სეოკ-მა 2015 წელი შეაჯამა

26 დეკემბერი 2015

25 დეკემბერს სატუმრო „ რადისონ ბლუ ივერიაში" საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ყოველწლიური საანგარიშო სესია გაიმართა, სადაც სეოკ-ის ხელმძღვანელებმა და სესიის დელეგატებმა 2015 წელი შეაჯამეს.

დღის წესრიგი შედგებოდა 4 ძირითადი საკითხისგან:

1. სეოკ-ის მიერ 2015 წელს ჩატარებული მუშაობის ანგარიში;
2. ევროპის მე-13 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის „თბილისი 2015"- ის შედეგების შეჯამება;
3. ზაფხულის XXXI-ე ოლიმპიური თამაშებისათვის მზადება;
4. სხვადასხვა

სესიას უძღვებოდნენ ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი და პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი. სესიის საპატიო სტუმრები იყვნენ თბილისის მერი დავით ნარმანია, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი და საქართველოში ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი დოქტორი დანიელა სინტრა შავისი.

სესიის მონაწილებს დაურიგდათ სეოკ-ის მიერ 2015 წელს გაწეული მუშაობის საანგარიშო ბუკლეტი, რომელშიც დეტალურად არის ასახული ოლიმპიური კომიტეტის საქმიანობა სხვადასხვა მიმართულები. მათ შორის: ა) ევროპის მე-13 ახალგაზრდული ფესტივალისთვის მზადება, მასპინძლობა, მონაწილეობა; ბ) მზადება და მონაწილეობა პირველ ევროპულ თამაშებში; გ) მზადება 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშებისთვის; დ) ოლიმპიზმის პოპულარიზაცია, ოლიმპიური განათლება, სეოკ-ის რეგიონალური ორგანიზაციები; ე) თანამშრომლიბა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ფონდებთან. ოლიმპიური პროგრამები, სემინარები, კურსები; ვ) მედიცინა და სპორტი; სპონსორებთან მუშაობა;

„საანგარიშო 2015 წელი განსაკუთრებული იყო ქართული ოლიმპიური მოძრაობისთვის. ჩვენმა ქვეყანამ წლეულს, ზაფხულში ჩააბარა მეტად საპასუხისმგებლო გამოცდა, როცა ღირსეულად უმასპინძლა ევროპის XIII ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს. საერთაშორისო სპორტული ორგანიზაციების, მონაწილე ქვეყნების წარმომადგენელთა და დამკვირვებელთა ჯგუფების შეფასებით, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ფესტივალი. საქართველოს გამორჩეულ პატივი ერგო ემასპინძლა ევროპის 50 ქვეყნის უძლიერესი ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის. ჩვენ მივიღეთ ეს გამოწვევა და მიუხედავად ობიექტური სირთულეებისა, ქვეყნისა და დედაქალაქის ხელმძღვანელთა მხარდაჭერით, სპორტული უწყებებისა და საორგანიზაციო კომიტეტის ძალისხმევით ყველაფერი გავაკეთეთ საიმისოდ, რომ ფესტივალის მონაწილეებისთვის მაქსიმალურად საუკეთესო საცხოვრებელი და საშეჯიბრო პირობები შეგვექმნა. ჩვენ შევცვალეთ ადრე არსებული გეგმა, რომელიც საფესტივალოდ მხოლოდ უკვე არსებული სპორტული ბაზების რემონტს ითვალისწინებდა და მივიღეთ ქართული სპორტისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ახალი სპორტული ობიექტების აშენების თაობაზე.

სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად, ჩვენს წინაშე იდგა არანაკლებ მნიშვნელოვანი მეორე ამოცანა _ ჩვენი ნაკრები გუნდების დაკომპლექტება და მათი მომზადება ევროპული ფესტივალისთვის. ფესტივალის პროგრამის ცხრავე სახეობის წარმომადგენელთათვის ამუშავდა სპეციალური პროგრამა სერიოზული დაფინანსებით, რაც ასევე უპრეცენდენტო ამბავია ქართულ სპორტში. ჩვენი სპორტსმენები ამ წლების განმავლობაში ვარჯიშობდნენ საუკეთესო პირობებში, მონაწილეობდნენ საერთაშორისო ტურნირებში, საკონტროლო შეხვედრებში, სასწავლო-საწვრთნელ შეკრებებში. ჩვენ გავაკეთეთ შესაძლებლობის მაქსიმუმი, რათა ახალგაზრდა სპორტსმენები ღირსეულად წარმდგარიყვნენ ქართველი მაყურებლის წინაშე. იმისთვისაც ვიზრუნეთ, რომ ჩვენს მოქალაქეებსაც ეგრძნოთ თავი ევროპული სპორტის დიდი ზეიმის მონაწილედ" - განაცხადა ლერი ხაბელოვმა.

ახალგაზრდულ ფესტივალამდე კი ბაქოში გაიმართა პირველ ევროპული თამაშები, რომელშიც კონტინენტის საუკეთესო სპორტსმენები მონაწილეობდნენ . ბაქოში საქართველო წარმოდგენილი იყო 104 სპორტსმენით. ისინი გამოვიდნენ სპორტის 13 სახეობის 17 დისციპლინაში _ ძიუდოში, თავისუფალ და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, ტყვიის სროლაში, ფარიკაობაში, მძლეოსნობაში, სპორტულ და მხატვრულ ტანვარჯიშში, ბატუტზე ხტომაში, კრივში, მშვილდოსნობაში, ცურვაში, წყალში ხტომაში, ველოსპორტში, კანოეში, სამბოსა და კარატეში. საერთაშორისო ოლიმპიური ორგანიზაციების ეგიდით გამართულ არც ერთ ადრინდელ შეჯიბრებაში ასეთი წარმომადგენლობითი გუნდი არასოდეს არ გვყოლია. ამას დაუმატეთ ოფიციალური პირები, სეოკ-ის სტუმრები, ადმინისტრაციული, სამედიცინო და ტექნიკური ჯგუფი, მწვრთნელები, მსაჯები და ჟურნალისტები. მოკლედ, ლამის 200-კაციანი დელეგაცია გამოვიდა.

ჩვენი სპორტრსმენების შედეგები ბაქოში საკმაოდ წარმატებული იყო _ 16 მედალი ავიღეთ და ამ ნიშნით 50 ქვეყანას შორის მე-14 შედეგი გვქონდა, თუმცა ხარისხობრივი მაჩვენებელი შეიძლებოდა უკეთესი ყოფილიყო. ჩვენ საბოლოო ცხრილში 21-ე ადგილზე გავედით, ყოფილი საბჭოელებიდან მხოლოდ თამაშების მასპინძელმა აზერბაიჯანმა, ბელორუსმა და უკრაინამ გაგვასწრეს, თავად კი უკან მოვიტოვეთ შვედეთი, ფინეთი, ხორვატია, საბერძნეთი, ჩეხეთი, ბულგარეთი და სხვა სპორტული ქვეყნები. ამ შეჯიბრებამ დაგვანახა ქართული სპორტის რეალური პოტენციალი, ცალკეულ სახეობებში მიღწეულ წარმატებებთან ერთად, ასევე გამოჩნდა სერიოზული პრობლემებიც. ბაქოში მიღებული გამოცდილება უთუოდ გამოგვადგება კარს მომდგარი 2016 წლის ოლიმპიური თამაშების წინ.

