კონფერენცია თემაზე: „ქალები და სპორტი"

17 დეკემბერი 2015

16 დეკემბერს საქართველოს ეროვნული-ოლიმპიური კომიტეტის შტაბ-ბინაში გაიმართა წარმომადგენლობითი კონფერენცია თემაზე: „ქალები და სპორტი."

კონფერენციას, რომელიც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ოლიმპიური სოლიდარობის ეგიდით ჩატარდა, 60-მდე დელეგატი დაესწრო.

კონფერენცია გახსნა სეოკ-ის ვიცე- პრეზიდენტმა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა და სეოკ-ის „ქალები და სპორტი" კომისიის თავმჯდომარემ ნინო სალუქვაძემ.

დამსწრე საზოგადოებას მიესალმნენ სეოკ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი და სეოკ-ის ვიცე პრეზიდენტი მამუკა ხაბარელი.

საპატიო სტუმრის სტატუსით მოწვეული იყო ოლიმპიური კომიტეტის საპატიო პრეზიდენტი და სეოკ-ის პირველი პრეზიდენტი (1989-1996), მსოფლიოს 5-გზის და საჭადრაკო ოლიმპიადების 11-გზის ჩემპიონი, საერთაშორისო დიდოსტატი ნონა გაფრინდაშვილი.

კონფერენციაზე მოხსენებით წარსდგნენ სეოკ-ის, საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სასწავლო უნივერსიტეტის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, საქართველოში გენდერულ საკითხებზე მოქმედი ორგანიზაციების და ამ დარგის სხვა სპეციალისტები, კერძოდ: ზემოაღნიშნული უნივერსიტეტის რექტორი გურამ ძაგანია, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი ვასილ ლიპარტელიანი, ამავე სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ანატოლი კორეპანოვი, არსამთავრობო ორგანიზაცია „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის" წარმომადგენელი ლელა კურდღელაშვილი; მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი თამარ მანჯავიძე (ჯანდაცვის სამინისტრო), მაღალი მიღწევების სპორტის ასოციაციის პრეზიდენტი, ოლიმპიური გუნდის მთავარი ექიმი ზურაბ კახაბრიშვილი, ეროვნული ოლიმპიური აკადემიის პრეზიდენტი ლელა აფციაური; სერთიფიცირებული ექსპერტი ალექსანდრე გრიბანი; სპორტული ჟურნალისტი, პროექტის _ "ერთი ჩემპიონის ისტორია" ავტორი თამარ ბალავაძე, სეოკ-ის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი, „ქალები და სპორტი" კომისიის წევრი, ევროპის ოლიმპიური კომიტეტების ევროკავშირის კომისიის წევრი რუსუდან აფციაური და სხვები.

კონფერენცია დაეთმო გენდერულ სფეროში არსებული ისეთი აქტუალური თემების განხილვას, როგორიცაა: გენდერული თანასწორობა ქართულ სპორტში; არსებული სიტუაცია და პერსპექტივა; სეოკ-სა და ორგანიზაცია „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის" შორის გაფორმებული მემორანდუმი და მისი მიმოხილვა; გენდერული თანასწორობის სფეროში ჩატარებული კვლევის შედეგები და სხვა საკითხები.

ძირითად სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენდნენ ეროვნულ სპორტულ ფედერაციებში და სხვადასხვა ორგანიზაციებში დასაქმებული სპეციალისტები, ადმინისტრატორები, მწვრთნელები და მოხალისეები.

კონფერენციაში სმონაწილე დელეგატებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს განხილული საკითხების მიმართ. მათ საშუალება ჰქონდათ მოწვეული ექსპერტებისთვის დაესვათ შეკითხვები სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე.

კონფერენციის მონაწილეებმა მიიღეს რეზოლუცია გენდერული თანასწორობის და სპორტში ქალების ჩართულობის საკითხებზე.