ევროპული თამაშები გაიხსნა, ახლა საქმე!

12 ივნისი 2015

"ბაქო 2015" გაიხსნა! საქართველოს დელეგაციამ, მედროშის, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავის, ზურაბ დათუნაშვილის წინამძღოლობით ბაქოს ახალ, ოლიმპიურ სტადიონზე დამონტაჟებულ სცენას შემოუარა და გუნდებისთვის გამოყოფილ ტრიბუნაზე თავისი ადგილი დაიკავა. გახსნის ცერემონიალზე მოყოლით თავს აღარ შეგაწყენთ, რადგან "საზოგადოებრივი მაუწყებელი" პირდაპირ ეთერში გადასცემდა. მხოლოდ ერთს დავძენთ - ბაქოელებმა დაამტკიცეს, რომ აუცილებელი არ არის დასავლეთ ევროპელი იყო იმისათვის, რომ მასშტაბურ მოვლენას კარგი ორგანიზაცია გაუკეთო და საინტერესო სანახაობა დადგა. მაყურებლის სტადიონზე შეშვებით დაწყებული, საკუთრივ წარმოდგენით დამთავრებული, ყველაფერი მაღალ დონეზე ჩატარდა.

თუმცა, გახსნა გახსნად და საქართველოს დელეგაციას ცხელი დღეები ახლა ეწყება. ამიტომაც შეიკრიბნენ ოლიმპიური სტადიონისკენ გასვლის წინ პირველ ევროპულ თამაშებზე წარდგენილი იმ სახეობების ფედერაციათა ხელმძღვანელები და მწვრთნელები, რომლებიც "ბაქო 2015"-ის პირველ დღეებში ასპარეზობენ. მათ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი და მისიის ხელმძღვანელი ელგუჯა ბერიშვილი ესაუბრა. ფედერაციის ხელმძღვანელებმა ილაპარაკეს სპორტსმენების მომზადების შესახებ. გამოიკვეთა სხვა საკითხებიც.

12 ივნისს დილით ჩატარდა კენჭისყრა კარატეში, სადაც ირაკლი ტყებუჩავას (67 კგ) "ა" ჯგუფში აზერბაიჯანელი ნიაზი ალიევი, ესპანელი მანუელ რუის რასერო და ფრანგი სტივენ და კოსტა შეხვდნენ. შეჯიბრების ფორმატის თანახმად, ჯგუფში ყველა ყველას უნდა შეებრძოლოს, შემდეგ კი პირველ-მეორე ადგილებზე გასულები "ბ" ჯგუფის პირველ და მეორე ადგილებზე გასულებს ნახევარფინალში უნდა დაუპირისპირდნენ.

საქმეში ერთვებიან ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავენიც. თორმეტში, ოთხ წონაში ჩატარდა აწონვა, რის შემდეგაც ჩვენმა სპორტსმენებმა ივარჯიშეს.

ცამეტში იჭიდავებენ გიზო მელაძე (59კგ), მინდია წულუკიძე (71კგ), ლაშა გობიაძე (80 კგ) და მიხეილ ქაჯაია (98 კგ).
ამავე დღეს იასპარეზებს ბესიკ გავაშელი (ველოსპორტი).