ზაფხულის XXXI ოლიმპიური თამაშებისათვის მზადება 2013 წლიდანვე დაიწყო. განისაზღვრა ის ძირითადი პრიორიტეტული მიმართულებები, რომელიც ახალი ოლიმპიური ციკლის (2013-2016 წლები) საჭიროებებიდან გამომდინარეობდა. შემუშავდა "ოლიმპიური მოძრაობის ხელშეწყობის მიზნობრივი პროგრამა," რასაც წინUუძღოდა ინტენსიური შეხვედრები ოლიმპიურ სახეობათა ფედერაციების ხელმძღვანელებთან, კონსულტაციები სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან, სხვა დაინტერესებულ ორგანიზაციებთან. სეოკ-ის ყოველდღიური ზრუნვის საგანი იყო ეროვნული ნაკრები გუნდების სალიცენზიო ტურნირებში წარმატებით გამოსვლის ხელშეწყობა, სპორტსმენთა და მწვრთნელთა სოციალური პირობების გაუმჯობესება, ფედერაციების ფინანსური და მატერიალური დახმარება, ოლიმპიურ თამაშებში საქართველოს სპორტული დელეგაციის მონაწილეობის ორგანიზაციულ-ტექნიკური საკითხების გადაწყვეტა.

დღეისათვის ჩატარებული სალიცენზიო ტურნირების შედეგების მიხედვით, 14-მა სპორტსმენმა უკვე მოიპოვა უფლება იასპარეზოს ოლიმპიურ თამაშებზე, დაგროვილი სარეიტინგო ქულებით თამაშებში მონაწილეობა გარანტირებული აქვს 5 ძიუდოისტს.

რაც შეეხება, პროგნოზებს, თუ ოლიმპიური ნაკრები გუნდების წევრთა მზადებაში და ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფაში არ იქნება რაიმე სერიოზული შეფერხებები და თამაშებზე გაემგზავრება დელეგაციის ოპტიმალური შემადგენლობა, მოსალოდნელია ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე უკეთესი შედეგის ჩვენება.

სეოკის სესიაზე სპეციალური მოწმობები და საჩუქრები გადაეცათ ოლიმპიურ ლიცენზიანტებს. ამ ცერემონიალში მონაწილეობდნენ საპატიო სტუმრები.

სეოკ-ის გადაწყვეტილებით, სპორტის ოლიმპიურ სახეობებში 2015 წლის საუკეთესო სპორტსმენად აღიარებულ იქნა მსოფლიოს ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, რომელიც საპატიო მიზეზით ვერ დაესწრო სესიას. მას გადაეცემა ფულადი ჯილდო და სხვადასხვა სუვენირები.

ვიდრე წლის საუკეთესო სპორტსმენის ნომინაციაში გამარჯვებულის ვინაობა გამოცხადდებოდა, სესიის მონაწილეებს ეცნობათ მეტად სასიხარულო ამბავი: 2015 წელს ოლიმპიურ სახეობაში, გარდა ვლადიმერ ხინჩეგაშვილისა, საქართველოს ჰყავს კიდევ ერთი მსოფლიო ჩემპიონი. ეს გახლავთ ლაშა ტალახაძე. მან ჰიუსტონში ვერცხლის მედალი მიიღო, თუმცა მისი კონკურენტის დისკვალიფიკაციის შემდეგ, მსოფლიოს ჩემპიონად სწორედ ლაშა გამოცხადდა. ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით, ატაცში ბრინჯაოს მედალს მიიღებს ირაკლი ცირეკიძე _ კიდევ ერთი ჩვენი ლიცენზიანტი.

საქართველოს ეროვნული კომიტეტი კანონმდებლობით, ოლიმპიური ქარტიითა და წესდებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, 2015 წელს ნაყოფიერად საქმიანობდა ოლიმპიზმის პოპულარიზაციისთვის, მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო პროექტების განსახორციელებლად, ვეტერანი თუ მოქმედი სპორტსმენების სოციალური დაცვისთვის, აქტიურად თანამშრომლობდა პარტნიორებთან, ადგილობრივ თუ საერთაშორისო სპორტულ ორგანიზაციებთან.

