის მადლობა გადაუხადა და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. შეხვედრას ესწრებოსდნენ, ქართველთა მისიის ხელმძღვანელი ელგუჯა ბერიშვილი და ოლიმპიური კომიტეტის გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი. აქვე დავძენთ, რომ დილით, ბატუტისტთა შეჯიბრებებში გამარჯვებულები მედლებით ემზარ ზენაიშვილმა დააჯილდოვა.

21 ივნისის დილა კი ქართველი სპორტსმენებიდან ბატუტზე მხტომელმა თენგიზ კოშკაძემ გახსნა. თენგიზი შეჯიბრების ექვსკაციან ფინალში იყო გასული და მისგან მედლის მოპოვებაც არ იყო გამორიცხული, მაგრამ ბატუტზედასანანი შეცდომა დაუშვა და მეხუთე ადგილს დასჯერდა.

მშვილდოსნამა ქალებმა შესანიშნავად ჩაატარეს მეთექვსმეტედფინალები. იულია ლობჟანიძემ მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი და ხუთი ოლიმპიადის მონაწილე, ორგზის ბრინჯაოს მედალოსანი იტალიის სახელით მოასპარეზე ნატალია ვალეევა დაამარცხა 6:2, თუმცა ამ მნიშვნელოვანი გამარჯვების შემდეგ, მერვედფინალში ესპანელ ალისია მარინთან დამარცხდა (6:4).

ხათუნა ნარიმანიძემ ჯერ ესპანელ ადრიანა მარტინს სძლია (6:5), შემდეგ კი თურქ იასემინ ანაგოზთან წააგო.

მოგეხსენებათ, ბაქოში მძლეოსანთა შორის გუნდური შეჯიბრება მიმდინარეობს. მართალია, სპორტსმენებმა ცალკეულ დისციპლინებში შეიძლება „რიო 2016"-ის ლიცენზიები მოიპოვონ, მაგრამ პირველ ევროპულ თამაშებში მედლებისთვის ერთმანეთს მაინც გუნდები ეჯიბრებიან. 21 ივნისის შედეგების მიხედვით საქართველო 21 დისციპლინის ჯამში მოპოვებული ქულებით მერვე ადგილზეა.

უიღბლო დღე გამოდგა ქართველი მოკრივეებისთვის _ 64 კილოგრამ წონით კატეგორიაში ირაკლი მელიქიშვილმა გერმანელ კასტრიოტ სოპასთან წააგო (0:3), ხოლო 91 კილოგრამში ლევან გულედანი ასევე დამარხდა რუსეთის წარმომადგენელ სადამ მაგომედოვთან.

საგზატკეცილო რბოლაში, ველოსიპედისტებმა გიორგი ნარეკლიშვილმა და დიმიტრი ხოსიაურმა დისტანცია ვერ დაასრულეს.

წყალში მხტომელმა თამარ სიჭინავამ 334.10 ქულით საკვალიფიკაციო შეჯიბრებაში 21-ე ადგილი დაიკავა. ფინალში 12 სპორტსმენი გადადიოდა.