შარშან საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა 5-ათასიანი ტირაჟით გამოსცა საყმაწვილო ოლიმპიური ენციკლოპედია _ "მოგზაურობა ოლიმპეთში," რომელიც უსასყიდლოდ გადაეცემა ქვეყნის ყველა საჯარო სკოლას, ბავშვთა სახლებს, საყმაწვილო დაწესებულებებს, ბიბლიოთეკებს. ამ მეტად საინტერესო გამოცემამ დიდი მოწონება დაიმსახურა მოსწავლე ახალგაზრდობაში და სეოკ-ი გეგმავს წიგნის ხელახლა გამოცემას დიდი ტირაჟით.

სეოკ-მა გააგრძელა შარშან დანერგილი ტრადიცია და წლეულს საქართველოს 5 რეგიონში _ შიდა ქართლში, იმერეთში, კახეთში, აჭარასა და სამეგრელოში მოეწყო საყმაწვილო ოლიმპიური ენციკლოპედიის მასშტაბური პრეზენტაციები, რომლებშიც 2 ათასზე მეტი მოზარდი და სპორტის მოყვარული მონაწილეობდა _ ინტერესი იმდენად დიდი იყო, რომ 300-500-ადგილიანი დარბაზები ყველა მსურველს ვერ იტევდა. ამ ღონისძიებებში აქტიურად იყვნენ ჩართული ჩვენი სახელოვანი ოლიმპიელები, დიდი საერთაშორისო ტურნირების ჩემპიონები, რომელთა გამოჩენასაც, როგორც წესი, აღტაცებით ხვდებიან მოზარდები.

სესიის დელეგატებს წარუდგინეს "თბილისი-2015"-ის საპრეზენტაციო კლიპი, ასევე ვრცელი ვიდეომასალა, რომელიც მოიცავდა 1015 წლის მთავარ ოლიმპიურ მოვლენებს.

ყურადღების გარეშე ბუნებრივია არ დარჩენილან ოლიმპიურ ფესტივალზე და პირველ ევროპულ თამაშებზე წარმატებული ქართველი სპორტსმენები და მათი მწვრთნელები, სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელები. ლერი ხაბელოვმა, ნინო სალუქვაძემ, შოთა ხაბარელმა, ზურაბ ზვიადაურმა მათ გადასცეს სპეციალურად ფესტივალისთვის ეროვნული ბანკის მიერ მოჭრილი ვერცხლის მონეტები და სუვენირები.

ოლიმპიური ფესტივალის „ თბილისი 2015"-ის მომზადებასა და ჩატარებაში შეტანილი დიდი წვლილისთვის ლერი ხაბელოვმა საქართველოს ოლიმპიური ორდენით დააჯილდოვა თბილისის მერი დავით ნარმანია, „თბილისი 2015"-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსი ახვლედიანი, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი , ხოლო საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა ოლიმპიური ორდენი გადასცა თავად ლერი ხაბელოვს. ოლიმპიური მედალი მიიღეს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა, თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ლექვინაძემ, სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ აკაკი ლოდიამ და სხვებმა.

საქართველოს ოლიმპიური მედლით დაჯილდოვდნენ ასევე „თბილისი 2015"-ის თანამშრომლები, რომლებმაც წვლილი შეიტანეს ფესტივალის მაღალ დონეზე ორგანიზებაში.

ბუნებრივია, ყურადღების გარეშე არ დარჩენილან ოლიმპიურ ფესტივალზე და პირველ ევროპულ თამაშებზე წარმატებული ქართველი სპორტსმენები და მათი მწვრთნელები, სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელები. ლერი ხაბელოვმა, ნინო სალუქვაძემ, შოთა ხაბარელმა, ზურაბ ზვიადაურმა მათ გადასცეს სპეციალურად ფესტივალისთვის ეროვნული ბანკის მიერ მოჭრილი ვერცხლის მონეტები და სუვენირები.